საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე მარკო რუბიო მეზობელ სომხეთში

ერევანში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებსაც სომხეთის სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის იმედები უკავშირდება.

„საფუძველს ვუყრით ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც სომხებს მისცემს ფულის გამომუშავებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალებას და ასევე ამერიკელებსაც… ამას ერთად გავაკეთებთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მყარი გზაა ერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ერევანში.

მარკო რუბიო ინდოეთიდან სომხეთში 26 მაისს, 15:40 საათისთვის ჩავიდა, ხანმოკლე ვიზიტით და მასპინძელ კოლეგასთან ერთად, სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ მოასწრეს - განეხილათ ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონის დღის წესრიგის პრაქტიკულად ყველა საკითხი და „არის ასევე გარკვეული ახალი შესაძლებლობები“, რომელთა შესახებაც ჯერჯერობით არ აპირებს ლაპარაკს.

ერევანში რუბიოს ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. 26 მაისი მან ქართველ ხალხს მიულოცა - მისი სახელით გამოქვეყნებულ ტექსტს სხვა ადრესატი არ ჰყავს.

რატომ ჩავიდა რუბიო ერევანში?

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერევანში, როცა სომხეთისთვის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე [7 ივნისი] ორ კვირაზე ნაკლები რჩება, ექსპერტებისთვის აღიქმება ფაშინიანის ხელისუფლების ძლიერ მხარდაჭერად.

ერევანში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებსაც სომხეთის სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის იმედები უკავშირდება.

  • სტრატეგიულ ჩარჩო შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით შექმნილი პროექტის შესახებ - „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის [TRIPP]”.
  • „აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ განახლებას;
  • და ჩარჩო-ხელშეკრულებას “აშშ-სა და სომხეთს შორის კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველყოფის შესახებ“.


ასევე ნახეთ

რუბიომ და მირზოიანმა ხელი მოაწერეს 3 შეთანხმებას - TRIPP, მინერალები, სტრატეგიული პარტნიორობა

დოკუმენტები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, არარატ მირზოიანმა 25 მაისს მედიას უთხრა, რომ რუბიოს ვიზიტისას ხელს მოაწერენ რამდენიმე „ძალიან მნიშვნელოვან“ დოკუმენტს.

“ეს ნაბიჯები მიმართულია სომხეთის ძალიან მნიშვნელოვანი როლის უზრუნველსაყოფად ამ ახალ მსოფლიოში”, - განაცხადა მირზოინმა უკვე 26 მაისს, ერთობლივ ბრიფინგზე, როდესაც ხელმოწერის ცერემონია შედგა.

მისი სიტყვებით, უშუალოდ TRIPP-ის პროექტში ყველაფერი შეთანხმებულია, თუმცა ხელმოწერა, ტექნიკური საკითხების გამო - მხოლოდ “რამდენიმე კვირაში” იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც მალევე უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება.

TRIPP-ის პროექტი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარებული მშვიდობის საფუძველზე. ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს. სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.

2026 წლის თებერვალში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ჩავიდა, საქართველოს გვერდის ავლით.

ასევე ნახეთ

დრონები, ჩიპები, გემები, სამუშაო ადგილები სომხეთსა და აზერბაიჯანში - როგორ ხვდება "ამერიკის დაბრუნებას" რეგიონში საქართველო

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, რუბიომ მალევე დატოვა სომხეთი და გერმანიაში გაემგზავრა.

საქართველოში ბევრია დარწმუნებული, რომ - დამოუკიდებლობის დღის მისალოცად, მეზობელი სომხეთიდან მოკლე მანძილზე ჩამოფრენაც შეიძლებოდა - ვაშინგტონსა და თბილისს ძველებურად კარგი ურთიერთობები რომ ჰქონოდათ.

„ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის ისტორიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც კი გვქონია აქამდე. ამის გათვალისწინებით არის კონტრასტი, რასაც ვხედავთ სომხეთთან მიმართებით და აზერბაიჯანთან მიმართებითაც. სრულად ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაალაგა ურთიერთობები ვერც შეერთებულ შტატებთან და ვერც ევროკავშირთან... დიახ, სომხეთის ჩართულობა დასავლურ სამყაროში იზრდება, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დამყარება დასავლურ სამყაროს ძალიან უჭირს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, სამხრეთ კავკასიით აშშ-ის დაინტერესება ხელსაყრელი მოცემულობაა საქართველოსთვის, ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად, თუმცა ამ შანს რიგიანად გამოყენება სჭირდება, რაც, მელაშვილის თქმით - არ ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში.

საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის ნოემბრის მიწურულს შეაჩერა - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს; თუმცა საკითხი დღემდე არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუსინჯავს. სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც. აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სანქცირებულთა დიდმა ნაწილმა მაღალი თანამდებობები თანდათან დატოვა.

მილოცვა ქართველ ხალხს

ვიდრე მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდოდა, გამოქვეყნდა მისი მილოცვის ტექსტი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ამ ეროვნულ დღეს“, - წერია მარკო რუბიოს სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტს, რომელშიც - გამოხატულია იმედი მიმდინარე წლის ახალ შესაძლებლობებთან და ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებასთან თუ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, სხვა კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს.

ასევე ნახეთ

მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს ხალხს

ასევე ნახეთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი მილოცვებს იღებენ

ასევე ქართველ ხალხს ულოცავს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, მიხეილ ყაველაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა გაუზიარა.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნები უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

ქართველი ხალხია მილოცვის ადრესატი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის მიერ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილშიც.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა 3 ქართულ კომპანიას დაუწესა სანქციები - ვისია ეს კომპანიები

26 მაისს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, სხვა ქვეყნების კომპანიებთან ერთად, სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას, რომლებიც, ბრიტანეთის თანახმად, უკანონოდ მოქმედებდნენ - რუსეთის სასარგებლოდ, დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ახლახან

რამდენიმე თვით ადრე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 2026 წლის 22 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

შეთავაზება "სუფთა ფურცლიდან"

ამ დღეებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან თბილისში შეხვედრებს მართავდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შედარებით დაბალი რანგის დელეგაცია, რომელშიც შედიან: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი - პიტერ ანდრეოლი და თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან - ჩარლზ იოკი.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისის მზადყოფნა “ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის“.

“შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად“ - ასე განუცხადა აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის [24-29 მაისი] მიზნების შესახებ.

რატომ არ არის მაღალი რანგის ჩართულობა აშშ-ის მხრიდან? - შეკითხვას, რომელიც პრესკონფერენციაზე 25 მაისს დაუსვეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ - არ იცის.

„ნუ, არ ვიცით. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ველოდით ამერიკულ პოზიციას, მოხარული ვართ, რომ არის ბოლო დროს დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ

33-წლიანი ურთიერთობის აშენება "ნულიდან"? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან

ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების შეთავაზება თბილისიდან უკვე დიდი ხანია ისმის, აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ და ეს სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 7-8 მაისს, საქართველოში სომხეთიდან ჩამოსულ სონატა კოლტერთანაც განმარტა - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, რომელიც ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

აპრილის მიწურულს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გაღრმავდება“.

ოპოზიციურ პარტიებთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ექსპერტებისთვის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებს მხოლოდ “ქართული ოცნების” პოზიციიდან არ განსაზღვრავს.

ასევე ნახეთ

რაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოში?

ასევე ნახეთ

ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანით

“როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)” - ამ საკითხის გარკვევის მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი საქართველოში ჯერ კიდევ 2025 წლის 18 ნოემბერს ჩამოვიდა.

ის მაშინ "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა მიიღო. შეხვედრაზე იყვნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი.

ოფიციალური განცხადების თანახმად, თბილისმა მაშინ სტუმართან ხაზგასმით გამოხატა უკმაყოფილება “აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით”.

ასევე ნახეთ

„სუვერენული, როგორც არასდროს“ - ლიდერების სიტყვები დამოუკიდებლობის დღეს

"სრულიად ინფორმირებულები არიან"

აშშ-დან ახლახან ჩამოვიდნენ ოპოზიციური პარტია "ფედერალისტების" ლიდერები თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, სადაც, მათ შორის - „ოპოზიციური ალიანსის“ სახელით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, მედიის წარმომადგენლებთან.

„[აშშ-ის ხელისუფლებაში] გუნდი არის, ვინც საქართველოს ფაილით არის დაკავებული - ამ TRIPP-ის გამო ზუსტად და მათ შორის - ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო... ანუ გუნდი არსებობს, ვისაც საქართველოს თემა აბარია და სრულიად ინფორმირებულები არიან“, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი 25 მაისის ლაივ-ვიდეოში.

თემებს შორის, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის - პოლიტიკოსი ასახელებს ირანის ზეგავლენებს, რაც ასევე აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო - როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარი მდგენელი. „შიიტური რადიკალიზმის ადგილი საქართველოში არ არის“ - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

2026 წლის 7 მარტს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელები აიათოლა ალი ხამენეის ფოტოებით დადგნენ და სამძიმარი გამოხატეს. ისინი სკანდირებდნენ: "ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!"

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოსთვის სასარგებლოა აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და სურვილი, რომ - საქართველოც ჩართული იყოს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტში; თუმცა, როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, აშშ დაინტერესებულია სტაბილურობით - რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მას არ წარმოუდგენია - რადგან ამისათვის, პირველ რიგში - თბილისი არ უნდა იყოს აშშ-ის მეტოქეების მოკავშირე.

„რუბიო სომხეთში ჩადის; ფაშინიანს ელაპარაკება, ივანიშვილს არ ელაპარაკება“, - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერები, 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, ტრიბუნიდან იმეორებდნენ - რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ქვეყანა სუვერენულია, როგორც არასდროს.

ასევე ნახეთ

ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში

ასევე ნახეთ

ზელენსკისა და კობახიძის შეხვედრა ერევანში - რა [არ] ვიცით