„ვიცით, რომ ირანის ფერეიდნელ ქართველებში მსხვერპლია, თუმცა ზუსტი რიცხვის თქმა არ შეგვიძლია - ინფორმაციას ვიღებთ, თუ ირანიდან ვინმე გამოაღწევს და აქ ჩამოვა. ან, თუ როგორმე ოჯახს ნახევარი წუთით დაველაპარაკებით“, - გვეუბნებიან საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები, რომელთა უმრავლესობის ოჯახის წვერები, მეგობრები და ახლობლები დღეს ცხოვრობენ ირანში, სადაც დაახლოებით ორი კვირის წინ ანტისამთავრობო პროტესტი აფეთქდა.
ფერეიდნელი ქართველი ლექსო ქურდიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ფერეიდნიდან საქართველომდე“, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ყველა ინფორმაცია ირანში მოკლული ფერეიდნელი ქართველების რაოდენობის შესახებ ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა პროტესტს რომ ემსხვერპლნენ, ეს ამბავი, მისი თქმით, დადასტურებულია.
„ზუსტ რიცხვს იმიტომ ვერ ვამბობთ, რომ პირდაპირი კავშირი არ არის, თორემ ყველა ფერეიდნელი ერთმანეთს იცნობს და ინფორმაციაც მათი ოჯახის წევრების და ნათესავების შესახებ სწრაფად გავრცელდებოდა. ახლა ვერც თავისუფლად ვრეკავთ და არც ინტერნეტია“.
ორი დღის წინ ლექსომ შეიტყო, რომ ირანის ქალაქ იაზდანშაჰრში, სავარაუდოდ, 15-მდე ფერეიდნელი ქართველია მოკლული. მსხვერპლია ისპაჰანში მცხოვრებთა შორისაც, თუმცა რამდენი - არავინ იცის.
„ჩვენ რაც გავიგეთ, მარტო ამ ქალაქშია დაღუპული 500 ადამიანი. კიდევ ის ვიცით, რომ ქალაქ შაჰინშაჰრიში თავში ესროლეს და მოკლეს 70 წლის ფერეიდნელი ქალი, რომელიც შვილიშვილთან ერთად იყო საავადმყოფოსთან მისული, სადაც დაჭრილები მიჰყავდათ. რა მოხდა, რა ვითარებაში და რატომ მოკლეს, არ ვიცით. თუმცა ფაქტი დადასტურებულია, ეს ქალი დედაჩემის ტოლი იყო, მისი ბავშვობის მეგობარი“, - გვეუბნება ლექსო ქურდიანი.
ოჯახების და ახლობლების ამბები ბოლო დღეებში ფერეიდნიდან წამოსულებს გამოაქვთ, თუმცა სანამ ისინი საქართველოში შემოვლენ, დღეები გადის და ცნობებიც ძველდება.
ფერეიდანში ხმის მიწვდენის კიდევ ერთი გზა სომხეთ-ირანის საზღვრიდან ირანში დარეკვაა. იქ ირანული მობილური კავშირგაბმულობის ქსელი დღის გარკვეულ მონაკვეთებში იჭერს და ვისაც უმართლებს, ის რეკავს:
„დღისით არის ეს კავშირი 2-3 საათი და ეს მომენტი უნდა გამოიჭირო. მე, მაგალითად, დავურეკე ახლობელს, რომელიც სომხეთის საზღვართან იყო, მან დარეკა მეორე მობილურით ჩემს სახლში და ოჯახს ასე ველაპარაკე. გავიგე, რომ ცოცხლები არიან“.
ლექსო ქურდიანი გვიყვება, რომ შეშინებული ხალხი ტელეფონზე ლაპარაკს ერიდება, ეჭვი აქვთ, რომ ყველას უსმენენ. იციან, რომ თუ რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩა, ხალხს დაკითხვები და რეპრესიები არ ასცდება.
„იმ ორი საათითაც რომ ურთავენ ტელეფონებს, მთავრობის პროპაგანდისტული მესიჯები მისდით, გაფრთხილებები და მუქარა. ასე აშინებენ ხალხს. ტელევიზორშიც მხოლოდ სამთავრობო მედია მაუწყებლობს და ისიც, ცხადია, რეჟიმის პროპაგანდის ენით“.
ლექსო ქურდიანი იმასაც ჰყვება, რომ პროტესტში ჩართული ან რამენაირად დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს ღიად გამოხატავენ, იძულებული არიან გაიქცნენ და სადმე დაიმალონ.
„ჩემი დეიდაშვილი მასწავლებელია - ორი დღის წინ გავიგე, რომ, ფაქტობრივად, დევნილი გახდა, სადღაც იმალება“.
როგორ არიან მისი ნათესავები, ვერც ილო ფანიაშვილმა ვერ გაიგო - ირანში ცხოვრობენ მისი ბებია და ბაბუა, დეიდები და ბიძები, დეიდაშვილ-მამიდაშვილები.
ილო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორი მოკლულის ვინაობა დაზუსტებით იცის. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, იმედს ის აძლევს, რომ სადაც ახლა ისინი არიან, საპროტესტო გამოსვლები არ არის.
„რაც ვიცი, კარდაკარ დადიან და ხალხს აშინებენ, რომ გარეთ არ გავიდნენ. მაგ ამბავმა პროტესტიც შედარებით შეანელა“.
უფლებადამცველი ანდრო ლაჩინანი, ასევე ფერეიდნელი ქართველი, რომლის ოჯახიც ასევე ირანშია, გვეუბნება, რომ მოკლულთა დადასტურებული რიცხვის გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი რიცხვი არა 12-15, არამედ 20-ზე მეტია. ზოგიერთი მონაცემებით, უფრო მეტიც.
„ჩვენი ინფორმაციით, ყველა აქციების დროს არის მოკლული“.
მისი თქმით, ქალაქებში ხალხს გარეთ უმიზეზოდ გასვლას უკრძალავენ და თუ გავლენ, ისიც მაღაზიაში, პროდუქტებზე, მხოლოდ მანქანით და უკანაც ამ გზით უნდა დაბრუნდნენ.
„ყველა ჩემიანი იქაა - მშობლები, და-ძმა... ბოლოს მათ გუშინწინ ვეკონტაქტე და ვიცი, რომ ცოცხლები არიან“, - გვითხრა ანდრომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია ფერეიდნელი ქართველების მსხვერპლის შესახებ - რა პირობებში ირიან ირანში მცხოვრები ქართველები, აქვთ თუ არა მათ კონტაქტი საელჩოსთან, ქვეყანაში რჩებიან თუ ნაწილი საქართველოში დაბრუნდა?
სამინისტროში მხოლოდ მოკლე, მშრალი პასუხი გაგვცეს:„თეირანში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც, როგორც წესი, შემოდის სხვადასხვა ხასიათის შეკითხვები და თხოვნები, რაზეც საელჩო მყისიერად რეაგირებს“.
ირანში მასობრივი დემონსტრაციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. ირანელები ქუჩებში ფასების ზრდის და ინფლაციის გამო გავიდნენ. აქციები მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო პროტესტში. პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
ფორუმი