ქარტია აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა დღეს, 2 ივნისს შეიტყვეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე თვის წინ დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

„გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს... ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“, - წერია ქარტიის განცხადებაში.

დღეს, 2 ივნისს თანამშრომლების ნაწილმა შეიტყო, რომ მათთან აჭარის ტელევიზია, რეორგანიზაციის საბაბით, თანამშრომლობას აღარ აგრძელებდა. ამ 14 თანამშრომელს შორის ხუთის ვინაობა ცნობილია:

  • მაია მერკვილაძემ (რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი);
  • ირინა ყურუამ (გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი);
  • ასევე თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ.

„ეს ჩემთვის არ არის პირველი გათავისუფლება სამსახურიდან, მაინცდამაინც მორჩილი პოზიციით არ გამოვირჩევი და მაქვს საკუთარი აზრი რაღაც ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

ასევე ნახეთ

„მიზანია, კრიტიკული კითხვები არ ისმოდეს“ - აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტები დაითხოვეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვებით გამორჩეული ჟურნალისტები სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს, ნაწილი კი ეთერიდან მოხსნეს.

ასევე ნახეთ

აჭარის ტელევიზია: უკან მთავრობის სამსახურში

ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეურვეო საბჭომ დროზე ადრე შეუწყვიტა კონტრაქტი არხის იმდროიდნელ დირექტორს, ნათია კაპანაძეს. მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელიც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშია. ეს გადაწყვეტილებები მან მიიღო.

მანვე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი (მოგვიანებით გაათავისუფლა) და მთავარი გამოშვების რედაქტორი, მაია მერკვილაძე, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

ასევე ნახეთ

გიორგი კოხრეიძემ აჭარის მაუწყებლიდან თეონა ბაკურიძე გაუშვა

ასევე ნახეთ

ეთერიდან მოხსნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი

მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში დავა წამოიწყეს.

ასევე ნახეთ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავას იწყებენ

ასევე ნახეთ

ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე: გათავისუფლებიდან 5 წლის შემდეგ, აჭარის ტელევიზიას კომპენსაციის გადახდა მოუწია

ასევე ნახეთ

სასამართლომ უკანონოდ ცნო აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს უფროსის გათავისუფლების გადაწყვეტილება

მოქმედი დირექტორი ირაკლი კიკვაძე, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მაუწყებლის თანამშრომლების გაშვება დაიწყო, ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 29 იანვრიდან მუშაობს. ის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი იყო.

ასევე ნახეთ

„ტელევიზია ჩემთვის ახლო სამსახურია“ - აჭარის ტელევიზიის დირექტორი ირაკლი კიკვაძე გახდა