რას ელის კინო 2026 წელს - 20 მთავარი პრემიერა

რა ფილმებს ვუყუროთ 2026 წელს

დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წელი უამრავ კინომოყვარულს გაახარებს.

თუკი მოსალოდნელ პრემიერებს გადახედავთ, უთუოდ შენიშნავთ, რომ 2026 წლის რეპერტუარი საინტერესოა ყველა გემოვნების მაყურებლისთვის - მათთვის, ვინც ცნობილი ბლოკბასტერების გაგრძელებას ელის, მათთვის, ვინც სანახაობას აფასებს და საავტორო კინოს მოყვარულთათვისაც.

არაერთი დიდი რეჟისორია, რომლებიც წელს ახალი ფილმების დასრულებას გვპირდებიან. პრემიერების სერია ერთ თვეში დაიწყება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომლის ჟიურისაც წელს ვიმ ვენდერსი უხელმძღვანელებს. თუმცა ამერიკელი „დამოუკიდებლები“ ახალ ფილმებს ცოტა უფრო ადრე, სანდესის კინოფორუმზე აჩვენებენ. ბუნებრივია, იქნება გასაიდუმლოებული პროექტებიც, რომლებსაც დიდი სტუდიები სიურპრიზის სახით შემოგვთავაზებენ. მაგრამ ყველა არ მალავს, რაზე მუშაობს. უკვე დაანონსებული პროექტებიდან 20 ფილმი შევარჩიე. სათაურებს ჯერ არ ვთარგმნი. მით უმეტეს, რომ ეკრანებზე გამოსვლის წინ ზოგიერთი ფილმის სათაური შეიძლება შეიცვალოს

Disclosure day (რეჟისორი სტივენ სპილბერგი)

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სპილბერგის ახალი ფილმის ტრეილერი, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ 2026 წელს დიდი რეჟისორი თავის 80 წლის იუბილეს „უცხოპლანეტელის“ ახალი ვერსიით აღნიშნავს, ფილმის პრემიერის თარიღი უკვე ცნობილია - 12 ივნისი.


Roosevelt (რეჟისორი მარტინ სკორსეზე)

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ფილმის გადაღების დაწყების შესახებ. ვიცით მხოლოდ, რომ რუზველტის როლი ლეონარდო დი კაპრიომ უნდა შეასრულოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სკორსეზესთვის დამახასიათებელ მუშაობის სწრაფ ტემპს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოგრაფიული ფილმი წლის ბოლოს გამოვა მსოფლიო ეკრანებზე.

ასევე ნახეთ 2025 წლის საუკეთესო 10 ფილმი

Lost and Found in Paris (რეჟისორი რუპერტ ევერეტი)

ისტორია ძნელად აღსაზრდელ მოზარდზე, რომელსაც მშობლები პარიზში აგზავნიან საკმაოდ შეძლებულ ოჯახში (ჯონ მალკოვიჩი და კრისტინ სკოტ-ტომასი), რათა ფრანგულ ენას დაეუფლოს. გადაღება დასასრულს უახლოვდება.

Narnia (რეჟისორი გრეტა გერვიგი)

„ფემინისტური კინოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ნეტფლიქსთან“ თანამშრომლობს, თუმცა გერვიგის ფანები ამტკიცებენ, შეუძლებელია ახალ „ნარნიაში“ „ნეტფლიქსისთვის“ დამახასიათებელი სტერეოტიპული სტილისტური კოდები ვიხილოთო. ვნახოთ. უნდა მოვითმინოთ ნოემბრამდე, როცა დაგეგმილია გერვიგის ახალი ფანტასტიკური ფილმის პრემიერა. მთავარ როლებში კარგ მსახიობებს, ემა მაკეის და კერი მალიგანს, ვიხილავთ.

Proxy (რეჟისორი კორნელ მუნდრუცო)

ჰოლივუდში გადასახლებული უნგრული კინოს ერთ-ერთი ლიდერი ამჯერად სამეცნიერო ფანტასტიკით დაინტერესდა და, როგორც ჩანს, „ბოდი-ჰორორის“ ჟანრში აგრძელებს მუშაობას.

Digger (რეჟისორი ალეხანდრო ინიარიტუ)

„ოსკარის“ ორგზის ლაურეატის ახალი ფილმი, ტომ კრუზით მთავარ როლში, ოქტომბერში გამოვა მსოფლიო ეკრანებზე. რეჟისორი ამბობს, რომ ეს იქნება კომედია კაცის შესახებ, რომელიც მარტოდმარტო ცდილობს სამყაროს გადარჩენას.

The Adventures of Cliff Booth (რეჟისორი დევიდ ფინჩერი)

კვენტინ ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაღებულ ფინჩერის ახალ ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. ესაა გაგრძელება ტარანტინოს ფილმისა „ერთხელ ჰოლივუდში“, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნეტფლიქსის“ დაფინანსებით შეიქმნა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გადაღება ერთ თვეში დასრულდება, არ იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში.

Amarga navidad (რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)

მადრიდი და კანარის კუნძული, ლანსელოტე - ესაა ორი ადგილი, სადაც ვითარდება მოქმედება ალმოდოვარის ახალი ფილმისა, რომლის სათაური პოპულარული სიმღერაა ჩაველა ვარგასის შესრულებით. ალმოდოვარი დაუბრუნდა ჩაველას და ესპანეთს! ასევე, ფილმის ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, იმ სტილს, რომელმაც იგი ესპანური კინოს ნომერი პირველი რეჟისორი გახადა.

I want your sex (რეჟისორი გრეგ არაკი)

ცნობილი ამერიკელი პროვოკატორის, დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი ლიდერის, გრეგ არაკის ფილმის გადაღება რამდენჯერმე შეჩერდა. ფილმი უკვე არის ჩართული სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში, თუმცა არაკის ახალი პროექტის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ „ბევრი სექსი“ იქნება.

Parallel tales (რეჟისორი ასღარ ფარჰადი)

ვინსენტ კასელი, იზაბელ იუპერი, კატრინ დენევი მონაწილეობენ ირანელი რეჟისორის ფრანგულ დრამაში, რომელსაც, სავარაუდოდ, კანის ფესტივალზე აჩვენებენ.

The Odyssey (რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი)

რატომღაც შუა ზაფხულისთვის დაიგეგმა ჰომეროსის ტექსტის ეკრანიზაცია, რომელსაც მოუთმენლად ელიან ნოლანის ფანები. ტრეილერის მიხედვით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, გასაგები ხდება, რომ ეს იქნება ჰომეროსის პოემის აბსოლუტურად თავისუფალი ინტერპრეტაცია (პერსონაჟები თანამედროვე ინგლისურით საუბრობენ), ჰოლივუდის ვარსკვლავებით - მეტ დეიმონით, რობერტ პატისონით და სხვებით.

Minotaur (რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი)

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ექიმები ანდრეი ზვიაგინცევის გადარჩენის გარანტიას არ იძლეოდნენ. თანამედროვე რუსული კინოს ლიდერი გერმანიის ჰოსპიტალში ებრძოდა კოვიდს. დღეს პუტინის რეჟიმისგან გაქცეული რეჟისორი რიგაში ასრულებს გადაღებას ახალი ფილმისა, რომლის გმირი, დიდი რუსული კომპანიის დირექტორი, ცოლის ღალატის შესახებ შეიტყობს.

Fjord (რეჟისორი კრისტიან მუნჯუ)

ქსენოფობია, კოლონიალიზმი, ევროპის კრიზისი, რელიგია - ამ თემების ინტერპრეტაციას უნდა ველოდოთ რუმინული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ლიდერის ახალ ფილმში, რომლის გადაღება ნორვეგიაში დასრულდა. მთავარ როლებში არიან რუმინული წარმოშობის ჰოლივუდის ვარსკვლავი სებასტიან სტენი და ნორვეგიული კინოს ყველაზე პოპულარული მსახიობი რენატე რეისვე. ვფიქრობ, პრემიერა მოეწყობა კანის ფესტივალზე, სადაც მუნჯუს დებიუტი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ მთავარი პრიზის, „ოქროს პალმის“ ლაურეატი გახდა.

ასევე ნახეთ ახალი „პარაზიტები“ საქართველოში

Possible love (რეჟისორი ლი ჩანგ დონი)

პირადად ჩემთვის ეს წელი, პირველ რიგში, ლი ჩანგ დონის დიდ კინოში დაბრუნების გამოა საინტერესო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კორეელი რეჟისორი, რომელსაც არათუ ცუდი, არამედ საშუალო ფილმიც კი არა აქვს, “ნეტფლიქსის“ ფულით იღებს სასიყვარულო ისტორიას ოთხ ახალგაზრდაზე, რომელთა გზები სრულიად მოულოდნელად იკვეთება.

Wilder and me (რეჟისორი სტივენ ფრირზი)

ჯონატან კოუს წიგნის ეს ეკრანიზაცია, რომლის მოქმედება 1977 წელს ხდება, როცა დიდი ამერიკელი რეჟისორი ბილი უაილდერი თავის უკანასკნელ ფილმზე, „ფედორაზე“ მუშაობდა, პოლიტიკური სატირაა, რომელიც, როგორც ამბობენ, სავსე იქნება ფრირზისთვის დამახასიათებელი მწარე იუმორით. ბილი უაილდერის როლში კრისტოფ ვალცს ვიხილავთ.

Look back (რეჟისორი ჰიროკაცუ კორეედა)

პოპულარული იაპონური კომიქსის (მანგაკას) ამეტყველებას კინოს ენაზე კორეედა კარგა ხანია აპირებდა, მაგრამ გადაღების უფლება ავტორისგან, ტაცუკი ფუძიმოტოსგან ახლახან მიიღო. ფილმის პრემიერა სექტემბერში ვენეციის კინოფესტივალზე უნდა შედგეს.

ასევე ნახეთ კოლექტიური ჰიპნოზის ძალა

The entertainment system is down (რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი)

კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ლაურეატი, მგონი, მეორდება - მისი ახალი ფილმის მოქმედება ახლა უკვე თვითმფრინავის კატასტროფის დროს ხდება. ჰოლივუდში გადახვეწილი შვედი რეჟისორის ახალ სატირულ კომედიაში მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი და კრისტინ სტუარტი.

It will happen tonight (რეჟისორი ნანი მორეტი)

აპრილში ნანი მორეტი გულის შეტევას გაუმკლავდა და დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს. კამერულ სასიყვარულო დრამაში, რომლის გადაღება ერთ თვეში უნდა დასრულდეს, მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი ლუი გარელი განასახიერებს.

De noche (რეჟისორი ტოდ ჰეინსი)

ჰოაკინ ფენიქსმა, რომლისთვისაც ფილმის სცენარი დაიწერა, გადაღების დაწყებისთანავე დატოვა პროექტი. მსახიობი შეცვალა პედრო პასკალმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჰეინსის მორიგ გეი-მელოდრამაში მოუწევს თამაში.

The Devil Wears Prada 2 (რეჟისორი დევიდ ფრენკელი)

დიდი დრო გავიდა, მაგრამ მერილ სტრიპის პერსონაჟი კვლავაც ეძებს ფულს თავისი ჟურნალის გამოსაცემად. ამ ხნის მანძილზე მერილ სტრიპი კიდევ უფრო აქტიური გახდა როგორც მოქალაქე, როგორც საზოგადოების წევრი და, თუ გნებავთ, როგორც პოლიტიკოსი. ამიტომ მით უფრო საინტერესოა, რას გვეტყვის ახალს პოპულარული კომედიის სიკველში.

ასევე ნახეთ ჰელოუინის კინო