Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონები, რაკეტები და კიდევ რა? - ირანის როლი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში


ჯავშანტექნიკა „გერანის“ ტიპის მოიერიშე დრონებით. “გამარჯვების დღის” აღსანიშნავი რეპეტიციების დროს, 2025 წლის 7 მაისს, მოსკოვი
ჯავშანტექნიკა „გერანის“ ტიპის მოიერიშე დრონებით. “გამარჯვების დღის” აღსანიშნავი რეპეტიციების დროს, 2025 წლის 7 მაისს, მოსკოვი

ბოლო წლებში ირანი რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრემლი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა. თუმცა რადიო თავისუფლებას ექსპერტებმა უთხრეს, რომ მოსკოვისთვის ეს მხარდაჭერა აღარ თამაშობს მთავარ როლს ომში.

20221 წლიდან რუსეთისთვის მიწოდებული ირანული საჰაერო თავდაცვისა და ბალისტიკური რაკეტების ღრებულება 2,7 მილიარდი დოლარი იყო, ნათქვამია Bloomberg-ის 12 იანვრის რეპორტაჟში, რომელიც ეყრდნობა უსაფრთხოების სფეროს დასავლელ წარმომადგენელს. წყაროს ვინაობას Bloomberg-ი არ ამხელს.


ვაჭრობის მოცულობაზე მოსკოვი საჯაროდ არ ლაპარაკობს, ხოლო ირანი საერთოდ უარყოფს რუსეთისთვის რაიმეს მიწოდებას.


„სანამ მხარეებს შორის კონფლიქტი გრძელდება, ირანი თავს შეიკავებს რომელიმე მხარისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარების გაწევისგან“, - ნათქვამია გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც მაისში გავრცელდა.


არადა ფაქტები საპირისპიროს ადასტურებს.

ეს განსაკუთრებით ეხება „შაჰედის” ტიპის დრონების გამოყენებას უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ადრეულ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ახლა გაცილებით შემცირებული ჩანს.

დრონები

„მიუხედავად იმისა, რომ ირანულ დრონებს ჯერ კიდევ აწვდიან... ირანიდან რუსეთში თავდაცვითი პროდუქციის მიწოდების მწვერვალი დიდი ხანია გადალახულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჰანა ნოტემ.


მსგავსი რამ თქვა ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრის ანალიტიკოსმა რუსლან სულეიმანოვმა რადიო თავისუფლების ტელეპროექტ, “ნასტოიაშჩეე ვერმიასთან” საუბარში 13 იანვარს:

„რუსეთი აღარ არის ისეთი დამოკიდებული ირანულ იარაღზე, როგორც ოთხი წლის წინ იყო. იგივე “შაჰედის” ტიპის დრონებს ახლა რუსეთი აწარმოებს “გერანის” სახელით… ამ დრონების მთელი წარმოების ციკლის დაახლოებით 90 პროცენტი უკვე რუსეთშია, ირანის დახმარების გარეშე“, - თქვა სულეიმანოვმა.


ირანმა რუსეთი ტექნოლოგიითაც უზრუნველყო და საჭირო სპეციალისტების მომზადებაშიც დაეხმარა. რუსეთი „გერანის“ ტიპის დრონებს ახლა თათრეთის რეგიონში, ალაბუგას ქარხანაში აწყობს.

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 5000 სხვადასხვა ტიპის შორი მოქმედების დრონს აწარმოებს. მათ შორისაა „გერანის“ ტიპის საიერიშო დრონები და „გერბერები“ - დრონები ქობინის გარეშე, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სატყუარას წარმოადგენს.

რაკეტები


აპრილში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ, აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა, რომ „ირანი ასევე აგრძელებდა რუსეთისთვის მატერიალურ მხარდაჭერას, უსასყიდლოდ აწვდიდა 400-ზე მეტ მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას და ასობით ათას საარტილერიო ჭურვს“.


მაისში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს აძლევდა Fath-360-ის ტიპის რაკეტების გამშვებ სისტემებს, თუმცა თეირანმა ეს უარყო. მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რიდერმა განაცხადა, რომ Fath 360-ის ტიპის რაკეტები რუსეთში ჩავიდა.

Fath 360-ის ტიპის რაკეტა, რომელსაც, ირანი, სავარაუდოდ, რუსეთს აწვდის (არქივის ფოტო)
Fath 360-ის ტიპის რაკეტა, რომელსაც, ირანი, სავარაუდოდ, რუსეთს აწვდის (არქივის ფოტო)

2024 წლის ოქტომბერში ამას მოჰყვა აშშ-ის სანქციები რუსეთის ორი სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ, რომლებსაც კასპიის ზღვიდან უკრაინაში გამოსაყენებლად დრონების აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები გადაჰქონდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს იღებს ზომებს ირანის მხრიდან მადესტაბილიზებელი შემდგომი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, სხვათა შორის, რუსეთში ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესამცირებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეორა და სანქციები დაუწესა სამ ირანულ ავიაკომპანიას და ორ სავაჭრო ფირმას „ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და დრონების გადაცემის შემდეგ“.

თუმცა, Fath 360-ის უკრაინაში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ნოტეს თქმით, შეიძლება Fath 360-ის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები რუსეთს არასოდეს მიუღია, ან მათი გამოყენება აღარ დაჭირდა, რადგან შიდა წარმოებაც გაზარდა და შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებდა.

ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ს თებეერვლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2025 წელს დაახლოებით 750 ბალისტიკური და 560 ფრთოსანი რაკეტის წარმოებას გეგმავდა.


„რუსებს, შესაძლოა, უბრალოდ არ სჭირდებოდათ ამ ირანული რაკეტების გამოყენება“, - თქვა ნოტემ.

საბრძოლო მასალები


ვარაუდობენ, რომ ირანმა, 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთს საბრძოლო მასალისა და ჭურვების დიდი რაოდენობა გაუგზავნა.

Wall Street Journal-ის 2023 წლის გამოძიების თანახმად, საუბარია 300 ათას საარტილერიო ჭურვსა და დაახლოებით 1 მილიონ ვაზნაზე.


2025 წელს უკრაინის დრონებით განხორციელებული დარტყმები იმაზე მიუთითებდა, რომ სამხედრო სფეროში პროდუქტის მიწოდების პროცესი გრძელდებოდა.

აპრილში რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა პირველი თავდასხმების შესახებ კასპიის ზღვის ნავსადგურ “ოლიაზე”, რასაც აგვისტოში მოჰყვა ინფორმაცია შემდგომი დარტყმების შესახებ.


მიიჩნევა, რომ “ოლია” ირანული სამხედრო გადაზიდვის ცენტრია.

კიევის ეკონომიკის სკოლის გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან გემებითა და რკინიგზით გადაზიდული ასაფეთქებელი ნივთიერებების მოცულობა. მასში ნათქვამია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების 58 პროცენტს ამჟამად რუსეთს ჩრდილოეთ კორეა აწვდიდა.


ნოტემ თქვა, რომ ანალოგიურად, ჩრდილოეთ კორეის ჭურვებმა და ტყვიებმა თავისი მასშტაბით გადაასწრო ირანული პროდუქტის რაოდენობას.


„უკრაინელების შარშანდელი შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული მთელი საბრძოლო მასალის 50 პროცენტი ჩრდილოეთ კორეაშია წარმოებული. ასე რომ, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის თავდაცვის მასალების ძირითადი მიმწოდებელი გახდა, ირანული საბრძოლო მასალის შეძენის საჭიროება, სავარაუდოდ, აღარ იყო“, - თქვა ნოტემ.

XS
SM
MD
LG