ფერმერები პროტესტის ზღვარზე

პატარა მეურნეობა მაქვს ჯიღაურაში (არც ინდმეწარმე ვარ და არც სხვა ფორმის იურიდიული პირი). მაქვს ბოსტანი, ხეხილის ბაღი და ვენახი. უკვე მე-8 დღეა, ვერ წავსულვარ... ჩითილები მქონდა სათბურში, წამლობა უწევდა ხეხილს. რა დამხვდება, არ ვიცი.

...

პატარა პლანტაცია მაქვს. წვეთოვანი დავტოვე ჩართული და ისე წამოვედი.

...

მე ქალაქში ვცხოვრობ, ფუტკარი ჩაქვში მყავს. ვერ გავდივარ. გუშინ მეზობელმა დამირეკა, ნაყარი გამოვიდაო. ვის არ დავურეკე, არავინ მომაქცია ყურადღება...

...

წიწილას ვერ ვყიდით, ვერც ერთდღიანებს ინკუბატორიდან და ვერც მოზრდილებს საზრდელი მეურნეობიდან. არც საშვს იძლევიან და ვერც ხალხი მოდის. დაგვაქციეს და დაგვღუპეს.

...

ახლა თუ არ მოვუვლით, დავთესავთ, გავთოხნით, დავაკავებთ, მერე რა იქნება საერთოდ?? სადაც არაა საჭირო, იქ მაინც რატომ გვაქვს ამხელა ბარიკადები???

ეს სოციალურ ქსელში მოგროვილი მხოლოდ რამდენიმე კომენტარია, რომელსაც მცირე ფერმერები და პატარა საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლები წერენ.

ათობით ადამიანი ჩივის იმაზე, რომ სამანქანო გადაადგილების შეზღუდვის გამო ზოგს ფუტკარი ჰყავს მიტოვებული, ზოგს მიწა დარჩა მოსარწყავი, ზოგს მოკრეფილი მოსავალი უფუჭდება.

ფერმერებს, განსაკუთრებით კი, მცირე მეწარმეებს და საოჯახო მეურნეობებს რომ ძალიან გაუჭირდებოდათ, ეს გამოჩნდა მაშინვე, როგორც კი ქალაქებს შორის მიმოსვლა შეიზღუდა.

ვინც რადიო თავისუფლებას თვალს ადევნებთ, გეხსომებათ კახელი გლეხის, კაკო ჯეირანაშვილის ტიტების ამბავიც, რომელიც გაუყიდავად ჭკნებოდა.

ასევე ნახეთ ტიტები, რომლებმაც მომხმარებლამდე ვერ მიაღწია, ნაკვეთში ჭკნება

ორი დღის წინ რადიო თავისუფლება უკვე იმაზე მოგითხრობდათ, როგორ ფუჭდება ლაგოდეხის კიტრი სათბურებში, იმის გამო, რომ ვერ ყიდიან - არც ბაზარია ღია, არც გადაადგილება დაშვებული.

ასევე ნახეთ ათეულობით ტონა „ლაგოდეხის კიტრი“ სათბურებში ნადგურდება

23 აპრილს, 11-მა ფერმერულმა ასოციაციამ მთავრობას საერთო წერილით მიმართა და ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის შეზღუდვების შერბილება მოითხოვა.

ამ წერილში ისინი აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ დაშვებული ავტომანქანით გადაადგილების დრო - დილით და საღამოს (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები უბრალოდ ერთმანეთს არ ემთხვევა - ეს ნიშნავს, რომ ფერმერი ამ დროს ვერაფერს იყიდის.

ხოლო ვინც შორსაა წასასვლელი, ფერმაში მისვლასა და იქ მუშაობას ამ 2 საათში ვერ მოასწრებს.

ამიტომ მოითხოვეს ამ დროის რამდენიმე საათით გახანგრძლივება, რომ რეალურად შეძლონ მიწაზე მუშაობა. მოითხოვეს გადაადგილების ნებართვების გაცემაც, რაც, შესაძლოა, სოფლის რწმუნებულების მეტი ჩართულობით და ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნით გადაწყდეს, სია კი საპატრულო პოლიციას გადაეცეს.

ამ მოთხოვნამდე ფერმერული ასოციაციები მივიდნენ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც მათ წრეში უცებ შეიქმნა - დიდმა ნაწილმა ვერ აიღო საშვი, ვერ გაყიდა პროდუქცია, ვერ იყიდა პესტიციდი თუ სხვა საშუალება, ვერ დაამუშავა მიწა და ა.შ.

ნინო ზამბახიძე, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ამ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია, რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემის წინ აღმოჩნდნენ ის მცირე მეწარმეები და ფერმერები, ვისაც ამ პროდუქტის გასაღების ბაზარი აღარ აქვთ: აგრარული ბაზრები დაიკეტა, ხოლო დიდ სუპარმარკეტებთან მათ საქმიანი ურთიერთობა ისედაც არ ჰქონიათ და თან, ეს არც ისე ადვილია, როცა არსებობენ დიდი მოთამაშეები.

აქ საყურადღებო დეტალია ის, რომ დღეს ზუსტად არავინ იცის, რამდენია ასეთი ადამიანი, ვისაც მთელი წლის გეგმები დაენგრა. ცნობილია, რომ მოსახლეობის დაახლოებით 47% ჩართულია სასოფლო-სამეურნეო საქმეში, მაგრამ ვის რამდენი ან რა კულტურა აქვს მოყვანილი ან ელის მოსავალს, ეს აღრიცხული არ არის.

ფერმერთა ასოციაციამ ამის მოძიება და დათვლა ახლა დაიწყო, მაგრამ თავად ნინო ზამბახიძეც შენიშნავს, რომ ამ საქმეს ერთი ორგანიზაცია ვერ გასწვდება. დღეს კი, ყველა დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ფაქტი ის არის, რომ ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და დიდხანს იყო მკაცრ კარანტინში, პირველმაც მან იფეთქა - მარნეულის საპროტესტო აქციის მომსწრე ყველა გახდა. შვიდი სოფლის მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის გაყიდვის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა.

მარნეულის რადიოს ამ ლაივრეპორტაჟში მათი განწყობა კარგად ჩანს:

ხელისუფლება კი ამბობს, რომ უსაფრთხოების მიზნით საჭიროა მოთმინება და რომ მათ ფერმერების სოლიდარობის იმედი აქვთ, მაგრამ, როგორც თავად ფერმერები ამბობენ, სოფლის მეურნეობას თავისი აგროკალენდარი აქვს და თუ ის დაირღვა, გაფუჭებულ საქმეს ვერაფერი გამოასწორებს:

თუ პროდუქტი დროულად არ გაიყიდა, თუ დასათესი დროულად არ დაითესა და მიწა დროულად არ მოიხნა, ეს ნიშნავს, რომ მთელი წელი კონკრეტული ფერმერი, ოჯახური მეურნეობა, მცირე მეწარმე, რჩება გაფუჭებული და გაუსაღებელი მოსავლით და სესხებით და, რაც მთავარია, რჩება გაურკვეველი მომავლის წინ.

„რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა ხვალ, თუ მათ სახელმწიფო დღეს არ შეუწყობს ხელს? ყველა დარგი მოითმენს, ყველას ეშველება, გარდა სოფლის მეურნეობისა“, - გვითხრა ნინო ზამბახიძემ.

გარდა იმისა, რომ დაზარალდებიან თავად ფერმერები და ამის მაგალითები უკვე არსებობს, აქ კიდევ ერთი პესიმისტური სცენარის განვითარების შანსიც არსებობს. ნინო ზამბახიძე გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, ქვეყანა საკვების დეფიციტის წინაშე დადგეს.

საიდან მოვიდა ეს ვარაუდი?

„დღეს მთელი მსოფლიო გადასულია სასურსათო უსაფრთხოების ზრუნვაზე. რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანამ უნდა აწარმოს თვითკმარი პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარებული ქვეყნები შეამცირებენ ექსპორტს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ანუ ჩვენი იმპორტი შემცირდება. და აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა 70%-ით სწორედ იმპორტზეა დამოკიდებული. თუ ეს მოხდა და საქართველოში ამ დროს არ გვექნა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადავა სასურსათო დეფიციტის რეჟიმში“, - უთხრა ნინო ზამბახიძემ რადიო თავისუფლებას.

მისივე აზრით, დღეს ქართველ ფერმერებს აქვთ დაახლოებით სამკვირიანი ვადა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოსასწრებად.

თუ მათ არ მიეცემათ საშუალება, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მივიდნენ მიწამდე, ზემოთ დახატული ვარაუდი, შესაძლოა, ძალიან მალე გამართლდეს, ფიქრობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ეს რომ ასე არ მოხდეს, შეზღუდვების შერბილების გარდა, ხელისუფლებას ურჩევს გადადგას რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი:

  • ფერმერებს მიეცეთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ კაპიტალზე და ამაში იგულისხმება იაფი აგროსესხი.
  • ნათლად გაიწეროს და იქვას, რაში დაიხარჯება სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი 2 მილიარდი ლარი.
  • უნდა შეიქმნას სამაცივრე მეურნეობები, რომ იმპორტის შემცირების შემთხვევაში, ფერმერებმა ადგილობრივი პროდუქციის შენახვა მაინც შეძლონ.
  • სასწრაფოდ მოგვარდეს აგრარული ბაზრების თემა - ბაზრები უნდა გაიხსნას სტანდარტების დაცვით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე გაუგზავნა მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები რეკომენდაციებით, თუ რა გავლენა ექნებოდა COVID-19-ს სოფლის მეურნეობაზე საქართველოში, თუმცა მთავრობას, როგორც ნინო ზამბახიძე ამბობს, მათთვის არც უპასუხია და არც კონსულტაციის სურვილი გამოუხატავს.

„თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ თუ ისევ 2 ადამიანი მიიღებს სასიცოცხლო გადაწყვეტილებებს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც, ცხადია, კრიტიკა მოჰყვება“.

თეა ქუთათელაძე, რომელიც კომპანია „ქართული კენკრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, საკუთარ მეურნეობაში ერთი თვეა არ მისულა მას მერე, რაც მარნეულში კარანტინი გამოცხადდა. ადგილზე მხოლოდ დარაჯი დარჩათ, ვისაც ტელეფონით უხსნიდნენ რა უნდა გაეკეთებინა, რომ სამი წლის ნაშრომი წყალში არ ჩაყროდათ. მერე გაჭირვებით კიდევ ერთი დამხმარე ქალი მიიყვანეს და უკვე მთელი თვეა, როგორც თეა ამბობს, ის და მისი პარტნიორები გაჭირვებით უძღვებიან საქმეს დისტანციურად.

როგორი მოსავალი მოვა ან როგორ გაყიდიან მას, ძნელი სათქმელია. ერთი იმედი ის არის, რომ ადგილზე სადისტრიბუციო მანქანამ შეძლოს მისვლა. თუმცა, ფაქტია, რომ ბიომეურნეობას ახლა ისე ვერ უვლიან, როგორც საჭიროა. არადა, სწორედ წელს ელოდნენ ჟოლოსა და მაყვლის სრულ მსხმოიარობას.

ფაქტია, საჭირო აგროტენიკური სამუშაოების 5%-იც კი ვერ ჩატარდა. თეაც დღემდე ელის, რომ საშვებს აიღებენ და მეურნეობას მიაკითხავენ, რომელშიც მან და მისმა მეგობრებმა არცთუ ისე ცოტა ფინანსები ჩადეს.

კიდევ ერთი ფერმერი, კახა თუთბერიძე, თავის სათბურს დისტანციურად არ უვლის, მაგრამ მისი მეურნეობიდან სასტუმროები და რესტორნები მარაგდებოდა, რომლებიც ახლა გაჩერებულია.

თუმცა კახამ მალევე დაიჭირა თადარიგი, როგორც კი მიხვდა, რომ პანდემიას ვერც საქართველო ასცდებოდა და ამიტომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწყო უფრო მასიური კულტურების ჩითილების გამოყვანა, რისი გაყიდვაც მაღაზიებშიც იქნება შესაძლებელი. ძალიან დიდი რაოდენობით არა, მაგრამ მოწეული მოსავალი მასაც გასაყიდი აქვს.

Your browser doesn’t support HTML5

კახა თუთბერიძე თავისი სათბურის შესახებ საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში

ერთდროულად რამდენიმე სირთულის წინ დადგა მებოცვრეობის ფერმა „ჩემი რანჩო“. მართალია, მათ გადასაადგილებელი საშვების აღება შეძლეს, მაგრამ ეს საშვები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილზე გაიცა, რამაც შექმნა გადაადგილების პრობლემა.

როგორც „ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელმა ვანო იოსელიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამის გამო გაუთვალისწინებელი ხარჯებიც ჰქონდათ - მოუწიათ მიკროავტობუსის ყიდვა თანამშრომლების გადასაყვანად. პრობლემა იმანაც შექმნა, რომ გაჩერდა რესტორნები, ვისაც პროდუქტს აწვდიდნენ. დიდ სუპერმარკეტებში კი, ისევ შეზღუდვების გამო, ხალხი, ფაქტობრივად, ვერ მიდის.

„ნედლეულის ძალიან ბევრი კომპონენტი გაგვიძვირდა. აქამდე კი ვინარჩუნებდით ფასს, მაგრამ მომავალში შევძლებთ თუ არა ამას, არ ვიცით“.

ბოლო დღეებში ფერმერების კიდევ ერთი პრობლემა ამოტივტივდა, რომელზეც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაპარაკობს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე და „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი რუსუდან გიგაშვილი.

ეს არის, ერთი მხრივ, ტექნიკის და, მეორე მხრივ, მუშახელის არარსებობა:

„მოსავალი რომ ფუჭდება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ისეც ხდება, რომ ფერმერებს სურთ, მაგალითად, დათესონ სიმინდი სამეგრელოში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არ არის ტექნიკა, მიწა რომ დაამუშაონ. მექანიზატორი არის აბაშაში, რომელიც ზუგდიდში ვერ ჩავა. მუშახელს ვერ ქირაობენ, რადგან აღარ არის ფული - ყველა დანაზოგი დახარჯულია. ეს ნიშნავს, რომ მათი მომავალი წლის გეგმებიც გაურკვეველია. აი, ამაში სჭირდებათ ფერმერებს მთავრობის დახმარება. ასეთი შემთხვევები უნდა გამოავლინონ დროულად და ლოგისტიკაში მიეხმარონ. ფული რომელიმე კონკრეტული კულტურის სუბსიდიაში კი არ უნდა ჩაიდოს, არამედ იმაში, რომ ფერმერმა მუშაობა შეძლოს“.

რუსუდან გიგაშვილი გვეუბნება, რომ თავიდან ფერმერები, ისევე როგორც სხვები, წესებს დაემორჩილნენ. იმედიც ჰქონდათ, რომ პროდუქციის გაყიდვის პრობლემა არ შეექმნებოდათ. ფიქრობდნენ, რომ 21 აპრილს სამანქანო მოძრაობა აღდგებოდა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის თარიღმა კიდევ გადაიწია და მათი მოთმინებაც ამოიწურა.

„ყველას რაღაც თავისი გეგმა ჰქონდა, რომლის გადადებაც სოფლის მეურნეობაში ნიშნავს ყველაფრის გაფუჭებას. აქ ყველაფერს ბუნება მართავს და ყველა დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიტრს ვერ ეტყვი არ აყვავდე! ამიტომ ზოგს უკვე მოწეული მოსავალი უნდა გაეყიდა, ზოგს მიწა მოერწყა, ზოგს დაეთესა ან ფუტკრისთვის დაეხედა. და უცებ, აღმოჩნდა, რომ მათმა სრულმა უმრავლესობამ, იმიტომ, რომ საშვები ვერ აიღეს (რადგან იურიდიულ პირებად დარეგისტრირებულები არ არიან), ეს ვერ შეძლო. ეს ხომ მოსალოდნელი იყო, რომ ასე მოხდებოდა. რატომ ვერ გათვალა ეს მთავრობამ? ჩემი აზრით, ძალიან მარტივად მოგვარდებოდა ეს ამბავი, თუ ხელისუფლება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ხელისუფლებას, რწმუნებულებს დაავალებდა ამ ხალხის სიის შედგენას, მოძიებას, ვის რა კულტურა მოჰყავს და რა გაუჭირდა და შემდეგ, იქვე, იუსტიციის სახლებში მათ დარეგისტრირებას. ეს აგვაცილებდა იმ პრობლემებს, რაზეც დღეს არაერთი ფერმერი ჩივის“.

"მესმის, მესმის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ"

მთავრობამ ეკონომიკური გეგმა ხვალ, 24 აპრილს უნდა გააცნოს საზოგადოებას და, როგორც 23 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ბრიფინგზე, მეტი დეტალი სწორედ ხვალ გახდება ცნობილი.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან დავითაშვილი ფერმერების პრობლემებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე კი, რით დაეხმარება შეზღუდვების გამო პრობლემების წინ მდგარ ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს ხელისუფლება, ან რა კონკრეტული სტრატეგია აქვს მათი პრობლემების გადასაჭრელად, დავითაშვილმა ასე გვიპასუხა:

„დღეს მცირე ფერმერებს, შესაძლოა, მეტი დისკომფორტი ჰქონდეთ, მაგრამ შეზღუდვის ყველა გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარეა და ჩვენ მათი სოლიდარობის იმედი გვაქვს. თუმცა, 27 აპრილიდან გადაადგილების შეზღუდვა ნელ-ნელა მოიხსნება და, შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდება რეალიზაციის პრობლემაც. კიდევ ოთხი-ხუთი დღე უნდა გავუძლოთ. რაც შეეხება სარეალიზაციო არხებს, ჩვენი გეგმით, აგრარული ბაზრების ნაწილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მუშაობას შეძლებენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.