Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დაგასაქმებენ საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში?


საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში კანონიერად დასაქმების შანსი გამოუჩნდათ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა შესაბამის სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

  • რას გულისხმობს დასაქმება საფრანგეთში?
  • მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყნებში გაქვთ ან გექნებათ დასაქმების შანსი?
  • რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა?
  • რა რისკებს შეიცავს უკონტროლო სამუშაო მიგრაცია ?

საფრანგეთის მხარის მიერ დამტკიცებული შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ კონკრეტულ მიზნებს გულისხმობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

  • საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობას მიიღებენ;
  • ეს შეეხებათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე ხნიერ ადამიანებს;
  • შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ასევე საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში;
  • ახალგაზრდებისთვის წლიურად გამოყოფილი იქნება - 150 ადგილი (როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის);
  • ყველა სხვა კატეგორიისთვის წელიწადში - 500 ადგილი;
  • დასაქმების საშუალება ექნებათ ახალგაზრდა სპეციალისტებს და ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება. ისინი შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

თუმცა სწრაფად და სპონტანურად საფრანგეთი დასაქმების მსურველებს რომ არ მიიღებს, ეს 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმაც განმარტა. მისი თქმით, რატიფიცირებული შეთანხმების ტექნიკური დეტალები ჯერ ისევ დასამუშავებელია.

„ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. უნდა მოხდეს კონკრეტული სპეციალობების, პროფესიების იდენტიფიცირება, რომლებზეც არის მოთხოვნა“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დასაქმებასთან დაკავშირებული ორმხრივი შეთანხმების ამბავი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმოწერით დაგვირგვინდა, თან ახალია და თან ძველია:

  • შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს დაამტკიცა და წლების განმავლობაში ელოდებოდა ფრანგულ მხარეს.
  • ეს შეთანხმება ნაწილია ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის - საქართველოს) შორის ამოქმედებული მსხვილი შეთანხმებისა (Mobility Partnership) მასშტაბური შეთანხმებისა, რომელიც მოქალაქეების კანონიერი გადაადგილების ხელშეწყობას, ხოლო უკანონოს - შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყნებში გაქვთ ან გექნებათ დასაქმების შანსი?

2018 წლის აგვისტოში საქართველოში სტუმრობის დროს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია იმუშავებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების შექმნის და დასაქმების ლეგალური გზების უზრუნველსაყოფად. თუმცა ჯერჯერობით არაფერია ახალი ამ მიმართულებით.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან;
  • თუმცა ამ თუ სხვა ქვეყნებში ოფიციალურ დონეზე (სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობით) ჯერჯერობით არავინ დასაქმებულა.

ერთადერთი წარმატებული მაგალითი ამ დრომდე მხოლოდ პოლონეთია, სადაც საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება ოფიციალურ დონეზე 2017 წელს მოხერხდა, გაეროს ქოლგის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციის - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) - საპილოტე პროექტის საშუალებით. პროცესი იოლი არ იყო.

  • პოლონეთში 30-ს არ აღემატება დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი;
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017 წელს, იმავე საპილოტე პროექტის ფარგლებში, პოლონეთის მსგავსად, ცდილობდა გაეჭრა დასაქმების ოფიციალური ხაზი ესტონეთის მიმართულებითაც, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა;
  • პირველი პროექტის დასრულების შემდეგ, IOM-მ ევროკავშირთან თანამშრომლობა ახალი, სამწლიანი პროექტის ფარგლებში დაიწყო;
  • როგორც IOM-ში აცხადებენ, ახალ პროექტში აქტივობა დიდწილად გადატანილია სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგალითად, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში;
  • 2017 წელს გაკვალული გზის ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში, IOM მოელის, რომ საქართველოს სახელმწიფოს საშუალება ექნება თავისი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყოს ხელი არაერთ ქვეყანაში, მაგალითად: ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ნორვეგიაში, გერმანიაში, ფინეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ისრაელში თუ სხვაგან.


როგორც IOM-ს ტექნიკურმა მრჩეველმა, ციური ანთაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საჭიროა მოქალაქეების კვლავ და კვლავ ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის მოკლევადიანი (90 დღე ყოველ 180 დღეში) შესაძლებლობა დასაქმების უფლებას არ გულისხმობს. თუკი მოქალაქეთა მხრიდან ასეთი თვითნებურ მცდელობებს მასშტაბური სახე ექნება, შესაძლებელია, პრობლემა შეექმნას უვიზო მიმოსვლის სიკეთეებსაც.

რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა?

თუკი IOM-ს გამოცდილებით ვიმსჯელებთ, პოლონეთის მაგალითზე, მოთხოვნა ძირითადად პროფესიული კვალიფიკაციის მქონეებზე იყო, მათზე, ვინც ამა თუ იმ ხელობას ფლობს. მაგალითად, დამსაქმებლებს სჭირდებოდათ:

  • შემდუღებლები,
  • ზეინკალ-ამწყობები.
  • საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლები,
  • ავეჯის დამამზადებლები,
  • სამშენებლო სექტორის ხელოსნები.​

პოტენციური დასაქმებულისთვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ენის ცოდნა.

თუკი მაღალკვალიფიციური კადრია, დამსაქმებელი მას მეტ გარანტიასა და მეტ შეღავათს სთავაზობს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ციური ანთაძე. მისი განმარტებით, IOM-ის საპილოტე პროექტის ფარგლებში მომსახურება უფასო იყო როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის. ამასთან, სახელმწიფოთა ჩარევით წარმართული პროცესის დროს დაზღვეულია რისკებიც.
IOM-ს წარმომადგენლის თქმით, ცხადია უცხოეთში ლეგალურად დასაქმების შანსი ყოველთვის აქვთ, მაგალითად, კარგ ექიმებსა თუ მეცნიერებს, მაგრამ ასეთ დროს დამსაქმებელსა და დასაქმებულს არ უჭირთ საერთო ენის გამონახვა, რისკიც ნაკლებია და სახელმწიფოს ჩარევა ნაკლებად ესაჭიროებათ.

რა რისკებს შეიცავს უკონტროლო სამუშაო მიგრაცია?

უკვე წლებია, IOM აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს იმისათვის, რომ ადამიანებმა „ოქროს კოშკების“ დაპირება იოლად არ დაიჯერონ და ზუსტად გაიგონ - ვის და სად მიჰყავს ისინი სამუშაოდ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ იცის არაერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ყიდიან სახლ-კარს, საზღვარგარეთ დასახლებისა და დასაქმების სურვილით და ბოლოს, სულ მთლად უსახლკაროდ რჩებიან.

ციური ანთაძის თქმით, კერძო სააგენტოების საშუალებით ადამიანები ზოგჯერ წარმატებითაც საქმდებიან, მაგალითად, ძიძებად, მოხუცების მომვლელებად ან მედდებად, მაგრამ პროცესში უსაფრთხოების კონტროლი აუცილებელია, რათა, მაგალითად, ტრეფიკინგის ხაფანგში არ აღმოჩნდნენ.

  • მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ, მკაცრად შეთანხმდეს სამუშაო რეჟიმი, პირობები, ანაზღაურების ოდენობა თუ დასაქმების ხანგრძლივობა.
  • სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, IOM-ს პროექტის ფარგლებში არ განიხილებოდა საეჭვო, ანდა არახელსაყრელი შეთავაზებები.

IOM-ს დახმარებით, სახელმწიფო გეგმავს, რომ სამწლიანი პროექტის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლოს კერძო სააგენტოებთანაც და მათი ჩართვით მოხდეს სახელმწიფოთაშორისი დასაქმების პროცესის წარმართვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG