ქართველები პოლონეთში - დასაქმების სირთულე და სიმარტივე

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლონეთი ჯერჯერობით ერთადერთია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დროებითი მიგრაციისას ლეგალურად შეუძლიათ დასაქმება.

ფულადი გზავნილების დინამიკა აჩვენებს, რომ პოლონეთიდან საქართველოში ყოველ თვეში უფრო მეტი ფული ჩამოდის.

დასაქმების ახალი პერსპექტივა მიმზიდველია, თუმცა შეიცავს გარკვეულ რისკებსაც და მნიშვნელოვანია, ქვეყნის დატოვებამდე ეს რისკები მინიმუმამდე შეამციროთ.

დურო ცაბაძემ წელიწად-ნახევრის წინ ორი სტუდენტი შვილი და ცოლი საქართველოში დატოვა და სამუშაოდ პოლონეთში წავიდა. ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება როცა მიიღო, უკვე უმუშევარი იყო. მანამდე 15 წელი საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. ახლა ვროცლავში ზეინკლია, “მექანიკის ინსტიტუტში” ვაგონების დეტალებს აკეთებს, რომელთა ნაწილი ინგლისსა და გერმანიაში მიდის ექსპორტზე, ნაწილს კი პოლონეთშივე იყენებენ ადგილობრივ წარმოებაში. მიუხედავად იმისა, რომ დურო ცაბაძე მაღალკვალიფიციური კადრია, ბოლო თვეები ის დღეში 4 საათს შემდუღებლობას სწავლობდა. პოლონეთში შემდუღებლებს კარგად უხდიან. იმედი აქვს, რომ როცა სამუშაო ბარათს მიიღებს, საქართველოში ჩამოვა ოჯახს ნახავს და უკან დაბრუნებული ან ზეინკლის 12-საათიან სამუშაოზე გადავა ან შემდუღებლის ვაკანსიას იპოვის.ნოსტალგიის მიუხედავად საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს.

დურო ცაბაძე პოლონეთში სამუშაოდ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საპილოტე პროგრამით წავიდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებაში ეხმარება. ამ პროგრამაში საქართველოს 50-მდე მოქალაქეა ჩართული. მათი უმეტესობა მშენებლობაზე ან ტრანსპორტის სფეროშია დასაქმებული.

პროექტში ჩართვის შემთხვევაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს დამსაქმებელთან დაკავშირებასა და სამუშაო ვიზის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ეს პროექტი იცავს სამსახურის მაძიებლებს არალეგალური მიგრაციისგან, რაც შეიცავს როგორც ტრეფიკინგის, ასევე საზღვარგარეთ უსამსახუროდ დარჩენის საფრთხეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაშიც ამბობენ, რომ როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთში ქართველების დასაქმების შესაძლებლობის შესახებ და ამუშავდა საპილოტე პროგრამა, მაშინვე გაჩნდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს გარკვეული საფასურით პოლონეთში სამსახურის შოვნას ჰპირდებოდნენ, თუმცა მათი ნაწილი ამ დაპირებას არ ასრულებდა და უკვე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ბინისა და სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები ხვდებოდნენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ.

მაგალითად, სალომე თავის დასთან, სიძესთან, მცირეწლოვან დისშვილსა და ოჯახის მეგობართან ერთად რამდენიმე თვის წინ წავიდა საქართველოდან. იმისათვის, რომ სამსახური და ბინა გარანტირებული ჰქონოდათ, ფული გადაუხადეს ქალს, რომელიც ყველაფრის მოგვარებას დაჰპირდა, პოლონეთში ჩასულები კი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. “შუამავალმა” გადახდილი თანხის მხოლოდ ნაწილი დაუბრუნა, მათ კი სამსახურის შოვნაში კატოვიცას რკინიგზის სადგურზე გაცნობილი ქართველი კაცი დაეხმარა. ორ ქარხანაში იმუშავეს. ჯერ მანქანების სამუხრუჭე დისკოებს ასუფთავებდნენ, მერე წინდების მწარმოებელ ფაბრიკაში იშოვეს სამუშაო. ახლა ისევ სამსახურის ძიებაში არიან - დამსაქმებლებს ძირითადად ინტერნეტში ეძებენ, დასაქმების საიტებზე, და მთავარი ბარიერი მათ შორის ენის უცოდინრობაა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც დაისჯება ყველა, ვინც ფინანსური ან მატერიალური მოგების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უკანონოდ დარჩენისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს კანონი თაღლითობის შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სააგენტოსთან ურთიერთობაში შედარებით გაუმართლა ჯაბას (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით), რომელიც პოლონეთში პირველად ერთი წლის წინ წავიდა სააგენტოს დახმარებით და გადახდილი თანხის სანაცვლოდ იქ სამსახური და სახლი დახვდა, რამდენიმე თვე კონტრაქტით იმუშავა და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მეორედ უკვე დამოუკიდებლად წავიდა. იმედი ჰქონდა, რომ ძველ დამსაქმებელს ახლაც აღმოაჩნდებოდა მისთვის სამსახური, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. ახლა სპეციალურად სამსახურის მაძიებელთათვის შექმნილ ჯგუფებში ეძებს სამუშაოს.

ჯგუფები და გვერდები დასაქმების მსურველთათვის ინტერნეტში მრავლად მოიპოვება. რამდენიმე ფაქტი პოლონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით დაგეხმარებათ მიხვდეთ, რამდენად სანდოა სააგენტო:

  • პოლონეთში დროებითი დასაქმების პროგრამით წასულ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით შეუძლიათ მუშაობა. შემდეგ აუცილებელია სამშობლოში დაბრუნება.
  • ხანგრძლივად მუშაობის უფლებით ცხოვრებისთვის უნდა გქონდეთ სამუშაო ნებართვა, რომლის მოქმედების ვადაც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 წელს.
  • პოლონეთში მუშაობისთვის აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი უცხო ენა მაინც.
  • რაც უფრო მაღალია თქვენი კვალიფიკაცია, მით უფრო მეტია დასაქმების შანსი.
  • დამსაქმებლები ხშირად უზრუნველყოფენ დასაქმებულს დაზღვევით და საცხოვრებლით.
  • დამსაქმებელთან აუცილებლად უნდა გქონდეთ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი სამუშაო და დასვენების საათები, დღეები, ხელფასი, ბენეფიტები და ვალდებულებები.

დურუს პოლონეთში ბინის ქირის ნახევარს მისი დამსაქმებელი ფარავს. საცხოვრებელინაქირავები აქვს ქარხანასთან ახლოს, ორსართულიან სახლში, სადაც ძირითადად ამავე საწარმოში მომუშავეები ცხოვრობენ. ბინაში მარტო არ ცხოვრობს, ორისთვის უფრო ადვილია ქირის გადახდა. ტრანსპორტში ფული არ ეხარჯება, ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს დამსაქმებელი იხდის. ის თანხა, რომელსაც თვის განმავლობაში გამოიმუშავებს, საკმარისია მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრებისთვის, დურუს კი, ისევე როგორც შრომითი მიგრანტების უმეტესობას, საქართველოში ოჯახისთვის გამოსაგზავნი ფულიც მოსაგროვებელი აქვს.

“მე აქ ალბათ ყველაზე მაღალი ხელფასი მაქვს, ვინც ჩამოდის, “სვარჩიკების” გარდა. ზეინკლების უმეტესობა ისეთ ქარხნებში მუშაობს, ხორცის ფაბრიკებში, კონვეირებში მუშაობენ, იმათზე მაღალი ხელფასი მაქვს, მაგრამ მაინც რთულია. ძალიან მომჭირნედ უნდა იცხოვრო, რომ 8-საათიანი მუშაობით რამე დაგრჩეს”.

განსხვავებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სამუშაოს საძებრად მიდიან, პოლონეთი მიმზიდველია იმით, რომ ლეგალურად მიგრანტებს სამსახურის შოვნა კანონიერად შეუძლიათ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვა მარტივად ფორმდება.

ევროსტატის მონაცემებით, 2017 წელს პოლონეთმა ევროკავშირის მასშტაბით გაერთიანების არაწევრი ქვეყნებიდან მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ეკონომიკა მზარდია, პოლონელების დიდი ნაწილი ხშირად სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროპის სხვა ქვეყნებს ირჩევს და ადგილობრივი სამუშაო ძალის დეფიციტის შესავსებად ქვეყანა იძულებულია ფართოდ გახსნას კარი შრომითი მიგრანტებისთვის. პოლონეთის შრომითი მიგრანტების დიდ ნაწილს უკრაინიდან ჩასული სამსახურის მაძიებლები შეადგენენ, რომელთა რაოდენობა უკვე ასცდა მილიონს.

საქართველოში ფულადი გზავნილების დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ საქართველოდანაც ყოველთვიურად იზრდება პოლონეთში სამუშაოდ წასულთა რაოდენობა. მხოლოდ 2019 წლის მარტში პოლონეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობამ 2 357 000 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ერთი წლის წინ ეს თანხა ერთ მილიონსაც კი არ შეადგენდა. პოლონეთი 2019 წლიდან მსხვილი ფულადი გზავნილების გამომგზავნი ქვეყნების ათეულში მოხვდა.

პოლონეთში მუშაობის მსურველებისთვის წასვლის რამდენიმე გზა არსებობს: სახელმწიფო საპილოტე პროგრამაში ჩართვა, სააგენტოების დახმარებით დამსაქმებლის პოვნა ან დამოუკიდებლად დაკავშირება დამსაქმებელთან.

გიორგი (სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) 2017 წელს წავიდა პოლონეთში. კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი საქართველოში ავტოსერვისებში მუშაობდა. ამბობს, რომ პოლონეთში მისთვის ცხოვრებაც და მუშაობაც გაცილებით საინტერესო და შემოსავლიანია, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საკმაოდ მძიმე სამუშაოზე, გზების მოპირკეთებაზე მუშაობდა და დამსაქმებელმა მისთვის რაღაც ეტაპზე ხელფასის გადახდა აღარ ისურვა. იმის გამო, რომ ხელშეკრულებით მუშაობდა და იცოდა, როგორ დაეცვა თავისი უფლებები, კუთვნილი ხელფასი მიიღო და ახალი სამსახური მალევე იშოვა. 2017 წლიდან ამ დრომდე სამი ქალაქი და სამსახური გამოიცვალა, რამდენიმე დღით საქართველოშიც იყო ჩამოსული ოჯახის წევრების სანახავად. ახლა H&M-ში მუშაობს. დარწმუნებულია, რომ წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო და ალბათ კიდევ ბევრ წელს გაატარებს პოლონეთში. ამბობს, რომ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ მისთვის ცხოვრება მეტად მარტივი და მოხერხებულია, თუმცა მათ, ვინც იმავე გზის გავლას გადაწყვეტს, რამდენიმე გაფრთხილებას აძლევს:

“აქ ღამით ვაგზალზე რომ გაიარო, სავსეა ქართველებით, რომლებსაც არც ღამის გასათევი აქვთ და არც სამუშაო. ჩამოდიან და არ იციან რა გააკეთონ. ზოგს ატყუებენ, რომ აქ სამსახური ელოდება, ზოგს ხვდება, მაგრამ თაკილობს, ან არასაკმარისი კომპეტენცია აქვთ, ან ეზარებათ. ჩვენ შრომის კულტურა გვაკლია. ბევრმა ისიც კი არ იცის როგორ მოიქცეს სამსახურში. აქ ჩამოსვლას თუ გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა იცოდე რუსული და იცოდე, სად და რისთვის მოდიხარ. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს”.

რუსულთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცდილება არსებობს: ზოგი ამბობს, რომ პოლონელებს რუსულის და გერმანულის გაგონება ერთნაირად არ სიამოვნებთ და კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე ან ინგლისურად ურჩევნიათ, ზოგი კი თვლის, რომ პოლონურის სწავლას სჯობს რუსული იცოდე კარგად და შეგეძლოს სრულყოფილი ვერბალური ურთიერთობა დამსაქმებელთან, სოციალურ სააგენტოსთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან.

კიდევ ერთი რჩევა, რასაც პოლონეთში დასაქმებულები იძლევიან, კვალიფიკაციაა. თუ მაღალკვალიფიციური კადრი ხარ, შანსი იმის, რომ მაღალანაზღაურებად სამსახურს ნახავ, მეტია. თუ არასათანადო კვალიფიკაცია გაქვს, ჯობს დრო ბევრი სამსახურის გამოცვლის მაგივრად კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯო.

იმას, რომ ლეგალური შრომითი მიგრაციის ცირკულაცია მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების მისაღებად, ამბობენ მიგრაციის საერთაშორისო ცენტრშიც, სადაც თვლიან, რომ პოლონეთის მსგავსი შესაძლებლობების გახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში საშუალებას მოგვცემს უფრო მეტმა ქართველმა თქვას უარი ევროპაში არალეგალურად მუშაობაზე და მეტად ჰქონდეთ შანსი მიგრანტებს დასაქმდნენ საკუთარი პროფესიით.

ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებიდან პოლონეთი ყველაზე მიმზიდველია ლეგალური დასაქმებისთვის, თუმცა საფრანგეთის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ქართველებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას შეეხება, და გერმანიის კანცლერის მზაობა გახსნან კარი ქართველების ლეგალური შრომითი მიგრაციისთვის, ახალ პერსპექტივებს აჩენს.