„ვეკითხები მთავრობას, გეგმავს თუ არა სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის (ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების საფუძველზე) იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლისას საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა“, - წერია შეკითხვაში.
3 დეკემბერს გაგზავნილ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბრიტანეთის მთავრობას ორი კვირა აქვს, 17 დეკემბრამდე.
რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - BBC-მ - გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
- „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
- „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმი