საპროტესტო გამოსვლები ირანში: მოსკოვის როლი და აშშ-ის პოზიცია

სამშაბათს, 13 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააგრძელონ საპროტესტო აქციები. მან თქვა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გააუქმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება“.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადება წინა დღესთან შედარებით აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე მიუთითებს. ორშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანთან დიპლომატიური არხები ღია რჩება და რომ ირანმა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, კერძო მოლაპარაკებებში „ძალიან განსხვავებული პოზიცია“ დაიკავა. ლევიტმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ადამიანის უფლებების დამცველმა დამოუკიდებელმა ორგანიზაცია HRANA-მ, რომელსაც აშშ-ში უდევს ბინა, 13 იანვარს განაცხადა, რომ მისი დადასტურებული მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2003-მდე გაიზარდა. იმავე დღეს Reuters-ი ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 2000 არის.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Iran Human Rights, წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ირანი მიმდინარე საპროტესტო აქციების პირველი მონაწილის სიკვდილით დასჯას გეგმავს. ეს 26 წლის ერფან სოლტანია, რომელსაც საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო „ღმერთის წინააღმდეგ ომში“ ადანაშაულებენ. 15 იანვარს ირანის ხელისუფლებამ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ არის დაგეგმილი. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სიკვდილით დასჯას უპირებენ საპროტესტო აქციების მონაწილე ათეულობით სხვა მონაწილეს.

ირანში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სასულიერო ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ.

საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად მომიტინგეებმა ეკონომიკურ კრიზისთან, კერძოდ, ეროვნული ვალუტის, რიალის კრახსა და სწრაფ ინფლაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები წამოაყენეს. მოგვიანებით, მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგები და მონარქიის აღდგენის მოწოდებები გაისმა.

რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტი, „ნასტოიაშჩეე ვრემია“, შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა აღმოსავლეთმცოდნე რუსლან სულეიმანოვს.

ასევე ნახეთ ტრამპისგან „არაფერია გამორიცხული“ - გოლდბერგი იმის შესახებ, თუ რას უპასუხებს აშშ ირანის ხელისუფლებას

– საპროტესტო გამოსვლები იმპულსს იძენს თუ უკვე ჩაცხრომას იწყებს?

– გამოსვლები აშკარად არ სუსტდება. პროტესტის გეოგრაფია კი არ მცირდება, არამედ ფართოვდება. და რაც უფრო მეტად მიმართავს ხელისუფლება ძალადობას, რაც უფრო მეტად ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას, მით უფრო დიდი იქნება დემონსტრანტების რეაქცია. უკვე აშკარაა, რომ ხალხის დაშინება ან სახლებში გარეკვა შეუძლებელია. კაცმა რომ თქვას, ირანელებისთვის დამახასიათებელია ქუჩაში გამოსვლა, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. და თუ ირანის საპროტესტო გამოსვლების ისტორიას გადავხედავთ, ისინი ყოველთვის სრულდებოდა გარკვეული ცვლილებებით. მაგალითად, 2022 წელს მაჰსა ამინისთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, ქუჩებიდან მორალის პოლიციაც კი მოეშორებინა. ზუსტად ასევე მჯერა, რომ საპროტესტო გამოსვლები ახლაც გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება რაიმე ზომებს არ მიიღებს, მომიტინგეებს სულ მცირე სიმბოლურად მაინც არ აჩვენებს, რომ მათ მოთხოვნებს უპასუხებენ.

– შეიძლება კიდევ იყოს რაიმე კონტრმოძრაობა?

– ლაპარაკი იმაზე არაა, რომ რეჟიმი უნდა დაეცეს. ლაპარაკი იმაზეა, რომ ხელისუფლებამ როგორღაც უნდა მოახდინოს რეაგირება რეფორმების, ეკონომიკური ცვლილებების ინიციირება, კერძო ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება და კერძო მეწარმეებზე უსაფრთხოების ძალების კონტროლის შემცირება. ეს არის ვალუტით მოვაჭრეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რამაც გამოიწვია ამჟამინდელი პროტესტი. და უკვე ვხედავთ რეაქციას მთავრობის მხრიდან, რომელიც გვპირდება მიზნობრივ გადახდებს ერთ ადამიანზე 10 მილიონ რეალამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ 7-8 დოლარია, ეს უკვე ერთგვარი რეაქციაა. თუმცა, გასაგებია, რომ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია. ვფიქრობ, რეფორმები ღრმა უნდა იყოს. შესაძლოა, ამას რამდენიმე პოლიტიკოსის გადადგომა მოჰყვეს. ასე რომ, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს. დემონსტრანტების მიზანი კი არ არის აუცილებლად რეჟიმის დამხობა და ახალი ირანის აშენება. ბევრს სავსებით აკმაყოფილებს ქვეყანაში ღრმა ცვლილებების პერსპექტივა. რეფორმისტული ბანაკი ყოველთვის ემხრობოდა ეკონომიკურ ლიბერალიზაციას და დასავლეთთან დაახლოებას. და თუ ისინი უფრო დიდი როლის შესრულებას დაიწყებენ, ეს საკმარისი იქნება მრავალი მომიტინგისთვის.

– ირანის ხელისუფლება აშშ-ს მოლაპარაკებების წინადადებით მიმართავს. რაზეა ეს გათვლილი?

– უპირველეს ყოვლისა, ეს არის მცდელობა, შემცირდეს ირანის გარშემო არსებული დაძაბულობა. ინტერვენციის საფრთხე არ არის გამორიცხული. ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე რაიმე სახის დარტყმების დაწყების ვარიანტი კვლავაც დევს ტრამპის მაგიდაზე. და ამ ვითარებაში ირანის რეჟიმი, რომელიც ძალიან სერიოზულად შეარყია 12-დღიანმა ომმაც და მის მთავარ მოკავშირეებზე თავდასხმებმაც, იქნება ეს ჰეზბოლა, ჰამასი თუ ბაშარ ალ-ასადის დაცემა სირიაში, დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან შეთანხმების მიღწევით, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ომით.

ასევე ნახეთ „ვიცით, რომ მსხვერპლია“ - ფერეიდნელი ქართველები ირანში


– დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ. შეიძლება თუ არა ამან რუსეთზეც იმოქმედოს?

– დიახ. მაგრამ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. როგორც ირანის ხელისუფლებამ, ასევე კრემლმა უკვე მოახერხეს სანქციებთან ადაპტირება. მოსკოვს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქვს დაწესებული სანქციები, ხოლო ირანი ათწლეულებია იმყოფებოდა სანქციების ქვეშ და ეს ძალიან ტოქსიკურია მრავალი ქვეყნისთვის. ამიტომ, თეირანის რეჟიმისთვის რაღაც ახალი ტარიფები, რაღაც ახალი შეზღუდვები ზღვაში წვეთია.

რატომ მიმართავს ირანი საჯაროდ ვაშინგტონს და არა მოსკოვს? წარმოგიდგენიათ, რომ პუტინმა გადაწყვიტოს ხამენეის მხარდაჭერა და, მაგალითად, ეროვნული გვარდიის გაგზავნა თეირანში?

– არა, ამის წარმოდგენა არ შემიძლია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უკიდურესად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს ირანის შიგნით. მის მაცხოვრებლებს უკვე ბევრი პრეტენზია აქვთ რუსეთის მიმართ, დაწყებული ისტორიულიდან. ირანელებს ძალიან კარგად ახსოვთ და იცნობენ ისტორიას. მათ შეუძლიათ ლამის ზეპირად მოგიყვნენ გულისტანისა და თურქმანჩაის ხელშეკრულებების ტექსტები, რომლებსაც 200 წლის წინ მოეწერა ხელი და რომლებითაც, როგორც ირანში მიაჩნიათ, რუსეთმა ირანის ტერიტორიების ნაწილი მიიერთა. ამიტომ, რუსეთის მიმართ ძალზე რთული დამოკიდებულება აქვთ. ეს ნამდვილად არ არის ის მოკავშირე, რომლის იმედადაც არის საერთოდ თეირანი. ამასთან, კრემლს ამჟამად სრულიად სხვა საფიქრალი აქვს. პუტინისთვის უკრაინაში რომელიმე სოფლის დაკავება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასადის, მადუროს ან აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმების გადარჩენა.

– ირანმა რუსეთს მილიარდობით დოლარის ღირებულების რაკეტები და დრონები მიჰყიდა. რას ნიშნავს ეს მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობისთვის, თუ აიათოლას რეჟიმი დაეცემა, ან სულ მცირე, იძულებული გახდება, მეტი თავშეკავება გამოიჩინოს?

– რუსეთი უკვე ისე აღარ არის ირანზე დამოკიდებული, როგორც ოთხი წლის წინ იყო. „შაჰედის“ დრონები რუსეთში იწარმოება „გერანის“ სახელით. და, რამდენადაც ვიცი, დრონების აწყობის მთელი ციკლის 90% უკვე რუსეთში ხორციელდება.

ასევე ნახეთ დრონები, რაკეტები და კიდევ რა? - ირანის როლი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში