საქართველოში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი ფრანსის პრიმერსკი, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტომ (იუსტიციის სამინისტროს უწყება) უარი ერთი თვის წინ უთხრა მოკლევადიან ბინადრობაზე, დავას სასამართლოში აგრძელებს და მოითხოვს გაუქმდეს სააგენტოს გამოცემული აქტი.
30-დღიანი ვადა დღეს, 27 აპრილს გადის - ფრანსის პრიმერსკის ამ დრომდე შეეძლო ქვეყანაში დარჩენა და სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაც, რაც გააკეთა კიდეც.
*მასალა უკვე გამოქვეყნებული გვქონდა, როდესაც ფრანსის პრომერსკის მიუვიდა შეტყობინება, რომ მას სააგენტომ უარი უთხრა ქვეყნის დატოვების გადავადებაზე
რა საჩივრდება?
მისი ადვოკატი, შორენა ლოლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკვე სასამართლოშია გასაჩივრებული სააგენტოს აქტი, რომლითაც ამავე სააგენტოს მიერ, ცოტა ხნით ადრე, ფრანგი ფოტოგრაფისათვის მიცემული ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა.
ფრანსის პრიმერსკიმ სააგენტოსგან ასევე მოითხოვა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებაც, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე საქართველოში დარჩეს და შეეძლოს სასამართლო სხდომებს დაესწროს.
„კანონში არსებობს ზოგადი ჩანაწერი, რომ თუ პირმა საქართველოში დაიწყო დავა და ის მიიჩნევს, რომ მან უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობა, მას უნდა გადაუვადონ ქვეყნიდან გასვლა. თუმცა ეს გადაწყვეტილება სწორედ სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა მიიღოს“, - ეუბნება ფოტოგრაფის ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
სერვისების განვითარების სააგენტოს საპასუხოდ ხუთდღიანი ვადა ჰქონდა და წესით, ფოტოგრაფმა პასუხი ხვალ უნდა მიიღოს.
საქმის წარმოების დაწყების შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც.
სასამართლომ უკვე დაავალა სააგენტოს იმ დოკუმენტაციის მიწოდებაც, რის საფუძველზეც, ფრანსის პრიმერსკის უარი უთხრეს საქართველოში დარჩენაზე.
ფოტოგრაფის ადვოკატი შორენა ლოლაძე შენიშნავს, რომ სასამართლო ელის დამატებით დოკუმენტაციას კონტრდაზვერვის სამსახურისგანაც - კერძოდ, რა მტკიცებულებები არსებობს მის წინააღმდეგ. არის თუ არა და თუ კი, რატომ, ამა თუ იმ უცხოელის ყოფნა ქვეყანაში საფრთხის შემცველი.
ადვოკატის თქმით, ამ ტიპის საქმეებში, დასკვნებს, როგორც წესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამზადებს და სააგენტოს უზიარებს.
ფოტოგრაფისთვის ამ დრომდე უცნობია რატომ უთხრეს მას უარი საქართველოში მოკლევადიან ბინადრობაზე, სადაც ის 20 წელია ცხოვრობს. მუშაობს და აქვს კერძო საკუთრება.
რა ეწერა აქტში?
როგორც მისმა ადვოკატმა გვითხრა, მიღებულ წერილში მითითებულია მხოლოდ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი: „თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას“:
„ამით მივხვდით, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს, თითქოს მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელებაზე, რაც თითქოს საფრთხის შემცველია საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის - თუმცა რა მოაზრება ამაში, ეს ჩვენთვის უცნობია“.
კიდევ ერთი სირთულე, რაც მსგავს საქმეებს ახლავს არის ის, - გვეუბნება შორენა ლოლაძე, - რომ სუს-ის ყველა ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება და მოსარჩელე მხარეს მისი გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცემა. მას მხოლოდ მოსამართლეს მიაწვდიან, რაც ადვოკატის შეფასებით, ასევე პრობლემური საკითხია:
"ფრანსისისთვის იზღუდება მისი უფლება - მიიღოს თავის თავზე ყველანაირი ინფორმაცია. ცხადია, მისთვის რთული იქნება პოზიციონირება, როცა არ იცის რა წერია მასზე და ვერ აბათილებს საწინააღმდეგო არგუმენტებს. ასეთ დროს, თუ მოსამართლემ არ შეხედა კრიტიკულად მტკიცებულებებს, მხარეს ძალიან ცოტა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს“.
ასევე ნახეთ
„აქ მინდა ვიცხოვრო, მოვკვდე და დავიმარხო“ - ინტერვიუ ფრანგ ფოტოგრაფთან, რომელსაც საქართველოდან გაძევება ემუქრებათბილისის საქალაქო სასამართლოში ფრანგი ფოტოგრაფის საქმეზე პირველი სხდომა 2026 წლის 15 ივნისს დაინიშნა.
თუ სასამართლო ამ აქტს გააუქმებს, ფრანსის პრიმერსკის ისევ ექნება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა და ის ისევ შეძლებს გააგრძელოს ცხოვრება და მუშაობა საქართველოში, როგორც ის ამას ბოლო ოცი წლის განმავლობაში აკეთებდა.
თავად ფრანსის პრიმერსკიმ, რომელთანაც ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ცოტა ხნის წინ ჩაწერა, გვითხრა, რომ მან რეაგირებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოსაც მიმართა.
საელჩოს ჩვენც ვკითხეთ, თუ დაინტერესდნენ ფრანგი ფოტოგრაფის საქმით და ხომ არ ჰქონიათ ან აპირებენ კომუნიკაციას ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჯერჯერობით საელჩოსგან პასუხი არ მიგვიღია. პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.
ასევე არ გვაქვს პასუხი სერვისების განვითარების სააგენტოსგან, ვისგანაც გვაინტერესებდა, რა გახდა ფრანგი ფოტოგრაფისათვის მოკლევადიანი ბინადრობის გაუქმების მიზეზი.
ასევე ნახეთ
სასჯელად უცხოელის საქართველოდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა - შსს-მ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა2026 წლის მარტში, ფოტოგრაფმა და ვიდეოგრაფმა ფრანსის პრიმერსკიმ, რომელიც 20 წელია საქართველოში ცხოვრობს და იღებს ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე მოვლენას, მათ შორის, ბოლო დროის საპროტესტო აქციებს, ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების შესახებ დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ ორ კვირაში მოულოდნელად ფოსტით აცნობეს, რომ მისი ნებართვა გაუქმდა. მისთვის მიზეზები არ აუხსნიათ. წერილში მხოლოდ კანონის მუხლი იყო მითითებული, რის საფუძველზეც უთხრეს მას უარი. ქვეყნის დატოვების ვადა კი 25 აპრილამდე მისცეს.