მოკლედ
- სასამართლოში, უცხოელი რეპორტიორების საქმეებში, სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი მთავარი მტკიცებულება, სუსის მიერ გაცემული ცნობაა.
- ეს დოკუმენტი, რომელიც ჟურნალისტების ქვეყანაში არ შეშვების მიზეზს უნდა განმარტავდეს, სასამართლოს მომჩივნის და მისი ადვოკატის მოთხოვნით ეგზავნება, თუმცა მისი ნახვის უფლებაც მხოლოდ მოსამართლეს აქვს.
- რა წერია ცნობაში? რატომ აღარ უშვებს "ქართული ოცნება" ქვეყანაში ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს წლების განმავლობაში აშუქებდნენ?
“მე საქართველოში მხოლოდ კრიზისის დროს არ ჩამოვდივარ ხოლმე, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადამიანების ცხოვრება მაინტერესებს და არა პოლიტიკური ამბები. ალბათ, ეს მენატრება ყველაზე მეტად”, - ეს უნდოდა ეთქვა 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის 39 წლის ფრანგ ჟურნალისტ კლემენტ ჟირარდოს. ის საქართველოზე 2012 წლიდან წერს. ბოლო წლები ქართველ მეუღლესთან და შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში შემოსვლაზე უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს 2025 წლის 12 თებერვალს, როცა საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.
17 ნოემბერს სასამართლოში გამართულ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა იყო თუ არა კანონიერი მისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, სიტყვის თქმის საშუალება “ტექნიკური მიზეზის” გამო არ მიეცა. მის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტი სასამართლოს თარჯიმანმა გააცნო, მოგვიანებით კი კლემენტმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა:
“2012 წელს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ნინო, და სწორედ მაშინ დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა საქართველოში. 2018 წლის დასაწყისში ერთად გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, თუმცა 2012-2018 წლებშიც რეგულარულად ჩამოვდიოდი. ვმოგზაურობდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ვამზადებდი მასალებს, რომლებიც საქართველოს აცნობდა საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ფრანკოფონიურ, ისე ინგლისურენოვან მედიაში: Le Monde, The Guardian, Al Jazeera და სხვები.
2021 წელს დავოჯახდით, 2022 წელს კი დაიბადა ჩვენი შვილი - ჰუგო. დაბადებიდანვე ძალიან კომუნიკაბელური და ენერგიული ბავშვი იყო, ყველა იცნობდა ჩვენს უბანში (სვანეთის უბანი)”, - წერია კლემენტის სასამართლოსთვის მომზადებულ ტექსტში, სადაც იმ ღამესაც აღწერს, როცა ის საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს. ნინო და ჰუგო თბილისში დარჩნენ, კლემენტი იძულებული გახდა შვეიცარიაში გაფრენილიყო, თუმცა მანამდე პასპორტი ჩამოართვეს. “თითქოს არალეგალი ვიყავიო”, ამბობს ის.
ეჭვი მაშინვე გაუჩნდა, რომ საზღვრიდან უკან გაბრუნება საპროტესტო აქციების გაშუქებასთან იყო დაკავშირებული. ისიც იფიქრა, რომ შეიძლება ვინმეს ჩემი რომელიმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მოხვდა თვალში ცუდადო. რამდენიმე დღეში რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ჟურნალისტების და პრესის თავისუფლებას იცავს, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც “უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს “ხელი შეუშალოს აქციების გაშუქებას დამოუკიდებელი მედიის მიერ”.
ასევე ნახეთ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს ფრანგი ჟურნალისტების საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებასიმხანად უკვე ცნობილი იყო არაერთი შემთხვევის შესახებ, როცა ჟურნალისტებს, ვინც 2024 წლის მიწურულს საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ, საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზე პრობლემები შეექმნათ - ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა იმ რეპორტიორების “შავი სია”, ვისაც საზღვარი აღარ უნდა გადმოეკვეთა.
საქართველოს ხელისუფლებას ამ ვარაუდებისთვის პასუხი არ გაუცია.
ასევე ნახეთ "არსებობს შავი სიები" - როგორ აბრუნებენ ევროპელ ჟურნალისტებს საზღვრიდანსაქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ისეთ რეპორტიორებს, რომლებსაც, კლემენტ ჟირარდოს მსგავსად, ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების ისტორია და ბინადრობის უფლება ჰქონდათ. უმეტესობამ სასამართლოს მიმართა მათი უფლებების შელახვის გამო. უკვე განხილული საქმეებიდან უმეტეს შემთხვევებში სასამართლომ სამართლიანად ცნო მათთვის საზღვარზე დაწესებული შეზღუდვა. ამ საქმეებში სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი მთავარი მტკიცებულება, სუსის, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობაა, რომლის ნახვის უფლებაც მხოლოდ მოსამართლეს აქვს.
“ძირითადად ვცდილობ მომხდარი დავივიწყო და ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, მაგრამ სასამართლო სხდომები როცა იმართება, იმ დღეებში ხელახლა მახსენდება, რაც მოხდა და ეს ძალიან მტკივნეულია, ხელახლა იღვიძებს ყველა ტრავმა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კლემენტი და დასძენს, რომ კარგად იცნობს საქართველოში სასამართლო სისტემას, მაგრამ მაინც აქვს, იმედი რომ ადრე თუ გვიან სამართალს იპოვის. სასამართლო პროცესებს ის ვირტუალურად, საფრანგეთიდან ესწრება.
ჟირარდო პირველად საქართველოში 2011 წელს ჩამოვიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული უნდა ესწავლებინა.
“უფლებების დარღვევის ბუკეტი გვაქვს მის საქმეში”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფრანგი ჟურნალისტის ადვოკატი, ანა გახოკიძე. მას ახლა წარმოებაში ათამდე უცხოელი ჟურნალისტის საქმე აქვს - ევროპელი რეპორტიორებს სამართლებრივ დახმარებას ანი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სახელით უწევს. ეს ორგანიზაცია, სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, “ქართული ოცნების” გრანტებისა და “უცხოეთის აგენტების” შესახებ, რეპრესიულად შეფასებული, კანონების სამიზნეა. TDI-ის მიერ 2025 წლის ივნისში მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, რასიზმისა და უცხოელების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ვითარებას ეხება, წერს, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვების შესახებ შაბლონური და დაუსაბუთებელია”.
კლემენტ ჟირარდოს შემთხვევაში სახალხო დამცველის შეფასებითაც, “დაირღვა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიც უგულებელყოფილი იქნა”. საზღვრის კვეთაზე უარის შემდეგ დაახლოებით სამ თვეში მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებაც გაუუქმდა, მისი საქართველოში დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყო.
ასევე ნახეთ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს ფრანგი ჟურნალისტების საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებასკლემენტმა, სანამ სასამართლო მისი საქმის განხილვას დაიწყებდა, საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალის” პლატფორმაზე გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს შესახებ სათაურით “დიქტატურის მშვიდი აღზევება”.
“ოდესღაც კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიული ცვლილებების “მოდელად” მიჩნეული საქართველო “ილიბერალური დემოკრატიების” ბანაკში გადასვლის შემდეგ დიდი სისწრაფით მიქრის მაფიოზური სტილის ავტოკრატების გზატკეცილზე”, - წერს კლემენტი ამ ტექსტში და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ადგილობრივ მედიას რეპრესიული კანონებით და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმებით ებრძვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლების უკანაც შეიძლება არ იდგეს დიდი გამოცემები და არ ჰქონდეთ მაღალი ცნობადობა, უფრო მარტივი სამიზნეები აღმოჩნდნენ.
“და ეს მუშაობს”, - გვეუბნება ის.
“უცხოელი ჟურნალისტების ნაწილს უკვე პარანოია აქვს ამ ამბების მერე. ისინიც კი, ვისაც შეუძლია საქართველოდან საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა, შემდგომში გაფრთხილდებიან. ასე მუშაობს თვითცენზურა”, - იმ დროს, როდესაც კლემენტ ჟირარდოსთან ამ ინტერვიუს ვწერთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთმანეთის მიყოლებით კითხავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ინტერვიუ მისცეს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს პროტესტზე საგამოძიებო ფილმისთვის. BBC-ის გამოძიებაში, რომელიც 1 დეკემბერს გამოქვეყნდა, გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2024 წლის მიწურულს, საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც კლემენტიც აშუქებდა, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლთან ერთად, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღიც გამოიყენა - აგენტი “კამიტე”. BBC-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩივლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ორი მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ ორიდან ერთი - “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაა“.
ასევე ნახეთ ლორდთა პალატის წევრს აინტერესებს, BBC-ს გამოძიების შემდეგ რა ზომებს გაატარებს ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიმართ“მათ უნდათ, რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ილაპარაკოს ღიად, მაგრამ BBC-ის შემთხვევა შეიძლება იყოს იმაზე პასუხიც, რატომ არ შემომიშვეს მე საზღვარზე. ჩემი ბოლო სტატიაც პროტესტზე იყო, ვყვებოდი, როგორ სცემეს ადამიანები, როგორ ემუქრებოდნენ ქალებს გაუპატიურებით და როგორ არ დასჯილა არცერთი პოლიციელი ამის გამო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კლემენტი. 2025 წლის თებერვალში ის შვეიცარიული გაზეთისთვის აგროვებდა პოლიტპატიმრად მიჩნეული დემონსტრანტების წერილებს ციხიდან, აქციებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების სისტემურ პრობლემაზე კი ვრცელი მასალა მოამზადა "ამნესტი ინტერნეიშენალის" ჟურნალისთვის.
კლემენტის მიერ 2025 წლის მარტის ნომრისთვის მომზადებული სტატია საქართველოს შესახებ
“ჩემთვის დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, როცა უარი მითხრეს 2025 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრის კვეთაზე - მანამდე თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე საქართველოში და ვიცოდი, როგორ აბრუნებდნენ საზღვრებიდან რუს და ბელარუსელ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, მაგრამ როცა ეს მოხდა, მაინც მეწყინა და კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი, რადგან მე არაფერი არ დამიშავებია, არაფერი გამიფუჭებია და მათ ეს იცოდნენ. დოკუმენტის ჩვენებაც კი არ შეეძლოთ, რის საფუძველზე არ მიშვებდნენ საქართველოში. მათ მხოლოდ ჩვენი თავიდან მოშორება უნდოდათ, უცხოელი ჟურნალისტების გაყრა ქვეყნიდან”, - ეს კიდევ ერთი ფრანგი ჟურნალისტი, ჰიშამ ელ ბუმიდია, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვარზე 6-საათიანი ლოდინის შემდეგ გააბრუნეს უკან ისე, რომ არ განუმარტავთ, რის გამო არ ეძლეოდა საქართველოში შესვლის უფლება. მას მესაზღვრემ უთხრა, რომ ორი 5 000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი და ის იყო, ბანკომატიდან ამ თანხის გამოტანას და ჯარიმის გადახდას აპირებდა, რომ მეორე მესაზღვრემ გაუმხილა, საქართველოში მაინც არ შეგიშვებენ, ამ ჯარიმას ახლა ტყუილად გადაიხდიო.
ელ ბუდიმის და ჟირარდოს მსგავსად, საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ორი ფრანგი ჟურნალისტი ფოტორეპორტიორები მარილიზ ვინიო და ჟერომ შობო.
ვინიოს ერთ-ერთი ფოტო საპროტესტო აქციიდან, ასახავს სიმბოლურ მსვლელობას რუსთაველზე კუბოთი, რომელშიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ფიტული დევს.
ჰიშამს, საზღვრიდან გაბრუნებული სხვა რეპორტიორების მსგავსად, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს საქართველოში კვლავ დაბრუნდება, თუმცა მანამდე მზადაა გაიაროს სასამართლოს ყველა ინსტანცია, სანამ არ დაამტკიცებს, რომ მას უსაფუძვლოდ შეეზღუდა საზღვრის კვეთის უფლება. ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს აქვს საქართველოში მის შესახებ ნამსჯელი - მოსამართლემ ჩათვალა, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება სრულიად კანონიერი იყო.
რატომ აქვთ რეპორტიორებს და მათ უფლებადამცველებს შეგრძნება, რომ საზღვრიდან გაძევების გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია?
დოკუმენტში, რომელსაც საზღვარზე არშემოშვების შემთხვევაში აძლევენ ადამიანს, ჩამოწერილია ის მიზეზები, რომელთა გამოც შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს აუცილებელი დოკუმენტების არქონა, გადაუხდელი ჯარიმა, უკვე დაწესებული აკრძალვა შემოსვლაზე, საფრთხე, რომელსაც შეიძლება უქმნიდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან ეჭვი, რომ ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ არალეგალურად დარჩება საქართველოში. აქვეა გრაფა - “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისთვის.”
უცხოელი რეპორტიორების საზღვრიდან გაბრუნებისას ქართველი მესაზღვრეები სწორედ ამ ბოლო, ყველაზე ზოგად მიზეზს უთითებენ. თუკი საქმე სასამართლოში მიდის, შემდეგ ირკვევა, რომ რეალური მიზეზი სუსის გადაწყვეტილებაა, რომლის შინაარსიც არც სასამართლო განხილვებისას ხდება ცნობილი და არც საქმის მასალებში ხვდება. ეს არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო, მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ისე, რომ მისი ნახვა მხოლოდ მოსამართლეს შეუძლია.
“რეალურად კანონში ცალკე წერია, რომ თუკი ვინმე ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ეს სრულიად საკმარისი საფუძველია უკან გასაბრუნებლად და უნდა განუმარტო, რომ უსაფრთხოების გამოწვევები არსებობს. უბრალოდ, მესაზღვრემ, როცა პროგრამა “წითელს უნთებს” არ იცის ზუსტად, ეს გაწითლება პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია თუ სამართლებრივი საფუძველიც აქვს და ამიტომ უთითებენ ყველაზე ზოგად მიზეზს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი გახოკიძე. მას, მიუხედავად უცხოელების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილებისა, ნანახი არ აქვს როგორ გამოიყურება ქაღალდზე “სუსის დოკუმენტი”, თუმცა ჩვენ ველაპარაკეთ რამდენიმე ადვოკატს, რომლებსაც სხვადასხვა წელს არაფორმალურად უნახავთ სუსის საბუთი. ისინი ამბობენ, რომ ეს არის მოკლე და ზოგადი ტექსტის შემცველი შაბლონი, სადაც წერია, რომ “ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს უსაფრთხოების რისკები” და შემდეგ სახელი და გვარი, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით.
მოსამართლის გარდა ამ დოკუმენტების ნახვის უფლება აქვს სახალხო დამცველსაც, როცა ეს უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს განმარტებას კონკრეტული პირების შემთხვევაში, სუსი მას პასუხობს, რომ საზღვარზე კონტროლი მისი საქმე არ არის და ამ კითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა ეძებონ.
“თუნდაც მოსამართლემ ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არცერთ ამ ადამიანს არ აქვს გარანტია, რომ საქართველოში შემოუშვებენ და ეს ყველამ იცის”, - გვეუბნება ანა გახოკიძე, რომელიც ვარაუდობს რომ “სუსის შავი სია” სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოწვევის მიხედვით იცვლება და ერთ დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჟურნალისტები შეიძლება მართლაც აღარ იყვნენ ამ სიაში “გაწითლებულები”, თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებენ, მას პრობლემას აღარ უქმნიან.
ასევე ნახეთ საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?საერთაშორისო ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნების სხვა შემთხვევები
დამოუკიდებელი ჟურნალისტების საზღვრის კვეთის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო.
- 2024 წლის 17 სექტემბერს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოს საზღვარზე 4 საათით დააკავეს, ჩამოართვეს ტელეფონი, შემდეგ კი უკან გააბრუნეს. ხარატიანი, წლები საქმიანობდა და ცხოვრობდა საქართველოში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში არშემოშვებას ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა.
- საპარლამენტო არჩევნების წინ, 23 ოქტომბერს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ჩეხ ჟურნალისტ რეი ბასელეის. ის 34 საათის განმავლობაში იყო მოთავსებული მოსაცდელ ოთახში პირადი ნივთების, მათ შორის, ტელეფონის გარეშე და არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ადვოკატს. მოათავსეს მოსაცდელ ოთახში და სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი.
- არჩევნებამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი მიიღო შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა, შტეფან გოსმაც. ის კონფლიქტების ფოტოგრაფია - საქართველოში ხალხმრავალი აქციების გარდა, იღებს უკრაინაში ფრონტის ხაზის გასწვრივ ადგილებს, აშუქებდა ომს სირიაში, მიწისძვრას თურქეთში. ერთ-ერთ ბოლო ფოტორეპორტაჟში აღწერს ამერიკელი პოლიციელების სამუშაოს სპეციფიკას, ნამყოფია ავღანეთში, ირანში. აქვს გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობა 10 წლის ვადით. საქართველოში ის ბოლოს, 2024 წლის გაზაფხულზე, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა.
- 2024 წლის 30 დეკემბრის დილას საქართველოში ვერ შემოვიდა ვიტსე დე გეიტერი, ბელგიელი ჟურნალისტი, რომელიც ამ ამბამდე სამი კვირით ადრე, 7 დეკემბერს პოლიციამ დააკავა იმ დროს, როცა აქციის დარბევისას მეგობრის დაცვას ცდილობდა ქართველი პოლიციელებისგან. ვიტსე საქართველოში ცოლთან ერთად ცხოვრობდა - მისი გაძევების შემდეგ ქალმაც დატოვა საქართველოში.
- 2025 წლის 20 მაისს საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი, რომელიც საქართველოში სომხეთ-საქართველოს საზღვრის გავლით მოდიოდა. ის საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა. საზღვრიდან უკან გაბრუნების შემდეგ ნილი ჰყვებოდა, რომ თბილისის აეროპორტში აპრილშიც შეაფერხეს, როდესაც საქართველოს დროებით ტოვებდა და მთელი რიგი უჩვეულო კითხვები დაუსვეს, მათ შორის, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მის შეხედულებასთან დაკავშირებით. უილ ნილის საქართველოში არშემოშვებას წინ უძღოდა მის მიერ მომზადებული გამოძიება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რასაც ჟურნალისტზე პროპაგანდისტული და კოორდინირებული შეტევა მოჰყვა “ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების მხრიდან. უილ ნილის სტატია აღწერდა ბიზნესკავშირებს დიდი ბრიტანეთის კერძო საინვესტიციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს შორის. ნილს სტატიაში ასევე ეწერა, რომ Hunnewell Partner, რომელიც "ტვ იმედის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის, თანადაფუძნებულია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორია და ფლობს სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედია "ტვ იმედს".
- 2025 წლის 5 ივლისს ჰოლანდიელ ჟურნალისტს მეორე ჯერზე ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე - ჯოსტ ბოსმანი, გარდა იმისა, რომ ათ წელზე მეტია საქართველოს შესახებ წერს სხვადასხვა გამოცემისთვის, ასევე აშუქებდა რუსეთის სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში - რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
- 2025 წლის 3 ოქტომბერს კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე ჯერ 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს იტალიელ ჟურნალისტ ჯაკომო ფერარას ამ წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე ყოფნისთვის, მერე კი, როცა აუხსნა, რომ იქ არა პროტესტის გამოსახატად, არამედ სამუშაოდ იყო, მასალებიც აჩვენა და ცნობაც სამსახურიდან, ჯარიმაზე ლაპარაკი შეწყდა და საზღვრიდან უკან გაბრუნების ოქმი შეუდგინეს. ჯაკომომ 4 ოქტომბრის არჩევნების ნაცვლად საქართველოს საზღვრიდან უცხოელი რეპორტიორების გაძევების ამბავი გააშუქა.