სომხეთი „ტრამპის მარშრუტში“ ყაზახეთის ჩართვას განიხილავს

სომხეთისა და ყაზახეთის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ყასიმ-ყომარტ ტოყაევი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 27 აგვისტოს დაადასტურა ცნობები, რომლის თანახმადაც ერევანი განიხილას ყაზახეთის მონაწილეობას - ყაზახეთის მხრიდან ინვესტიციას - „ტრამპის მარშრუტის (TRIPP-ის) განვითარების კომპანიაში“.

საუბარია „TRIPP-ის განვითარების კომპანიაზე“ (TDC), - რომლის 74%-საც ამერიკული მხარე ფლობს, 26%-ს კი სომხეთის მთავრობა.

სომხურ-ამერიკული გეგმით, სწორედ ამ კომპანიამ უნდა ააშენოს და მართოს სატრანზიტო „დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიაზე.

5-5 პროცენტიანი წილები ყაზახეთსა და ყირგიზეთს?

ერთ-ერთმა ყირგიზულმა მედიასაშუალებამ, Вечерний Бишкек-მა 26 აგვისტოს დაწერა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს შესთავაზა, ყაზახეთმა და მისმა მეზობელმა ყირგიზეთმა სომხეთისგან კომპანიის 5-5%-იანი წილები შეიძინონ.

გამოცემას ამ ინფორმაციის წყაროები არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ

როგორ გაბედა ტოყაევმა? რას ნიშნავს პუტინის მოკავშირეების ტონის ცვლილება
  • ტოყაევმა და ფაშინიანმა 24 აგვისტოს - სტატიის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე - ტელეფონით ისაუბრეს.
  • სატელეფონო ზარის შესახებ სომხეთის მთავრობის მოკლე ცნობაში ეწერა, რომ მათ განიხილეს „თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში“.
  • თუმცა დეტალებზე არაფერი თქმულა.

ასევე ნახეთ

წილები ინვესტიციების პროპორციულად განაწილდა - მირზოიანი აშშ-ის 76%-იან წილზე TRIPP-ის განვითარების კომპანიაში

„საკითხი განიხილება“

27 აგვისტოს კი ნიკოლ ფაშინიანმა ასტანის შესაძლო ჩართულობაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა: „რაც შეეხება ყაზახეთსა და TRIPP-ს, ეს საკითხი განიხილება“.

„ამჟამად სხვადასხვა ქვეყანა იჩენს ინტერესს [TRIPP-ის მიმართ] და ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით მათ მიერ გამოვლენილ ინტერესს“, - თქვა მან.

„მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ TRIPP-ში მონაწილეობა, ჩართულობა არის ინვესტიცია... რა თქმა უნდა, იქ იქნება ინვესტირების შესაძლებლობები“.

თუმცა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამას როგორც სომხეთის, ისე აშშ-ის თანხმობა სჭირდება.

„ცხადადაა განსაზღვრული, რომ სომხეთისა და შეერთებული შტატების თანხმობით, მესამე მხარეებს შეუძლიათ მონაწილეობა“.

ფაშინიანს შესაძლო, კონკრეტულ წილობრივ გადანაწილებაზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ერევანი საინვესტიციო წინადადებებს ელოდება:

„ჩვენ დეტალურად უნდა განვიხილოთ [ეს შემოთავაზებები], რადგან, კი, ინვესტიციების მოცულობა დიდია, მაგრამ შეუზღუდავი არ არის და უნდა გავარკვიოთ, ვინ რა საინვესტიციო პაკეტს გვთავაზობს და საუკეთესო ავირჩიოთ“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი

ყაზახეთი სომხეთის რკინიგზის სქემაში რუსეთის ნაცვლად?

იგივე ყირგიზული გამოცემა წერს, რომ ტოყაევმა და ფაშინიანმა განიხილეს ყაზახეთის მიერ სომხეთის რკინიგზის ქსელის მართვის რუსეთის რკინიგზისგან (RZhD) გადაბარების შესაძლებლობა.

თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს სომხეთის რკინიგზის დათმობაზე და დასავლეთს „სომხეთიდან რუსეთის გაძევების წახალისებაში“ სდებს ბრალს.

2026 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა“.

ეს სტრატეგიული ობიექტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახალი საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტია.

ასევე ნახეთ

ფაშინიანი „კონსენსუსზე თანახმაა“ - მოსკოვი მაინც უარზეა, დათმოს სომხეთის რკინიგზა