როგორ ვიშვილოთ ბავშვი - მიგიყვანს რიგი შვილამდე? 

დღეს საქართველოში 2572 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული. გასაშვილებელის სტატუსი 200-ზე მეტ ბავშვს აქვს მინიჭებული. რატომ უწევთ პოტენციურ მშობლებს წლობით რიგში დგომა და რატომ იწელება ბავშვებისთვის გასაშვილებელის სტატუსის მინიჭება? ოფიციალური სტატისტიკის მიღმა, ჩვილების "ყიდვა-გაყიდვისთვის" არაერთი საქმეა აღძრული. რესპონდენტთა ნაწილის აზრით, ჩვილებით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები, შესაძლოა შვილად აყვანის რთულ და ხანგრძლივ პროცესთან იყოს კავშირში.

ნიკა, რომელიც „ჩუმად“ იშვილეს

ნიკა (სახელი შეცვლილია) 4 დღის იყო დედამ რომ გააშვილა. სამი შვილის დედას, რომელსაც ქმარი ციხეში ჰყავდა, მეოთხე შვილის გაზრდის საშუალება აღარ ჰქონდა და ახლობლების რჩევით, გადაწყვიტა, ბავშვი იმ ოჯახისათვის მიეშვილებინა, რომელიც მის გაზრდას შეძლებდა.

ნიკა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, შუამავლების საშუალებით, არაოფიციალური გზით, ანუ უკანონოდ იშვილა. ბავშვი სამშობიაროდან გამოწერისთანავე წამოიყვანეს. ნიკას გამზრდელი დედის და, თამარი, იხსენებს, რომ მისი და და სიძე, ნიკას ბიოლოგიურ დედას მთელი ორსულობის განმავლობაში აკითხავდნენ, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ქალსაც და მის მცირეწლოვან შვილებსაც: „ჩემს დას და სიძეს 9 წელი არ ჰყავდათ შვილი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რიგში დგომა დიდხანს მოუწევდათ, აპირებდნენ აღრიცხვაზე დადგომასაც. თუმცა, სწორედ ამ დროს დაუკავშირდნენ მათ ნაცნობები და შეატყობინეს, რომ ერთ-ერთ სოფელში ქალს გადაწყვეტილი ჰქონდა ბავშვის გაშვილება. ნიკას ბიოლოგიური დედის მიზანი ბავშვის „გაყიდვა“ არ ყოფილა. ქალს უნდოდა, რომ მისი შვილი კარგ ოჯახში გაზრდილიყო, რომელიც მას არაფერს მოაკლებდა, მიიღებდა სათანადო განათლებას. ჩემმა დამ ქალს მხოლოდ სიმბოლური თანხა გადაუხადა. მას შემდეგ 14 წელია ნიკა ჩვენი ოჯახის წევრია”

ცხრაწლიან რიგში ნაპოვნი 7 წლის ბიჭი

57 წლის ლია მუხაშავრია, ცხრა წელი იდგა შვილად აყვანის მსურველთა გრძელ რიგში. ის არც „ოქროსქოჩრიან და ცისფერთვალება ჩვილს“ ითხოვდა და არც „კენჭივით ჯანმრთელ ბიჭს“. კრიტერიუმები, რომელიც განაცხადის შევსებისას მონიშნა, იყო 3-დან 10 წლამდე ბიჭი. არ გაუმახვილებია ყურადღება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტოდან 2018 წელს, მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც ლიამ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, სპეციალური ტრენინგი გაიარა:

„ტრენინგი ლანჩხუთში გავიარე. სააგენტოში ამიხსნეს, რომ ყველა დარეგისტრირებული პირი, რომელსაც შვილის აყვანა სურს, ვალდებული იყო გაევლო ეს ტრენინგი. ცხადია, დავთანხმდი. ტრენინგს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ატარებდა, რომელიც ჩემი პროფესიის (იურისტი) გამო კარგად მიცნობდა და გაუკვირდა იქ რომ დამინახა. მოვუყევი ჩემი ამბავი, რომ 9 წელი ვიდექი რიგში. ტრენინგის დასრულებიდან ძალიან მალე დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს ბავშვი“.

ლიამ 7 წლის რუსთაველი ბიჭი იშვილა. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში, სხვა ოჯახში, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა:

„ისე მტკივა გული, ბიჭი რომ დაიბადა, მე უკვე ორი წლის დამდგარი ვიყავი აღრიცხვაზე, არადა, ბავშვის აყვანა მხოლოდ 7 წლის შემდეგ შევძელი და ბავშვი ამ ხნის განმავლობაში, გაურკვეველ გარემოსა და მოლოდინში იზრდებოდა. ის რომ უფრო ადრე მოსულიყო ჩემთან, უფრო პატარა, გაცილებით გაუადვილდებოდა ადაპტაცია. ყოველი წელი, რომელსაც ბავშვები დეზორიენტირებულ მდგომარეობაში ატარებენ, როდესაც მათ საბოლოო ნავსაყუდელი და ოჯახი არ აქვთ, ეს მათ ანგრევს სოციალურად, ფსიქოლოგიურად, ხდება განვითარების შეფერხება. სამწუხაროდ, მგონია, რომ შვილად აყვანის პროცედურები და პროცესი, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს. გასაგებია, რომ პროცესი სრულად კონფიდენციალურად უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა, ეს ფაქტორი ქმნის რისკსაც, რომ შესაძლოა, პროცესი კონტროლიდან გამოვიდეს და წარმოიქმნას კორუფციის საფრთხეც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემზე გვიან დადგნენ აღრიცხვაზე, თუმცა, მათ ჩემზე ადრე აიყვანეს ბავშვი“.

გოგო, რომელიც “შვილი” ვერ გახდა

35 წლის ნია (სახელი შეცვლილია) და მისი ქმარი, 7 წელი ელოდნენ შვილს. 3 წლის წინ, ნიამ გადაწყვიტა, რომ თანხა, რომელსაც მკურნალობისთვის ხარჯავდა, ერჩივნა იმ ბავშვისთვის მოეხმარებინა, რომელსაც ჯერ მინდობით აიყვანდა და თუკი კანონი ამის საშუალებას მისცემდა, შემდეგ შვილადაც აეყვანა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ორი განაცხადი დატოვა. ერთი განცხადებით მინდობით აღზრდის რიგში ჩადგა, მეორე განაცხადით კი შვილის აყვანის მსურველთა რიგში დარეგისტრირდა. ასე უთხრეს, თუკი ბავშვის მიმღები ოჯახი გახდებით, უფრო მეტი შანსი გექნება, რომ ის შვილადაც აიყვანოო.

ამდენიმე თვის შემდეგ, ნიას სოციალური მომსახურების სააგენტოდან დაუკავშირდნენ. სააგენტო 8 წლის გოგოსთვის მიმღებ ოჯახს ეძებდა:

„სამსახურში ვიყავი რომ დამირეკეს, დილა იყო. გოგო, რომელიც მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, ოჯახიდან წამოიყვანეს და მისთვის სხვა ოჯახს ეძებდნენ. მითხრეს, თუ შეგიძლია, რომ ბავშვი დღესვე მიიღოო. გამიკვირდა, რადგან როგორც ვიცოდი, მანამდე გარკვეული პროცედურები უნდა გაგვევლო, ერთმანეთი გაგვეცნო, მაგრამ საღამოს, სოციალურმა მუშაკმა გოგო თავისი მცირე ბარგით უკვე ჩვენთან მოიყვანა. ლაპარაკისას შეფერხებები ჰქონდა. სოციალურ სააგენტოში გაკვრით მითხრეს, იმ ოჯახიდან რომ წამოვიყვანეთ, ინერვიულაო. ბავშვის პირადი საქმე მოვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს, არ მომცეს. არ ვიცოდი, რატომ წამოიყვანეს მიმღები ოჯახიდან და დღემდე არ ვიცი, რა სტრესი ჰქონდა გადატანილი, არ ვიცოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი. მე თავად დავიწყე ბავშვის გამოკვლევა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა. ვამოწმებდი მისი პირადი ნომრით, ხომ არ იყო გახსნილი რომელიმე კლინიკაში მისი ჯანმრთელობის ისტორია. მოვიარე პოლიკლინიკების ქსელები. იქნებ რაიმე პრობლემა ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდა“.

ნია და გოგო თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ერთმანეთთან დაახლოებას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები ჰქონდა, როგორც კლასელებთან, ისე მასწავლებლებთან, ნია ცდილობდა, რომ ეს პრობლემები ერთად მოეგვარებინათ. რამდენიმე თვის შემდეგ ნიამ გოგოს ოთახში დღიური იპოვა:

„ბავშვი წერდა, რომ ენატრებოდა ის ოჯახი, სადაც ჩვენამდე ცხოვრობდა. მათ დედას და დებს უწოდებდა. წერდა, რომ მისი თავი ოჯახს მე და ჩემმა ქმარმა წავართვით და ამის გამო ვძულდით. იმ სოციალური მუშაკის მიმართ კი, რომელმაც ბავშვი მიმღები ოჯახიდან გამოიყვანა, ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი და დაგეგმილი ჰქონდა, როგორ უნდა გასწორებოდა მას, როცა გაიზრდებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი შემიმჩნევია. ყველაზე მეტად იმან შემაწუხა, რომ ბავშვი პირად ურთიერთობებში არ იყო აგრესიული, პირიქით. დღიურში კი სულ სხვა რამეს წერდა“.

ნიამ ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფსიქოლოგმა ნიას და მის ქმარს ურჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ბავშვი მცირე, საოჯახო ტიპის სახლში, მისი თანატოლების გარემოში გააგრძელებდა ცხოვრებას.

ნია ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს თვეების განმავლობაში არ მოუკითხავთ ბავშვი, როგორ ცხოვრობდა, როგორ გრძნობდა თავს. ნია სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდა და ბავშვისთვის სათანადო საოჯახო ტიპის სახლის მოძებნა სთხოვა: „სოციალური მომსახურების სააგენტოში აგრესიულად დამხვდნენ. კიდევ ერთხელ მოვითხოვე ბავშვის პირადი საქმე, თუმცა, ისევ უარი მივიღე. საბოლოოდ, სააგენტო დაგვთანხმდა, რომ ბავშვისთვის შესაფერისი საოჯახო ტიპის სახლი მოეძებნათ. როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგ პირობებში იცხოვრებდა, მხოლოდ მას შემდეგ გადავიყვანეთ. მას შემდეგ არაერთხელ ჩავაკითხეთ, თუმცა, ნელ-ნელა ვატყობდი, რომ ჩვენი მისვლა დიდად არ უხაროდა. მთელი შვიდი თვის განმავლობაში, როცა ბავშვი ჩვენთან ცხოვრობდა, არავინ დამეხმარა, რომ ბავშვის შესახებ მიმეღო უფრო მეტი ინფორმაცია, უკეთ გამეცნო ის და დავხმარებოდი მას. გამოვიდა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ და ბავშვმა ერთმანეთს სტრესი მივაყენეთ“.

რატომ ვერ იღებს 8 წლის ბიჭი გასაშვილებელი ბავშვის სტატუსს?

8 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) დაბადებიდან მინდობით აღზრდაში იმყოფება. იცის, რომ ამ ოჯახში დროებით ცხოვრობს და მუდმივად ელოდება დედას, რომელმაც ის 2 თვის ასაკში დატოვა და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. მიმღები ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დედას ბავშვი მას შემდეგ აღარ უნახავს.

მიმღები ოჯახი უკვე ორი წელია ითხოვს, რომ გიორგის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი მიენიჭოს, რათა ბავშვმა იპოვოს მუდმივი ოჯახი. თუმცა, როგორც მიმღები ოჯახის წევრი ამბობს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში განუმარტავდნენ, რომ ბავშვის დედა, რომელსაც თითქმის 8 წელია ბავშვი აღარ უნახავს, სააგენტოს ამ სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურების დაწყების საშუალებას არ აძლევდა:

„3 წლის იყო გიორგი ჩვენთან რომ გადმოიყვანეს. მანამდე სხვა ოჯახში ცხოვრობდა. მეზობელმა უთხრა ჩემს დედამთილს, ძალიან ცუდ პირობებში უწევს ბავშვს ცხოვრება და იქნებ დროებით შენ აიყვანოო. ჩემი დედამთილი დათანხმდა ბავშვის დროებით მიღებას, მაგრამ მას შემდეგ, უკვე 5 წელი გავიდა.თავიდანვე ვიცოდით, რომ ბავშვი დროებით უნდა ყოფილიყო ჩვენთან, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ბავშვის 18 წლამდე დატოვება, ვერ ავიღებდით ამაზე პასუხისმგებლობას. ბავშვს სჭირდება პატრონი, რომელიც მასთან გაატარებს დღის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ კი ყველანი ვმუშაობთ და ამის საშუალება არ გვაქვს. არ გვინდა, რომ ბავშვი წაიყვანონ და ისევ სხვა ოჯახს მიუყვანონ დროებით აღსაზრდელად. გვინდა, რომ მას მიანიჭონ ან გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, ან მოიძიონ ბიოლოგიური დედა, რომელიც მათი თქმით, არ აძლევს სააგენტოს ბავშვის გაშვილების უფლებას. სანამ მაღალი თანამდებობის პირი არ ჩაერია საქმეში, მანამდე სააგენტომ არ დაიწყო სასამართლო პროცესი ბავშვის ბიოლოგიური დედისთვის მშობლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა. იმედია, დიდხანს არ გაიწელება. სახელმწიფოს ინტერესში ხომ უნდა შედიოდეს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაშვილდნენ ბავშვები, შეიძინონ ოჯახები, სადაც თავს იგრძნობენ გაცილებით კარგად, მშვიდად, ოჯახურ გარემოში და ეცოდინებათ, რომ ეს არის მათი ნამდვილი ოჯახი“.

რას ამბობს შვილად აყვანის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება?

გიორგი კუპრეიშვილი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელს კონკრეტულ საქმეებზე კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან ამბობს, რომ ეს საქმეები შესწავლას და იმ ხარვეზების დადგენას (თუკი ასეთი არსებობს) მოითხოვს, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლების რესპონდენტები ყვებიან.

რაც შეეხება სისტემაში არსებული სიტუაციის ზოგად შეფასებას, გიორგი კუპრეიშვილი ამბობს, რომ დღეს, საქართველოში მოქმედებს ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებული შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონი, რომელიც სრულად იცავს როგორც შვილად აყვანის მსურველთა ისე გასაშვილებელის სტატუსის მქონე ბავშვების უფლებებსა და პროცედურებს.

თუკი ამ შემთხვევაში, შვილად აყვანის საკითხზე შევჩერდებით, გიორგი კუპრაშვილის სიტყვებით, ხანგრძლივი მოლოდინის რიგი, რომლის შესახებაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, პირობითია. როგორც ის ამბობს, შესაძლოა, გაცილებით გვიან დარეგისტრირებულმა მსურველმა უფრო მალე აიყვანოს შვილი, ვიდრე პირმა, რომელიც წლებია რიგში დგას. გიორგი კუპრეიშვილის თქმით, ეს პროცესი დამოკიდებულია შვილად აყვანის მსურველთა კრიტერიუმებზე, მოთხოვნებსა და თავსებადობაზე:

„დიახ, ნამდვილად არიან მშვილებლების კანდიდატები, რომლებიც წლებია რიგში დგანან, რადგან, მათ მიერ მონიშნულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ის ბავშვები, რომლებსაც გასაშვილებლის სტატუსი აქვთ მინიჭებული“.

მშვილებლებისა და გასაშვილებელთა სტატისტიკა

  • დღეს საქართველოში 2572 მშვილებელი პირი/ოჯახია დარეგისტრირებული;
  • გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი აქვს 200-ზე მეტ ბავშვს;
  • 116 ბიჭია, 94 - გოგო;
  • მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა, 156 ბავშვი განსხვავებული საჭიროების მქონეა;
  • 23 ბავშვი კი გაშვილების წინააღმდეგია;
  • მშვილებელთა რიგში პირველი დგას 2001 წელს, გალში დარეგისტრირებული პირი. როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მასთან დაკავშირება 2018 წელს სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.
  • გაშვილებას 2002 წლიდან ელოდება 18 წლის ბიჭი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
  • 2019 წელს გასაშვილებელი სტატუსი მიენიჭა 23 ბავშვს; 2020 წელს ერთ ბავშვს;
  • 2018 წელს გაშვილდა 82 ბავშვი. მათ შორის 8, განსხვავებული საჭიროების მქონე; 2019 წელს - გაშვილდა 55 ბავშვი, მათ შორის 4 განსხვავებული საჭიროების მქონე;
  • 2019 წელს დარეგისტრირდა 66 მშვილებელი პირი/ოჯახი; 2020 წელს 5 პირი/ოჯახი;
  • მშვილებელთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული პირების/ოჯახების უმრავლესობის მოთხოვნას წარმოადგენს 0-დან 2 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვი;

ბიჭი, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და წარმოსახვით დედას სიმღერებს უძღვნიდა

ლევან ჩახაიამ ბავშვთა სახლში 4 წელი საკუთარი გადაწყვეტილებით გაატარა. ამბობს, რომ მისი მომავლისთვის ასე ჯობდა. 14-დან 18 წლამდე კოჯრის ბავშვთა სახლში იცხოვრა. არასდროს გაუწყვიტავს კავშირი ბიოლოგიურ ოჯახთან. ლევანს ახლა საკუთარი ოჯახი ჰყავს. ლევანმა და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მოძრაობა“ და იმ ახალგაზრდებს ეხმარებიან, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, დატოვეს ბავშვთა სახლები და ყოველდღიური გამოწვევების წინაშე მარტო აღმოჩდნენ. ლევანს კარგად ახსოვს ის ბავშვები, რომელთა გვერდითაც კოჯრის ბავშვთა სახლში 4 წელი გაატარა და რომლებიც მისი თქმით, მუდმივად ელოდნენ დედას ან იმ ადამიანს, რომელიც მათ დედას შეუცვლიდა:

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ჩახაია შვილად აყვანის შესახებ

როგორ და ვის ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი?

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის“ შესახებ კანონის თანახმად, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:

  • რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • რომელიც არის ობოლი;
  • აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;
  • რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;
  • რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე;
  • ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული შეზღუდვები
  • აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება;
  • აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა;
  • მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა;
  • მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
  • დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;
  • მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ ახალი კანონი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, რომელიც 2017 წლის მაისში ამოქმედდა, განისაზღვრა კონსულტაციის აუცილებლობა იმ მშობლისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბავშვის მიტოვება. გიორგი კუპრეიშვილის თქმით, ასეთ მშობელს სახელმწიფო სთავაზობს კონკრეტული პროგრამებს: „გვაქვს შემთხვევები, როდესაც ამ კონსულტაციების შემდეგ მშობელმა გადაიფიქრა ბავშვის მიტოვება“.

ამავე კანონის თანახმად, როგორც მშვილებელი ოჯახი, ისე მიმღები ოჯახი, ვალდებულია გაიაროს მოსამზადებელი კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოიხსნებიან სარეგისტრაციო სიიდან.

სატრენინგო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შვილად აყვანის არსი; საქართველოს კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ; შვილად აყვანის გავლენა მშვილებელსა და ბავშვზე; ბავშვთა უფლებები; მიჯაჭვულობის მნიშვნელობა; მეთოდები; საუბარი ბავშვთან შვილად აყვანის შესახებ; აღზრდის სტილი; დისციპლინა და დასჯა; დანაკარგი და მწუხარება შვილად აყვანის შემდეგ; ძალადობა ბავშვების მიმართ; რეაგირება ძალადობაზე; ბავშვის განვითარების თავისებურებები და სხვა.

კანონმდებლობის მიხედვით: 2018 წლის პირველ იანვრამდე რეესტრში აღრიცხვაზე მყოფმა მშვილებლებმა, სავალდებულო მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ და შესაბამისი სერტიფიკატი წარადგინონ 2020 წლის 1 იანვრამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში.

2018 წლის პირველი იანვრიდან შვილად აყვანის მსურველებმა უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და სერტიფიკატი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, მშვილებელ კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, უნდა წარადგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში.

ბავშვები, რომლებსაც „ყიდიან და ყიდულობენ“

თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, შვილად აყვანის მიზნით უკანონო გარიგების 14 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.

ამ შემთხვევებს, მეთხუთმეტე საქმე 2020 წელს დაემატა. ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც 31 იანვარს კლინიკა „ბეიბიში“ იმშობიარა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბავშვის გაშვილება გადაწყვიტა. თუმცა, გაშვილების გარიგებაში ფარულად ჩაერთო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. სამშობიაროდან გამოწერის დღეს - 6 თებერვალს გაშვილების საქმის 7 მონაწილე დააკავეს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ როგორ ჩაიშალა ბავშვის გაშვილების სქემა - რას ამბობენ ადვოკატები

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 3 აპრილსაა დანიშნული. ახალგაზრდა ქალის ადვოკატის ნათელა ჩერქეზიას თქმით, ქალი განიცდის თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ გაჭირვების გამო გადადგა: „გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი პირდაპირ თავის მშობლიურ სახლში, სოფელში წავიდა. ტრანსპორტში რომ ჯდებოდა, მითხრა, ჩემი შვილი მუცელშივე მიყვარდა, მაგრამ ვიცოდი, მე ვერ მოვუვლიდი და მინდოდა, ნორმალურ ოჯახში გაზრდილიყოო“.