მე დაგეხმარებით მომგებიანად დააბანდოთ ფული - რუსი ბროკერები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე

ბინების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, რემონტი, ინტერიერის დიზაინი, მასალების და ავეჯის შერჩევა-ჩამოტანა, რემონტისთვის საჭირო აპარატურის გაქირავება, ავეჯის დამზადება - ყველა ამ და კიდევ ბევრ სხვა სერვისს საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები ახლა უკვე ისევ რუსეთის მოქალაქეებისგან ყიდულობენ.

ბოლო თვეებში ინტერნეტში ათობით პლატფორმა გაჩნდა, სადაც რუსეთიდან საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოსულები რჩევებს აძლევენ მათ, ვისაც ეს გზა ახლა აქვს გასავლელი. როგორ მოიკიდონ ფეხი საქართველოში, სად დააბანდონ ფული მომგებიანად, როგორ აიცილონ ის უსიამოვნებები, რაც ადგილობრივ, დაბალკვალიფიციურ ხელოსნებთან თანამშრომლობისას ელოდებათ - რჩევები პრაქტიკული და გამოცდილებაზე დაფუძნებულია. შეიქმნა კომპანიებიც, რომლებიც იურიდიულ და საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც საქართველოში აპირებს ცხოვრებას ან ბიზნესის დაწყებას.

„ქართველი მშენებლები, რომ იციან, ისინი უკეთეს ფასს იხდიან, შეეკრნენ რუს და უკრაინელ მაკლერებს და ჩვენ ვართ გაჩერებულები. თუ რამე გავარტყით თვეში ერთხელ და ერთი ბინა გავყიდეთ, არ იცით, როგორი ზეიმია. მივდივართ მშენებარე კორპუსებთან, გვეუბნებიან, რომ უკვე ყველა ბინა გაყიდულია. კოლოსალურ ფასებს იხდიან ბინებში, არ იცით, რამდენი ფულით არიან ჩამოსულები”, - გვეუბნება თამარ თოიძე, უძრავი ქონების აგენტი ბათუმიდან, რომელიც წლებია ამ სფეროში მუშაობს და უფრო და უფრო უჭირს ბინის პოვნა თავისი ქართველი კლიენტებისთვის. თამარი უკვე თვეზე მეტია ეძებს კლიენტებისთვის ერთსაძინებლიან ბინას, რომლის ფასიც 60 000$-ს არ უნდა აღემატებოდეს და ორსაძინებლიან ბინას გრძელვადიანი ქირისთვის 800$-ად.

„რუსული კომპანიები ამ სფეროში მართლაც ბევრია, მათი დიდი ნაწილი გასულ წელს გაიხსნა, ჩვენ უფრო ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ვიდრე ქართული კომპანიების და ბროკერების. ჩვენ ქართველ კლიენტებთან თითქმის არ ვმუშაობთ, ქართული კომპანიები რუსულენოვან კლიენტებთან ერიდებიან მუშაობას. ჩვენი კლიენტები ძირითადად არიან რუსები, ბელარუსები, უკრაინელები, თურქები, არაბები, ევროპის ქვეყნებიდანაც გვყავს კლიენტები. მე 15 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხარისხის მომსახურებას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს, ქართველები ვერ სთავაზობენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დარია ბოროდინა რუსეთის ქალაქ ტაგანროგიდან. ის საქართველოში უკვე 4 წელია ცხოვრობს და საკუთარი უძრავი ქონების სააგენტო აქვს ოფისებით თბილისსა და ბათუმში.

„გამარჯობა, ეს არხი მშვენიერი ქვეყნის, საქართველოს შესახებაა. მსოფლიოში ძალიან საინტერესო ამბები ხდება და ამის ფონზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება საქართველოში ემიგრაციის საკითხებით”, - ასე ეცნობა დარია იუთუბის არხზე მათ, ვისაც პოტენციურ კლიენტებად მოიაზრებს, შემდეგ კი უხსნის, რა გზა უნდა გაიარონ საქართველოში ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, როგორ უნდა გახსნან ბანკში ანგარიში, კარგი ამბავი ისა აქვს, რომ საქართველოში ძალიან დაბალი გადასახადებია, ეხება რუსოფობიასაც.

„რუსოფობია არის, მაგრამ აბა, შევხედოთ ამ საკითხს სხვა მხრიდანაც, რატომ ექცევიან რუსებს ასე და ვინ არის ამაში დამნაშავე. ჩეთებში [რუსეთის მოქალაქეები] წერენ, რომ არ ჰქონდათ კაფეებში მენიუ რუსულად, ვიღაც რუსულად არ დაელაპარაკა, ჩვენ ვართ საქართველოში და ცხადია, რომ ქართველები გვაჩვენებენ საკუთარ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, აქ ჩამოდიან ადამიანები, რომლებმაც არც ისტორია იციან და არც ის, სად მოდიან, რა კონფლიქტები ჰქონდა საქართველოს რუსეთთან. საქართველოს ორი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ოჯახი არ არის, სადაც რუსეთმა ომი და ტკივილი არ შემოიტანა და ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, რუსეთია”, - უხსნის დარია რუსულენოვან აუდიტორიას და ჰყვება თბილისში გადამხდარ ამბებსაც, როცა საკუთარი ეროვნების გამო გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

დარიას იუთუბის არხის გარდა აქვს საიტი, ინსტაგრამის და ტელეგრამის არხები როგორც პირადი, ასევე კომპანიისთვის და ანგარიში რუსულ სოციალურ ქსელში „ვკონტაქტე”. თითოეულ პლატფორმაზე ის დეტალურად ხსნის, რა უნდა გაითვალისწინო საქართველოში ჩამოსვლისას და დაუზარებლად უპასუხებს ყველა კითხვას.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სახლის ყიდვა საინტერესო ინვესტიცია და ფულის შენახვის მარტივი გზაა. თუ ადრე საქართველოში მხოლოდ ისინი ყიდულობდნენ სახლებს და ბინებს, ვინც აქ ცხოვრებას აპირებდა, ახლა ძირითადად ისეთი კლიენტები მოდიან, ვისაც ეს სახლები ფულის დასაბანდებლად და გასაქირავებლად უნდა. 2022 წელს ზუსტად 50%-ით გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა საქართველოში”, - გვიზიარებს თავის გამოცდილებას დარია.

მხოლოდ მან გასულ წელს 80-ზე მეტი ბინა გაყიდა - სახლების უმეტესობა სწორედ კომერციული მოგებისთვის შეიძინეს. დარია ამბობს, რომ მათი რიცხვი, ვისაც საქართველოში საცხოვრებლად სურდათ სახლის ყიდვა, უკრაინაში ომის პარალელურად მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, აქ ჩამოსული რუსების უმრავლესობა საქართველოს მაინც, ტრანზიტულ ქვეყნად აღიქვამს.

„უმეტესობა საქართველოს მაინც ისე უყურებს, როგორც დროებით საცხოვრებელ ადგილს მანამ, სანამ რუსეთში დამთავრდება ეს საომარი მდგომარეობა”, - ამბობს დარია.

ასევე ნახეთ რუსული სკოლები საქართველოში - სად და როგორ სწავლობენ რუსი მიგრანტების შვილები

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის პირველ 8 თვეში, იანვრიდან სექტემბრამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს 13 262 საცხოვრებელი ბინა, 93 კომერციული ფართი და 13 850 მიწის ნაკვეთი.

რუსეთის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში გამოექცნენ უკრაინის ომს და რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას. ერთ-ერთი მათგანია ვადიმ ფასტოვეცი. ის საქართველოში რუსეთის ქალაქ როსტოვიდან 4 თვის წინ ჩამოვიდა, ბინადრობის ნებართვაც მიიღო, ერთ-ერთ სააგენტოში დასაქმდა კიდეც და ახლა საკუთარი კომპანიის გახსნას გეგმავს.

„აქ ბევრი კარგ ადამიანს ვხვდები და მინდა მათ დავეხმარო სახლების პოვნაში. ადგილობრივი კომპანიების სერვისის დონე ახლოს ვერ მივა იმასთან, რასაც ახლად გახსნილი ფირმები სთავაზობენ კლიენტებს და ეს კარგიც არის ქართველი მაკლერებისთვის, შეუძლიათ თავიანთი მომსახურება გააუმჯობესონ”, - გვეუბნება ვადიმი. ის 2021 წლამდე, ანუ როსტოვში წასვლამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ცხოვრობდა - საუბრის დასაწყისშივე გვაფრთხილებს, რომ პოლიტიკაზე არ ილაპარაკებს.

„მე მჯერა, რომ არასწორია ადამიანების დაყოფა მათი ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით. ჩემი კომპანიის მთავარი პრინციპიც თანასწორობა იქნება. საქართველოში ძალიან მომწონს სტუმარმასპინძლობის ტრადიცია და ის, რომ ეს ქვეყანა ღიაა უცხო ხალხთან თანამშრომლობისთვის, თუ ისინი კარგი ტიპები და პროფესიონალები არიან”, - ამბობს ვადიმი, როცა ვეკითხებით, როგორ აპირებს საქართველოში რუსული კონკურენციის პირობებში მუშაობას. პოტენციურ კლიენტებს ვადიმიც ინტერნეტში ეძებს, ძირითადად ინსტაგრამის საშუალებით.

„ხშირად მეკითხებიან, რა სჯობს: იყიდო გასარემონტებელი ბინა შიშველი კედლებით თუ დასრულებული რემონტით. მე შავ კარკასს გირჩევდით და ამის მიზეზი რემონტის ხარისხია - საქართველოში რემონტი რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს”, - ასეთია იმ სააგენტოს ერთ-ერთი ვიდეო ინსტაგრამზე, რომელთანაც ახლა ვადიმი თანამშრომლობს ბათუმში. ვადიმის კოლეგები კლიენტებს ურჩევენ, რემონტი სანდო ხალხს დაუკვეთონ და აჩვენებენ ბინებს, სადაც რემონტი მათი ხელმძღვანელობით გაკეთდა.

იმაზე, რომ ქართველებს ემიგრანტებთან ხარისხით კონკურენცია უჭირს, ხშირად ლაპარაკობს თავის ვიდეობლოგებში მშენებელი ანდრეი მელნიკოვი. ის ბათუმში რუსეთიდან ჩამოვიდა და რამდენიმე თვე დასჭირდა იმის დასანახად, რომ აქაური სამშენებლო სტანდარტები ბევრად დაბალია არა მხოლოდ ევროპულთან, არამედ რუსულთან შედარებითაც. ქართველი ხელოსნების დიდი ნაწილი ცუდად იცნობს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს და ვერ იყენებს შესაბამის აპარატურას, არ იცავს შეთანხმებულ ვადებს რემონტისას, იყენებს იაფფასიან მასალას და ამაში ითხოვს ბევრ ფულს - ასე აღწერს ანდრეი ბათუმელ მშენებლებს.

„ძალიან რთულია კარგი სპეციალისტის პოვნა, არიან, მაგრამ ცოტა. სამუშაოებს ძირითადად ასრულებენ პენსიონერები, ან საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დაბალი პენსია აქვთ, დაახლოებით 300-400 ლარი, რომლითაც ქართული ფასების გათვალისწინებით რთულია ცხოვრება. სხვათა შორის, ამ ასაკის ხალხი ტაქსისტებადაც ხშირად მუშაობენ და ეს საკმაოდ საშიშია. რამდენიმეჯერ გადავრჩი ავტოავარიაში მოხვედრას.

სლავები ბევრად უკეთ მუშაობენ, იქნებიან ეს რუსები, უკრაინელები თუ ბელარუსები… მათი ნახვა შეგიძლიათ ინტერნეტში, არის სპეციალური საიტები, სადაც მათ იპოვით, ასევე ტელეგრამის ჯგუფებსა და ფეისბუკზე”, - ჰყვება ანდრეი 2023 წლის 7 თებერვალს იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საკუთარ არხზე, “ბათუმი მშენებლის თვალით”.

ქართველი ხელოსნების ალტერნატივად ბათუმში მართლაც ბევრი ფირმა მოიძებნება - უძრავი ქონების სააგენტოები თავიანთ კლიენტებს რემონტის სერვისს ცალკე სთავაზობენ. ასევე გამოჩნდნენ ინტერიერის დიზაინერები, სარემონტო კომპანიები და მცირე ბრიგადები, რომლებიც კლიენტებს ყოველდღე აჩვენებენ შესრულებული სამუშაოს ფოტომასალას, უთანხმებენ ყველაფერს სამუშაოების დაწყებიდან გასაღების ჩაბარებამდე და დამატებით სერვისად სთავაზობენ ახლად შეძენილი ბინების ავეჯით მოწყობასაც.

ასევე ნახეთ ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?

უძრავი ქონება მხოლოდ ინვესტიციაა თუ დაცვის გარანტიაც?

იმ ჯგუფებში, სადაც საქართველოთი დაინტერესებული რუსეთის მოქალაქეები უცვლიან ერთმანეთს გამოცდილებას, აქტიურად განიხილება აქ უძრავი ქონების შეძენა, როგორც ერთ-ერთი გზა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად. უძრავი ქონების სააგენტოების საიტებზე კითხვარში ცალკე გრაფადაც კია შეტანილი ბინადრობის ნებართვის მიღების სურვილი, როგორც საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ერთ-ერთი მოტივატორი.

2022 წელს წინა წელთან შედარებით რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინადრობის უფლების მისაღებად გაკეთებული განცხადებები 54%-ით გაიზარდა, დაკმაყოფილების მაჩვენებელი - 25%-ით. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ 5 თვეში საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღო რუსეთის 1,598-მა მოქალაქემ, ბინადრობის უფლებაზე უარი - 434-მა.

საქართველოში კანონი იძლევა საშუალებას, მუდმივი ბინადრობის უფლებაზე განაცხადი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის გააკეთოს უცხო ქვეყნის ყველა იმ მოქალაქემ, ვინც 300 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და დაადასტურებს სამეწარმეო საქმიანობიდან 50 000 დოლარის მიღებას ინვესტირების პირველ წელს. მომდევნო წლებში ეს თანხა იზრდება 12 000 დოლარამდე. ამ პირობის დასაკმაყოფილებლად საკმარია საწყის ეტაპზე 2 ან 3 აპარტამენტის ყიდვა და გაქირავება, მაგალითად, ბათუმში. უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიები კლიენტებს ამ ამოცანის შესასრულებლად შესაბამის სერვისებსაც სთავაზობენ - რემონტს და გაქირავებას.

რუსი ბროკერების საიტებიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოს უძრავ ქონებაში ფულის დაბანდების მსურველების ნაწილს ანონიმურად სურს დარჩენა - უძრავი ქონების აგენტებმა იციან, ეს როგორ არის შესაძლებელი.

„საქართველო არ ავრცელებს ინფორმაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე. ყველა დოკუმენტი, რაც ყიდვა-რეგისტრაციისას არის საჭირო, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირდება. ბინის ყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი მფლობელი იღებს უნიკალურ კოდს, რომლითაც ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი ქონების შემოწმება სახელმწიფო რეესტრის ვებსაიტზე. საქართველოში არსებული უძრავი ქონება თქვენს საკუთრებად დარჩება სამშობლოში ქონების ჩამორთმევის შემთხვევაშიც”, - უხსნის საქართველოში მომუშავე ერთ-ერთი რუსული სააგენტო საკუთარ მომხმარებელს. აქვეა ახსნილი რიცხვებით, რა უპირატესობა აქვს საქართველოს თურქეთთან, დუბაისა და მონტენეგროსთან შედარებით.

თურქეთში რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებლით, მონტენეგროსთვის რუსეთი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, დუბაი კი, თავისი უძრავი ქონების ბაზრით, როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციებისგან თავის არიდების და კაპიტალის უსაფრთხოდ შენახვის გზად იქცა.

ასევე ნახეთ ბოდიში, ქართულად ვერ ვლაპარაკობ - რუსული ბიზნესები ქართული ენის გარეშე