„ოპერაცია პუშკინი“ - როგორ იპარავდნენ უნიკალურ რუსულ წიგნებს ქართველები ევროპაში

პუშკინის მონუმენტი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპის ათამდე ბიბლიოთეკიდან 2 მილიონი ევროს ღირებულების რარიტეტული გამოცემებია მოპარული. ქურდების ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ქართველებიც არიან.

რადიო თავისუფლება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცდილობს აღადგინოს სურათი, როგორ ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ბიბლიოთეკების ფონდებს ორი წლის განმავლობაში.

მედია ამ ამბის გაშუქებისას წერდა, რომ ეს იყო წიგნების ყველაზე დიდი ძარცვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და ფინეთის ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლების, ძირითადად პუშკინის ადრეული გამოცემებია დაკარგული.

ევროპული ბიბლიოთეკების ფონდებიდან ათობით წიგნის მოპარვას „ოპერაცია პუშკინი“ შეარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მძარცველებმა პუშკინის გარდა წაიღეს სხვა რუსი ავტორების, ლერმონტოვის, გოგოლისა და დოსტოევსკის წიგნები, მათ ნაცვლად კი გაყალბებული ასლები დატოვეს. წიგნის მძარცველებმა უმეტეს შემთხვევაში მოახერხეს მოპარული რარიტეტების უსაფრთხო ადგილას გადამალვა - მათგან რამდენიმე რუსულ აუქციონებზე გატანილ წიგნებს შორის ამოიცნეს.

ეს ქურდობა შეადარეს გვირგვინიდან ძვირფასი თვლების ამოცლასაც - ბიბლიოთეკები, რომლებმაც ძვირფასი გამოცემები დაკარგეს, ამ წიგნებს განადგურებისგან ათწლეულების განმავლობაში იცავდნენ - მსოფლიო ომებისა და პოლიტიკური კატაკლიზმების პარალელურად.

ვარშავის ბიბლიოთეკაში დაცული პუშკინის "კავკასიელი ტყვის" პირველი გამოცემის ასლი, ორიგინალი გამოცემულია 1822 წელს.

2023 წლის ნოემბერში, როცა საფრანგეთში „წიგნებზე მონადირე“ ორი ჯგუფის წევრების ვინაობა გაშიფრეს, გაირკვა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ მანამდე პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებში მომხდარ ქურდობებთან. ასე გაირკვა, რომ „ინტელექტუალური ქურდობის“ უკან თაღლითების ორგანიზებული ჯგუფი იდგა. ამ ჯგუფის წევრებზე არც ქართველი და არც ევროპელი სამართალდამცველები ჯერ ბევრს არაფერს ამბობენ - გამოძიება გრძელდება და დაკავებულების ადვოკატებსაც გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული. დადასტურებით შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველა, ვინც ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით არის ჯერჯერობით დაკავებული, საქართველოს მოქალაქეა.

ძარცვა პარიზსა და ლიონში

2023 წლის 20 ნოემბერს საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე, ორი ქალი და ერთი კაცი დააკავეს რარიტეტული წიგნების მოპარვის ბრალდებით. გამოძიება მათ კრიმინალური ჯგუფის წევრებად მიიჩნევს და საფრანგეთის რამდენიმე ბიბლიოთეკიდან პუშკინის ავტორობით გამოცემული ძველი წიგნების ქურდობას ედავება. ქართველი მძარცველების ასაკია 24, 26 და 44 წელი. ქალები ერთი ოჯახის წევრები არიან. საფრანგეთში ამ ჯგუფმა სავარაუდოდ პირველად ლიონში იქურდა 2023 წლის 3 ივლისს.

ამ დღეს 30 წლამდე კაცი, გაუპარსავი წვერით და ზოლიანი მაისურით ბიბლიოთეკაში მივიდა როგორც ლიტერატურის სტუდენტი, გამოითხოვა პუშკინის მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემული 10 წიგნი და სამკითხველო დარბაზში დაჯდა სამუშაოდ. ორი საათის შემდეგ ამავე დარბაზში შევიდა სხვა კაცი, რომელმაც ბიბლიოთეკარს რაღაც ჰკითხა ინგლისურად - სანამ ის მკითხველს პასუხობდა, „ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტმა“ ძვირფასი წიგნები ბიბლიოთეკიდან გაიტანა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ლიონის ბიბლიოთეკაში გაყალბებული ბელგიური პირადობის მოწმობა გამოიყენა. მოპარული წიგნებიდან ერთ-ერთია „ბორის გოდუნოვის“ 1825 წლის პირველი გამოცემა. ამ რარიტეტული წიგნის საწყისი ფასი რუსულ აუქციონზე 70 000 ევროა.

ამ შემთხვევას მოჰყვა 10 ოქტომბერს ქურდობა პარიზში, მე-13 ოლქში აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციის ეროვნულ ინსტიტუტში, საიდანაც ორმა მძარცველმა ღამით რამდენიმე ათეული ხელნაწერი გაიტაცა და ავტომობილით მოახერხა გაქცევა.

მძარცველებიდან ერთ-ერთი ამჯერად გაყალბებული ბულგარული პასპორტით შევიდა ბიბლიოთეკაში, როგორც პუშკინის ლიტერატურით გატაცებული სტუდენტი.

გამოძიებამ პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში კალამსა და ტყავის ქამარზე დატოვებული იდენტური დნმ აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ მძარცველები ერთი და იგივე ადამიანები არიან. სავარაუდოდ, იგივე ხალხი მონაწილეობდა შვეიცარიაში, ჟენევაში პუშკინის გამოცემების ქურდობაშიც - ამ დანაშაულისთვის იძებნებოდა 24 წლის საქართველოს მოქალაქე მის თანამზრახველთან ერთად. ჟენევის ბიბლიოთეკიდან გამქრალია პუშკინის მე-19 საუკუნეში გამოცემული ანთოლოგია.

ამ ახალგაზრდა მძარცველების გარდა საფრანგეთში რუსულ რარიტეტულ გამოცემებზე უფრო დახვეწილი და უსაფრთხო მეთოდებით „ნადირობდა“ მძარცველთა სხვა ჯგუფიც. ამ ჯგუფის იდენტიფიცირებული წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

„დახვეწილ მძარცველთაგან“ ერთი, 48 წლის მიხეილ ზ., 2023 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 40-ზე მეტჯერ ესტუმრა პარიზის სხვადასხვა ბიბლიოთეკას პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლისა და დოსტოევსკის წიგნების გასაცნობად - დამტვრეული ფრანგულით ის ბიბლიოთეკარებს უხსნიდა, რომ მუშაობდა კვლევაზე „დემოკრატია მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში“ და სარგებლობდა მათი სამკითხველო დარბაზებით. „თემაზე მუშაობისას“ მან იშვიათი გამოცემები მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლა. 9 წიგნიდან 7-ის ასლი თითქმის უზადოდ არის შესრულებული - ნაძარცვის ღირებულება 650 000 ევროს აღწევს.

მიხეილ ზ. 2023 წლის 8 ნოემბერს ბელგიის აეროპორტში დააკავეს - გამოძიება ეჭვობს, რომ ის მონაწილეობდა არა მხოლოდ პარიზის, არამედ ვარშავისა და ვილნიუსის ბიბლიოთეკების ძარცვაშიც. ფრანგული მედიის ცნობით, კაცი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა: რჩებოდა სასტუმროებში, სადილობდა რესტორნებში, მგზავრობდა ტაქსით.

საფრანგეთის პოლიცია თვლის, რომ მიხეილ ზ.-ს ჰყავდა თანამზრახველიც, ვინმე ვალერიან რ. მისი ვიზიტები საფრანგეთის ბიბლიოთეკებში ემთხვეოდა მიხეილ ზ.-ს ვიზიტებს სამკითხველო დარბაზებში. ისიც რუსული წიგნებით იყო დაინტერესებული და, გარდა ამისა, მის ტელეფონში პოლიციამ ამ წიგნებისთვის გადაღებული ფოტოები და გამოცემების დეტალური აღწერები იპოვა, კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ ზომავს ის სახაზავით რარიტეტულ გამოცემებს. პოლიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ჩანაწერების, ნახაზებისა და ფოტოების დახმარებით დამზადდა წიგნების ზუსტი ასლები. ტელეფონში აღმოჩენილ საუბრის ჩანაწერებში ის ამბობს, რომ ასლების დამზადებას 2-3 კვირა სჭირდება, ის წიგნები კი, რაც მან ლიონში ნახა, ოცი ათას ევრომდე მოგებას მოუტანს.

პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სამკითხველო დარბაზი

58 წლის ვალერიან რ. რომელიც საფრანგეთში ტურისტის სტატუსით ჩავიდა, როგორც ძველი წიგნების გამყიდველი და ანტიკვარიატით მოვაჭრე, საქართველოში მძღოლად მუშაობდა. საფრანგეთის პოლიციისთვის მიცემული ჩვენება მან რამდენჯერმე შეცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, მას ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა, ვინაიდან რუსული წიგნების ასეთი გამოცემები საქართველოში იშვიათობაა. სხვა ჩვენებაში ის ამბობს, რომ რარიტეტული გამოცემების ასლებს საქართველოში გასაყიდად ამზადებდა. გამოძიების ვერსიით, მძარცველს ბიბლიოთეკებიდან წიგნები გამოჰქონდა და ასლები შეჰქონდა ხელის სახვევით, რომელიც ისე ჰქონდა აკრული, რომ თაბაშირში ჩასმულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

რადიო თავისუფლებას საფრანგეთის პოლიციაში უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დასრულებამდე დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ. ვალერიან რ.-ს ადვოკატმა პარიზში - დილან სლამამ კი გვითხრა, რომ მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და ამ თემაზე ლაპარაკი არ შეუძლია.

საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არც ქართული სახელმწიფო უწყებები გასცემენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალქეების საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულები მათი კომპეტენციის სფერო არ არის, პროკურატურაში კი მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქართველო ჩართულია ამ ტრანსნაციონალური გამოძიებაში და ამ ეტაპზე არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

პარიზსა და ბრიუსელში წიგნის ქართველი ქურდების დაკავების შემდეგ, საკუთარი ფონდების გადამოწმება დაიწყეს ევროპის მსხვილმა ბიბლიოთეკებმა, სადაც რუსი მწერლების იშვიათი გამოცემები ინახება - გადამოწმებისას დანაკლისი 2024 წლის იანვარში აღმოჩნდა ბერლინის ბიბლიოთეკაშიც, რომლის ფონდიდან გამქრალია 1827-1831 და 1914-1917 წლებში, რუსეთსა და საქართველოში გამოცემული რუსულენოვანი წიგნები.

ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველაზე დიდი ძარცვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

პარიზში საქართველოს მოქალაქეების დაკავების პარალელურად, 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარულია ათობით წიგნი, რომელთა ღირებულება 500 000 ევროს აღემატება. როცა პოლონეთის პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო, მოპარული წიგნების ნაწილი უკვე გაყიდული იყო რუსულ ლიტერატურულ აუქციონებზე.

ვარშავის პოლიციამ გამოძიება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოთხოვნით დაიწყო 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა ვიზიტორმა წასაკითხად აღებული 8 წიგნის ნაცვლად ბიბლიოთეკას მათი ასლები დაუბრუნა. გამოძიებისას, როცა მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის ფონდი შეამოწმეს, გაირკვა, რომ ფონდებიდან გამქრალი იყო პუშკინისა და გოგოლის პირველი გამოცემების არა 8, არამედ 78 წიგნი.

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანა ვოლოდკო სამსახურიდან გაათავისუფლეს სამსახურებრივი გულგრილობის გამო, გამოძიებამ კი თქვა, რომ ქურდები, ყველაზე ცოტა, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის 16 ოქტომბრამდე ძარცვავდნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ანა ვოლოდკოს შემცვლელმა, იოლანტა ტაბლიერსკამ პოლონელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იყო „ყველაზე დიდი ძარცვა ვარშავის ბიბლიოთეკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. რადიო თავისუფლება ცდილობს მასთან ინტერვიუს ჩაწერას.

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მძარცველებმა პოლონეთის ბიბლიოთეკიდან მოიპარეს, დაცული იყო ორი მსოფლიო ომისა და ორი ეროვნული აჯანყების პირობებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის ბიბლიოთეკის მცველებმა ორმაგი ჭერი გაუკეთეს შენობას, რომ წიგნები ბომბებისა და ხანძრისგან დაეცვათ.

ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

პოლონეთის ბიბლიოთეკის ქურდობის საქმეში ორი ბრალდებულია - ქალი და კაცი, სასამართლოში მათი საქმის განხილვა დასრულებული არ არის. ორივე საქართველოს მოქალაქეა.

ძარცვა რუსეთის ცენზურის ისტორიის შესწავლის ნაცვლად ესტონეთში

პოლონეთამდე მძარცველებმა ბალტიის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან გაიტანეს რარიტეტული გამოცემები. 2022 წლის დეკემბერში ესტონური მედია წერდა, რომ რუსული იშვიათი გამოცემების ქურდებმა ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც გაძარცვეს, საიდანაც 158 000 ევროს ღირებულების 8 იშვიათი გამოცემა მოიპარეს. მეცხრამეტე საუკუნის წიგნები მძარცველებმა ასლებით ისე ოსტატურად ჩაანაცვლეს, რომ ეს ქურდობა მხოლოდ 5 თვის შემდეგ აღმოაჩინეს.

ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვაში პარიზის ბიბლიოთეკის მძარცველი და ბელგიაში დაკავებული, 48 წლის მიხეილ ზ.-ა ეჭვმიტანილი, რომელსაც ბრალი 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა ესტონეთის პროკურატურამ დაუსწრებლად, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის. ის და მისი სავარაუდო თანამზრახველი, ბიბლიოთეკის ვიზიტორების ჩანაწერების მიხედვით, ქურდობამდე 10 დღით ადრე ყოველდღე დადიოდნენ ბიბლიოთეკაში.

„აპრილში ორი კაცი, ერთი შედარებით ასაკოვანი და ერთიც ახალგაზრდა, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერების განყოფილებაში მივიდნენ და თქვეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში ცენზურისა და ბეჭდვითი პოლიტიკის საკითხების შესწავლით. სამკითხველო დარბაზში ათდღიანი მუშაობის შემდეგ, წიგნები, რომლებზეც ისინი მუშაობდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ასლებით იყო ჩანაცვლებული“, - წერდა გამოცემა Tartu Postimees.

კიდევ ერთი ესტონური გამოცემა, ohtuleht-ი კი ჰყვება, რომ მძარცველებს ჰქონდათ „ლეგენდა“. ამ ლეგენდის თანახმადაც, 30 წლამდე ახალგაზრდა უკრაინიდან დევნილი იყო, რომელიც სწავლის გაგრძელებას შეერთებული შტატების ერთ-ერთ უნივერსიტეტში აპირებდა, 50 წლამდე კაცი კი - მისი ბიძა, რომელიც ძმისშვილს კვლევებში ეხმარებოდა.

"ევგენი ონეგინის" პირველი გამოცემა

ესტონეთი ბალტიის ერთადერთი ქვეყანა არ ყოფილა, რომლის ბიბლიოთეკებშიც მძარცველებმა რუსი ავტორების წიგნები მოიპარეს. 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ 17 იშვიათი რუსული წიგნი მოიპარეს ლიეტუვაშიც, ვილნიუსის ეროვნული ბიბლიოთეკიდანაც - აქაც სავარაუდო დამნაშავე 48 წლის ქართველი მიხეილ ზ.-ია. ლიეტუველი გამომძიებლების ინფორმაციით, მოპარული წიგნების სავარაუდო ღირებულება 440 000 ევრო იყო.

სად მიდის ევროპული ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნები?

ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნების არასრული სია ასეთია: ალექსანდრე პუშკინის 1826 წლის გამოცემა, მიხაილ ლერმონტოვის რომანის, „ჩვენი დროის გმირის“ 1826 წლის გამოცემა, ნიკოლაი გოგოლის 1841 წელს გამოცემული „ინსპექტორი“, პუშკინის პიესა „ბორის გოდუნოვი“ - 1981 წლის გამოცემა და ასევე, „პუგაჩოვის ისტორია“. მოპარულია უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ლექსების 1840 წლის გამოცემაც.

ევროპული ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნების საბოლოო დანიშნულება, სავარაუდოდ, რუსი კოლექციონერების ფონდებია - ეს გამოცემები რუსულ ლიტერატურულ აუქციონებზე ათასობით ევროდ იყიდება.

ვარშავის ბიბლიოთეკიდან მოპარული წიგნების გაყალბებული ასლები

იმ დროს, როცა მოპარული წიგნები ჯერ კიდევ ევროპული ბიბლიოთეკების საცავებში ირიცხებოდა, ერთ-ერთი რარიტეტული გამოცემა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში მოსკოვში Litfond-ის გამართულ აუქციონზე 30 500 ევროდ იყო გატანილი, ვარშავის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ვარშავის უნივერსიტეტის ბეჭდებით და კატალოგის ნომრებით ამოიცნეს.

2023 წლის ნოემბერში ლიტფონდმა აუქციონზე გამოიტანა პუშკინის იშვიათი გამოცემების 10 ტომი, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონი რუსული რუბლი იყო. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როცა პუშკინის სიცოცხლეშივე გამოცემული ყველა წიგნი ერთ აუქციონზე იქნა გატანილი - ამ წიგნებიდან განსაკუთრებით მაღალი ფასი ჰქონდა პუშკინის 1826 წელს გამოცემული წიგნების კრებულს. ეს სწორედ ის წიგნია, რომელზეც ევროპაში წიგნის ქურდები გამალებით „ნადირობდნენ“. 6 მილიონ რუბლად იყიდა (67 170$) ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“ ანონიმმა კოლექციონერმა გასულ წელს ერთ-ერთ რუსულ აუქციონზე.

ლერმონტოვის პორტრეტი მისი ერთ-ერთი გამოცემიდან

წიგნები, რომლებიც ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოიპარეს, ძალიან მაღალ ფასად იყიდება არამხოლოდ რუსულ აუქციონებზე - მაგალითად, „ევგენი ონეგინის“ პირველი გამოცემა 580 000 დოლარად გაიყიდა 2019 წელს სოტბის აუქციონზე.

ფრანგული გამოცემა Journal du Dimanche წერს, რომ ევროპის ქვეყნებში რუსი ავტორების უნიკალური წიგნების ორგანიზებული ქურდობის უკან შეიძლება იყოს ორი მოტივი: მათი გაყიდვა რუსულ აუქციონებზე და რუსული გამოცემების რუსეთში დაბრუნება. შვეიცარიული გამოცემა, რომელიც ჟენევის ბიბლიოთეკის ძარცვაზე წერდა, ხაზგასმით აღნიშნავდა იმასაც, რომ მოპარული წიგნების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საყვარელი ავტორების ნაწარმოებების გამოცემებია.

ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს მასწავლებლის ჯილდოს ლაურეატებთან შეხვედრისას თქვა, რომ ლერმონტოვის ლექსები მისი სამაგიდო წიგნია, რომელსაც ხშირად კითხულობს, იმისათვის, რომ გაინიავოს ტვინი და გადაინაცვლოს „ლამაზ, საინტერესო სამყაროში“. ლერმონტოვი მას იზიდავს არა მხოლოდ როგორც პოეტი, - სამხედროც, რომელიცმ მისი თქმით, „ყოველთვის მზად იყო სამშობლოსთვის თავი გაეწირა“. რაც შეეხება პუშკინს, მას პუტინი ეროვნულ გმირად მიიჩნევს. მისი ბრძანებით, „პუშკინის დღე“ 1997 წლიდან სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსს ატარებს.