უშგულის ლამარიას მონასტერში მსახურება შეწყვეტილია - ეპარქია მუქარაზე საუბრობს

უშგულის ლამარია.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია აცხადებს, რომ უშგულის ლამარიას მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და მღვდელმსახურება შეწყვეტილია. ეპარქია ადგილობრივების მხრიდან მუქარაზე, შეურაცხყოფასა და აგრესიულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12-15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“, - წერია განცხადებაში.

ეპარქიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივებმა სასულიერო პირები დაადანაშაულეს „სოფელში მდგომარეობის გაუარესებაში“, „სიკვდილიანობის მატებასა“ და „იქაურობის წაბილწვაში“:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.

უშგულის ლამარია, რომელიც სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარეობს, IX-X საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეპარქიაში ამბობენ, რომ მეუფის ძალისხმევით მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ (2002 წელი) „გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი, აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა და დაიწყო სულიერი ცხოვრების აღორძინება მთელი ეპარქიის მასშტაბით“.

სასულიერო პირები სამონასტრო ცხოვრებასა და მსახურების აღდგენას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუკი „სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები“.

რადიო თავისუფლება ეპარქიის გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

უშგულის ლამარია მედიის ყურადღების ცენტრში დაახლოებით ერთი თვის წინაც მოექცა, როცა გამოცემა „ჩაიხანამ“ მოამზადა მასალა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე თანამედროვე სამშენებლო მასალით, ბლოკით სატრაპეზოები შენდებოდა. მომდევნო დღეს, 8 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განაცხადა, რომ უნებართვო სამუშაოები შეჩერდა.

ასევე ნახეთ

IX-X საუკუნეების მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო კელიების მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

ასევე ნახეთ

ზღუდერის ეკლესიის ბოლო დღეები - როგორ განადგურდა კულტურული მემკვიდრეობა ყველას თვალწინ


ასევე ნახეთ

ისტორიული ძეგლების რემონტი: "რა გაინტერესებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ეგ გააკეთა!"