უნგრეთის არჩევნების მოლოდინში: პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს კიევში, მოსკოვსა და მის ფარგლებს გარეთ

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი (მარცხნივ) და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

12 აპრილს უნგრელები საპარლამენტო არჩევნებში მისცემენ ხმას.

თუ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დავუჯერებთ, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანმა შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს, თუმცა ორბანს არაერთხელ გაუმარჯვია არჩევნებში, რომლებშიც კვლევები მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ.

არჩევნების შედეგებს ყურადღებით დააკვირდებიან არა მხოლოდ მოსკოვსა და კიევში, არამედ ბრიუსელშიც, რომლისთვისაც ორბანის პოზიცია გასული წლების განმავლობაში ევროკავშირის ერთიანობის მთავარი პრობლემა გახდა. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე არჩევნებში მკაფიოდ დაუჭირა მხარი ორბანს.

ასევე ნახეთ

ვაშინგტონისა და მოსკოვის მხარდაჭერა, ბრიუსელის კრიტიკა - ვიქტორ ორბანი უნგრეთის გადამწყვეტი არჩევნების წინ

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ორბანის მმართველობის წლებში უნგრეთი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ გადაიქცა. მისი მეთაურობით უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა რუსეთის სანქცირების პაკეტები და გააჭიანურა უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტების მიღება.

სულ ბოლოს ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემა დაბლოკა, რომელზეც ლიდერები გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. გასულ თვეში, უნგრეთის ანტიტერორისტულმა ცენტრმა დააპატიმრა უკრაინელი ინკასატორები და ამოიღო უკრაინის სახელმწიფო ბანკის კუთვნილი 80 მილიონი დოლარი და 9 კილოგრამი ოქრო. ინკასატორები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ დადგენილი პროცედურისა და მარშრუტის ფარგლებში მოქმედებდნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა მუშაობის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენ "დრუჟბისა", რომლითაც უნგრეთი და სლოვაკეთი მარაგდება. უკრაინაში ამბობდნენ, რომ მილსადენი რუსული დრონის შედეგად დაზიანდა და შეკეთებას რამდენიმე თვე დაჭირდებოდა.

უკრაინა ორბანის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია. მოგვიანებით კამპანიის ნაწილი გახდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი რუსი კოლეგის ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც პეტერ სიიარტო სერგეი ლავროვს ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მიმდინარე შეხვედრების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, სიიარტომ არა მხოლოდ დაადასტურა საუბრის ავთენტიკურობა, არამედ განაცხადა, რომ ევროკავშირში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ მსგავსი საუბრები აქვს თავის სერბ, თურქ, ამერიკელ და ისრაელელ კოლეგებთან.

ასევე ნახეთ

გამოქვეყნდა რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ფარული ჩანაწერი

სცენარი 1: იმარჯვებს ორბანი

არჩევნების მოახლოების ფონზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი მოქმედ პრემიერს - "ვიქტორ ორბანს ჩემი სრული და ურყევი მხარდაჭერა აქვს", - წერს ამერიკელი პრეზიდენტი.

სავარაუდოა, რომ ორბანის გამარჯვების შემთხვევაში ტრამპთან მჭიდრო პერსონალური ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ორბანის პოზიციების "შემსუბუქებას" და მის მიერ დაწესებული ზოგი ვეტოს გაუქმებას ვარაუდობენ. ამასთანავე, უფრო ზოგად დონეზე ორბანი გასული წლების პოლიტიკას გააგრძელებს. იმავეს გვეუბნებიან ჩვენ მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები.

"ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ორბანს არ ჰქონდა გათვლილი, რომ რუსული ნავთობის მისაღებად უკრაინაზე იქნებოდა დამოკიდებული და ეს უკრაინელების პოზიციებს აძლიერებს", - ამბობს სუზანა ვეგი, გერმანული მარშალის ფონდის პროგრამის ოფიცერი.

"მილსადენ "დრუჟბის" გავლით მიღებული ნავთობი უნგრეთის ენერგეტიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუ სწრაფი გამოსავალი არ მოიძებნა, ეს შესაძლოა მართლა გახდეს სუსტი წერტილი, რომლის მეშვეობითაც უკრაინელები შეძლებენ ზეწოლის მოხდენას, მით უფრო თუ ჰორმუზის სრუტე კვლავ ბლოკირებული იქნება", - ამბობს ვეგი.

ბრიუსელში დაფუძნებული Red Snow Consulting-ის ხელმძღვანელის, ბოტონდ ფელედის თანახმად, ორბანის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია არსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელება და უფრო გამყარება.

მისი თქმით, მოსალოდნელია "ურთიერთობების გაუარესება ევროკავშირთან და ტრამპის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი უნგრეთს ევროპულ კონტინენტზე MAGA-ს (Make America Great Again) საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნევს. ხოლო რუსები გააგრძელებენ ამ განხეთქილების სათავისოდ გამოყენებას, სანამ ეს მათთვის სასარგებლო იქნება."

ასევე ნახეთ

ევროკავშირი: უნგრეთმა სასწრაფოდ უნდა ახსნას ცნობები რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემაზე

ამასთანავე, ფელედის თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლოა პროგრესი გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, უკრაინის სახელმწიფო ბანკის დაპატიმრებულ თანხებზე.

"არ გამიკვირდება, თუ არჩევნების შემდეგ ორბანი იტყვის, რომ თანახმა იქნება უკრაინისთვის კუთვნილი თანხების ეტაპობრივ განბლოკვაზე. ეს მოლაპარაკებების საკითხი იქნება", - ამბობს ფელედი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს საგარეო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სცენარი 2: იმარჯვებს მადიარი

მადიარის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ფოკუსი საშინაო საკითხებია, განსაკუთრებით კი ორბანის მთავრობის კორუფციის მხილება.

2025 წლის ოქტომბერში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მადიარი ამბობდა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ინსტინქტები ფრთხილი იქნება.

კერძოდ, მადიარი ამბობდა, რომ ევროკავშირის წნეხის მიუხედავად, უნგრეთი სწრაფად არ შეწყვეტდა რუსული ენერგომატარებლების იმპორტს. ამ დროისთვის უნგრეთის ბუნებრივი აირის საჭიროებების 95%-ს რუსეთი უზრუნველყოფს. 2025 წლის პირველ ნახევარში რუსული ნავთობის წილმა უნგრეთის ჯამურ მოხმარებაში 92% შეადგინა.

"სრულიად გასაგებია, მადიარს არ სურს დამატებითი რისკის აღება ისეთი ამოცანების გაჟღერებით, რომლებსაც ვერ შეასრულებს", - ამბობს ფელედი.

"მთავარი საკითხი ის არის, რომ ენერგომატარებლების იმპორტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები კვლავ გასაიდუმლოებულია და მადიარს ვერ ეცოდინება, თუ რას მოიცავს რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებები", - დასძენს ის.

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ირანში მიმდინარე ომის გამო შექმნილი სირთულეები კიდევ უფრო აძლიერებს ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.

მადიარმა რამდენიმეჯერ გაავრცელა ზოგადი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მმართველობის პირობებში უნგრეთის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია მოსკოვიდან ნატოსა და ევროკავშირისკენ შეიცვლება.

ასევე ნახეთ

გაძევებული ინკასატორები, დაკავებული მილიონები, დაბლოკილი მილიარდები - უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება დაძაბულობა უკრაინასთან

მადიარი თავს არიდებს საუბარს უკრაინაზე და მხოლოდ ის აქვს ნათქვამი, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, თუმცა ანალიტიკოსები მისი გამარჯვების შემთხვევაში ტონის ცვლილებას მოელიან.

"მისი რიტორიკა უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან თავშეკავებულია, მადიარი ვერ ბედავს ამ საკითხზე ვიქტორ ორბანთან პირდაპირ კონფრონტაციას", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დალიბორ როჰაჩი, American Enterprise Institute-ის მკვლევარი.

"თუმცა არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მადიარს მოუწევს ურთიერთობების გამოსწორება ევროკავშირთან და ქვეყნის პოზიციების აღდგენა ევროკავშირის შიგნით, უნგრეთს გარდაუვალად გადააქცევს უფრო კონსტრუქციულ პარტნიორად, მათ შორის უკრაინისთვისაც", - დასძენს როჰაჩი.

მსგავსად ფიქრობს სუზანა ვეგიც.

"დამოკიდებულება და მიდგომა იქნება განსხვავებული. ვფიქრობ, იქნება პარტნიორობის მცდელობა ევროკავშირთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - ამბობს ვეგი.

რადიო თავისუფლებისთვის იმავე ინტერვიუში მადიარმა შეაქო ტრამპი ღაზაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ასევე რუსეთზე წნეხის გაზრდისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით.

7 აპრილს ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად ჩასულმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ორბანის მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, ვაშინგტონი ითანამშრომლებს არჩევნებში გამარჯვებულთან.

"მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკურად უნგრეთი არ არის დიდი მოთამაშე, ვიქტორ ორბანის დამარცხებას არჩევნებში დრამატული გავლენა ექნება ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე პარტიების ქცევაზე", - ამბობს სოფიაში მოქმედი ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის დამფუძნებელი, ივან კრასტევი.

"ორბანმა უნგრეთი ულტრამემარჯვენე პარტიების გლობალურ ინტელექტუალურ, ფინანსურ ინსტიტუციურ ჰაბად აქცია", - ამბობს კრასტევი. მისი აზრით, უნგრეთში მიმდინარე არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სლოვაკეთის და ჩეხეთის მთავრობების ქცევასა და მიდგომებზე.

კრასტევის თქმით, ორბანის მარცხი მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება როგორც ვლადიმირ პუტინისთვის, ასევე დონალდ ტრამპისთვისაც. "პრეზიდენტ ტრამპის ფსონები ლათინური ამერიკის ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში გამართლდა, თუ ამ შემთხვევაში ტრამპის ფსონი თავის ყველაზე ძველ და კარგად ნაცნობ მოკავშირეზე არ გამართლდება და ორბანი დამარცხდება, ეს ნიშნავს, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ტრამპის მხარდაჭერის ღირებულება შემცირდება."

კრასტევი შენიშნავს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროპელ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებში დაბნეულობა გამოიწვია - "ტრამპი უკვე პრობლემატურია არა მხოლოდ მეინსტრიმული პოლიტიკოსებისთვის, არამედ ულტრამემარჯვენეებისთვისაც. მათ ჰქონდათ განცდა, რომ მათ და ტრამპს ერთი და იგივე დღის წესრიგი ჰქონდათ, მაგრამ ირანში დაწყებული ომის შემდეგ მათ აღარ ესმით ტრამპის", - ამბობს კრასტევი.