ფერეიდნელი ქართველები ამბობენ, რომ ბოლო 5-6 თვეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ თანამემამულის სტატუსსა და ბინადრობის ნებართვაზე უარს მასობრივად ეუბნება. პრობლემა 30-ზე მეტ ადამიანს შეექმნაო.
როგორც წესი, ფერეიდნელებს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი თანამემამულის სტატუსის მიღების შემდეგ შეაქვთ.
"იმდენიც კი არა ვართ, ვინც აქ ცხოვრობს. ზოგს ჰგონია, რომ მილიონი კაცია. არა, კაცო, სულ ვართ 200 კაცი, ვინც აქ ვართ. წყნარად ვცხოვრობთ აქ. კარგი და წყნარი ხალხი ვართ ირანშიც. ცუდად თუ რამე გავაკეთე, ხომ უნდა დამაკავოთ. მტკივა გული, მეტი რა გითხრათ", - ამბობს ანტონ იოსელიანი, რომელიც ფერეიდანში დაიბადა და ისპაჰანში გაიზარდა.
ანტონი ქართულად თითქმის გამართულად ლაპარაკობს, თავიდან სპარსული საერთოდ არ ვიცოდი, ჩემი პირველი ენა ქართული იყოო.
ანტონი ისანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თბილისში გათბობა-გაგრილების სისტემების ხელოსანია. ცოლი ტურისტულ სააგენტოშია დასაქმებული. 11 წლის გოგო მე-5 კლასში, ქართულ სკოლაში დადის, 5 წლის ბიჭი ჯერ ბაღშია. ანტონის ბინადრობის ნებართვას მალე ვადა გაუვა, ეს დოკუმენტი 6 წლის წინ, თანამემამულის სტატუსის მიღების შემდეგ იოლად აიღო.
"ერთი თვე კიდევ დამრჩა საბუთზე ვადა, მაგრამ ვნერვიულობ, რადგან ყველას უარს გვეუბნებიან. უარი რომ მომცენ, რა უნდა ვქნა? სასამართლოს უნდა მივმართო, სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ, რომ ცხოვრება მინდა აქ, მიყვარს საქართველო. საბუთი როცა არ გაქვს, ძნელია. ფული როცა უნდა ჩაგირიცხონ, შენი ბინადრობა არ მუშაობს", - ამბობს ანტონი.
30 ოქტომბერს იუსტიციის სახლთან ათობით ფერეიდნელი ქართველი შეიკრიბა, რომლებმაც თანამემამულის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს.
ფერეიდნელები ირანის ფერეიდნის მხარეში გადასახლებული ქართველები არიან, რომლებსაც სამშობლოს დატოვება 4 საუკუნის წინ მოუწიათ. 1616 წელს შაჰ აბასმა შუაგულ ირანში 200 ათასამდე ქართველი გადაასახლა. ფერეიდნელებმა საუკუნეების მანძილზე შემოინახეს ძველი ქართული ენა და ყველა მათგანი დღემდე ქართულად საუბრობს. მათ შორის ლექსო მაზნიაშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლთან ფერეიდნელების აქციაში მონაწილეობდა.
ის პროფესიით ინჟინერია და თბილისშიც ამ სპეციალობით მუშაობს. 7 წლის წინ ფერეიდანში ყველაფერი გაყიდა და ცოლთან და ორ შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად, როგორც თავად ამბობენ, დაბრუნდა სამშობლოში.
მის ბინადრობის ნებართვას ვადა ამ გაზაფხულზე ამოეწერა, რის შემდეგ დოკუმენტზე ვადა არ გაუგრძელეს. ამის შემდეგ ლექსომ სასამართლოს მიმართა, ეს დავა 4500 დოლარი დაუჯდა, 2 თვის წინ საქმე მოიგო კიდეც, თუმცა სააგენტომ ბინადრობის ნებართვაზე ისევ უარი უთხრა.
"სასამართლო ვერ ზღუდავს სააგენტოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ეს სააგენტოს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხელახლა შევისწავლე, იმავე აზრზე დავრჩი, მაქვს საქმეში იგივე მტკიცებულებები და ვღებულობ იგივე გადაწყვეტილებას. ანუ, მიდგომას არ ცვლის", - განმარტავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი შორენა ლოლაძე.
"საშიში ხარო საქართველოსთვის, მითხრან, რატომ ვარ საშიში. ჩემი ბავშვი 8 წლის არის და ისიც საშიში გამოდის საქართველოსთვის. ამ 7 წლის განმავლობაში ერთი თვეც არ ვყოფილვარ ირანში. იქ ყველაფერი გავყიდეთ და აქ შევიძინეთ ყველაფერი. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მინდა, მხოლოდ კანონიერად მინდა ვიცხოვრო საქართველოში, აქ ყოფნის ნება დაგვრთონ", - ამბობს ლექსო.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვაზე უარს სახელმწიფო უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ეუბნება. კანონის ეს მუხლები ამბობს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:
- ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
- გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საიაში ეს მუხლი პრობლემურად მიაჩნიათ, რადგან უარის მიზეზს სახელმწიფო არ ხსნის, - სტატუსის მაძიებლისთვის უცნობი რჩება, რატომ მიიღო სახელმწიფომ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რა უკანონო საქმიანობას ედავება.
ლექსო მაზნიაშვილის სასამართლო პროცესმა ისიც აჩვენა, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს დასკვნის ბათილად ცნობაზე დავის დროსაც კი არ მისცეს მას დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა. დასკვნა მხოლოდ სასამართლოს გადასცეს.
"სასამართლო განხილვის დროს შენთვის სასარგებლო მტკიცებულებას ვერ იძიებ, რომ გააბათილო სააგენტოს დასკვნის შინაარსი", - ამბობს საიას წარმომადგენელი და დასძენს, როცა სასამართლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკითხის ხელახლა განხილვასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ავალებს, სააგენტო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგაც გადაწყვეტილებას არ ცვლის.
ასევე ნახეთ კაჭკაჭი და ხელახლა მოგონილი ანბანი - ქართველების ამბები ფერეიდნიდან30 ოქტომბრის აქციაზე სიტყვით ძირითადად ფერეიდნელი ქართველები წარდგნენ. მათ მოთხოვნებს სახელმწიფო უწყებებიდან ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.
ასევე ნახეთ ყველას უარი მოსდის - ფერეიდნელი ქართველები ბინადრობის უფლებას მოითხოვენრადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30 ოქტომბერს მიმართა, თუმცა სააგენტოში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.