ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველა ინფორმაციას, რომლებიც გიგა ავალიანის საქმეს უკავშირდება - დაწყებული მასზე ძალადობით, რომელმაც ძალადობის სხვა ეპიზოდებსაც მოჰფინა ნათელი.
„გამოვიყენე მაქსიმალური სასჯელი“, - მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიას ამ სიტყვების გაგონებისთანავე სასამართლო სხდომათა დარბაზში პირველივე სკამზე მჯდარი გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მის გვერდით მჯდომ ვაჟს ნიკა ავალიანს ჩაეხუტა, ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის [დ.ჩ. - არასრულწლოვნის ინიციალები] დედამ კი პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის კარი გაიჯახუნა. ის აღარც ჟურნალისტებს დალაპარაკებია.
სისხლის სამართლის ამ საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანებას უკავშირდება, ბრალდებულთა სკამზე ორი არასრულწლოვანი იჯდა:
- ა.ნ. - გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.-სა და მთავარი მსჯავრდებულის [ა.გ.] მეგობარი გოგო.
- დ.ჩ. - მთავარი მსჯავრდებულის [ა.გ.] მეორე მეგობარი.
მთავარი მსჯავრდებული - ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში დამნაშავედ ცნობილი, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია - ცნობილი ინიციალებით ა.გ.
მთავარი მსჯავრდებულის მეგობარი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული მოზარდი, რომელიც ავალიანზე ძალადობას ტელეფონით იღებდა.
მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული - გიგა ავალიანის მოსწავლე გოგო - ნ.ი.
გიგა ავალიანის მოსწავლის მეგობარი [ა.ნ.] მოსამართლემ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გავლენით, სასჯელი 1/4-ით შემცირდა. ის ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ასევე ნახეთ
რა მოხდა გიგა ავალიანის საქმის სასამართლოზე, სადაც იძულებით გამოკითხვაზე მიიყვანეს არასრულწლოვანიმთავარი მსჯავრდებულის მეორე მეგობარი დ.ჩ.-ც დამნაშავედ ცნეს, „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში და სასჯელად მაქსიმალური - 13 წელი განუსაზღვრეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა აქაც იმუშავა და სასჯელი 1/4-ით შემცირდა. ის ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პროკურორის ნათქვამიდან გაირკვა, რომ სასჯელის განსაზღვრამდე სასამართლომ გამოითხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არასრულწლოვანი ბრალდებულების შესახებ, სადაც „კონკრეტული საფრთხეები იყო ჩამოთვლილი“.
კონკრეტულად რა? - არც პროკურორს და არც მოსამართლეს დეტალები არ განუმარტავთ.
პროკურორმა მხოლოდ ეს თქვა, რომ ეს არის დოკუმენტი, „რომელშიც იწერება თუ რა საფრთხეები და რა საშიშროება მოდის საზოგადოებისთვის აღნიშნული ბრალდებულების მხრიდან, სასამართლომ და სახელმწიფომ რა იძულების მექანიზმები უნდა გაატაროს მათ წინააღმდეგ“
დაცვის მხარე მოსამართლეს სთხოვდა უფრო ლოიალური ყოფილიყო არასრულწლოვნების მიმართ, ვიდრე პროკურატურა, თუმცა სასამართლოს პოზიცია პროკურატურისას დაემთხვა და მიზანშეწონილად სასჯელის უმაღლესი ზომა მიიჩნია.
ასევე ნახეთ
„მაინც მოგიწევთ ჩემი მოსმენა“ - რა დაამატა გამოძიებამ ავალიანის საქმესსასჯელის გამოცხადებას წინ უსწრებდა საქმის განმხილველი მოსამართლის დემეტრე ჯინჯოლიას განცხადება. მოსამართლის თქმით, სასამართლოსთვის „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ“.
რა როლი აქვს ა.ნ.-ს გიგა ავალიანის საქმეში და რა მიმოწერას გულისხმობს მოსამართლე?
17 წლის გოგო, გიგა ავალიანის მოსწავლის მეგობარი - ა.ნ. 2025 წლის 20 დეკემბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა, ვინაიდან პროკურატურამ გიგა ავალიანზე ძალადობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად მიიჩნია. ასეთი დანაშაულის დაფარვისთვის კი კიდევ უფრო მეტი სასჯელია.
ა.ნ.-ს ჩვენების თანახმად, მან იცოდა, რომ მთავარ მსჯავრდებულს სურდა გიგა ავალიანის ნახვა და ცემა, ამისთვის ის სასწავლო ცენტრთან რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა.
„მე მომხდარი თავდასხმის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ შემიტყობინებია, რადგან არ ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრის მასწავლებელი ცუდად თავდასხმის შედეგად გახდა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ „მგონი რაღაც ჩამოვარდა კორპუსიდან და მას თავში დაეცაო“...
„როდესაც მე ა.გ.-მ მითხრა, რომ წამეშალა ინსტაგრამ გვერდის და ტიკ-ტოკის გვერდის ჩათები, სადაც მე ა.გ. მწერდა მისი თხოვნის შესაბამისად, მე ჩათები წავშალე რადგან, მე მთხოვა ა.გ.-მ, თან შემეშინდა, რადგან არც ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი...
...მე არ შევატყობინე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ნამდვილად არ ვიცოდი ა.გ.-ს თავდასხმის შედეგად თუ იყო მძიმე მდგომარეობაში მასწავლებელი …და არც ის არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი“, - ეს არის ამონარიდები ა.ნ.-ს ჩვენებიდან, რომელიც საქმის მასალებში დევს.
მთავარ მსჯავრდებულსა და მის მეგობარს შორის [ა.ნ-სა და ა.გ.-ს შორის] მიმოწერა 29 სექტემბრიდან იწყება. [ამონარიდები ზედმიწევნით სრული არაა]
ამის შემდეგ საუბარი გრძელდება, რომ მოზარდის შეყვარებულმა გოგომ არაფერი არ უნდა გაიგოს. ა.გ. ეშინია, რომ თუ არ დაიცავს მას, შეყვარებულის მოლოდინებს ვერ გაამართლებს. აფიცებს შეყვარებულის დაქალს, თუ კიდევ რამეს გაიგებს, არ დაუმალოს. თუ მისი შეყვარებული მის გეგმაზე გაიგებს, დაშორდება.
„ტაქსის მძღოლი გვყავს დაკითხული, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბრალდებულები მისი ტაქსით მგზავრობისას ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, რომ ა.ნ,-სთვის დაერეკათ და მოეყოლათ მისთვის... ეს ა.ნ. იყო ის, ვინც დღეს დაისაჯა, შესაბამისი სასჯელით. ნომრების დეტალურებითაც და ანძების შესახებ ინფორმაციითაც დადასტურდა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, რაზე ისაუბრეს არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ბრალდებულების გარდა ამ შეკრებას არავინ ესწრებოდა, ფაქტია, რომ ეს შეხვედრა შედგა და ნასყიდაშვილმა ყველაფერი იცოდა“, - ამბობს პროკურორი ქეთი სონიძე.
ვინ არის დ.ჩ. და რა როლი აქვს გიგა ავალიანის საქმეში?
მთავარი მსჯავრდებულის მეორე მეგობარი [დ.ჩ.] თავიდან გიგა ავალიანის მოსწავლის მეგობართან [ა.ნ.] ერთად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა მუხლი შეიცვალა. . პროკურატურის ამ ნაბიჯს დ.ჩ.-ს დედის პროტესტი მოჰყვა. ის პროკურატურასთან შიმშილობდა კიდეც.
„დ.ჩ. გაწირეს, რათა დაემშვიდებინათ გიგა ავალიანის ოჯახი“ და ამით „მთავარ პროკურორს საკუთარი სკამი გადაერჩინა“, - უთხრა სოფო ძნელაძემ რადიო თავისუფლებას 2026 წლის 23 იანვარს.
ასევე ნახეთ
ახალი ბრალი და დამძიმებული მუხლები - რა შეიცვალა გიგა ავალიანის საქმეში?ბრალდების თანახმად, მთავარი მსჯავრდებულის მეორე მეგობარი გიგა ავალიანზე ძალადობაში მსჯავრდებულ ორ მოზარდთან ერთად [ორივე მისი მეგობარია] …მივიდა სასწავლებელთან და ჩაუსაფრდა გიგა ავალიანს, იმისათვის, რომ თავს დასხმოდა და დაეზიანებინა“.
„დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს“, - წერია ბრალის დადგენილებაში.
საქმის მასალების თანახმად, დ.ჩ. გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დიდ დიღომში შეხვდა ორ მეგობარს და მთავარმა მსჯავრდებულმა [ა.გ.] გაყოლა სთხოვა.
„მე ვკითხე თუ სად, რაზეც ა.გ.-მ მითხრა, რომ სანახავი ყავდა ვიღაც პიროვნება თემქაზე… ჩემთვის არ უთქვამთ, რა საქმეზე, ვინ უნდა ენახათ, ჩემს შეკითხვაზე ა.გ.-მ მიპასუხა, რომ სალაპარაკოდ უნდა ენახა ვიღაც, ხოლო თუ რა საკითხზე ან ვინ, აღარ უთქვამს და არც მე დამისვამს მეტი შეკითხვა მისთვის. ვინაიდან მქონდა თავისუფალი დრო განვუცხადე თანხმობა...
...გარკვეული დროის შემდეგ ა.გ.-მ თქვა, რომ ვეღარ ნახავდა იმას, ვისაც უნდა შეხვედროდა და გვითხრა, რომ წავსულიყავით სახლებში“.
დედის მტკიცებით, ამ დღის შემდეგ დემეტრე ჩიქოვანს სიცხემ აუწია და ერთი კვირა სახლიდანაც აღარ გასულა.
საქმის მასალებში დევს 30 სექტემბრით დათარიღებული მიმოწერა ა.გ.-სა და გ.რ.-ს შორის, რომელშიც ა.გ. ატყობინებს მეგობარს, რომ დემეტრე ჩიქოვანი „დღეს ვერ მოდის“.
საქმის მასალებში გ.რ.-სა და დემეტრე ჩიქოვანს შორის საუბრის სხვა ჩანაწერებიცაა.
აი, როგორ ხსნის ამ საუბარს გამოკითხვის ოქმიდან 17 წლის ბიჭი:
„დაბარებულები იყვნენ პოლიციაში და ვაპირებდი გაყოლას თანადგომისთვის, მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა სიტყვებში „შარში არ გავეხვე“ ვინაიდან მე რაიმე სახის დანაშაული არ ჩამიდენია. ხოლო სიტყვებში „კამერებში გამოჩენა“ მან სავარაუდოდ იგულისხმა ის, რომ სექტემბრის თვის ბოლოს ა.გ.-ს თხოვნით, ვიმყოფებოდი თემქაზე“.
ასევე ნახეთ
ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ძალადობის სხვა ოთხ ეპიზოდთან დაკავშირებითაც შეუფარდეს პატიმრობამოგვიანებით, დ.ჩ. კიდევ ახალი ბრალი წაუყენეს და ჯგუფურ ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. ეს საქმე დიდ დიღომში მომხდარ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდსა და გიგა ავალიანის ცემას აერთიანებდა. დ.ჩ. ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.
მას 9 წელი მიუსაჯეს, რაც 6 წლამდე და 9 თვემდე შემცირდა. ეს წლები უკვე შთანთქა, დღეს, 2 ივლისს გამოცხადებულმა სასჯელმა, რაც უფრო მძიმეა და უფრო ხანგრძლივი.
საბოლოოდ, ვინ და რა მუხლით დააკავეს გიგა ავალიანის საქმეზე?
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა, 2025 წლის 24 ოქტომბერს კი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- ადგილზე ორი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მესამეც დააკავეს დანაშაულის დაგეგმვის ბრალდებით.
- შემდეგ კიდევ ორი დააკავეს დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლებით. შედეგად, ამ საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
2026 წლის 8 აპრილს გამოცხადდა სამი დაკავებულის განაჩენი, არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით:
- მთავარ მსჯავრდებულსა და მის მეგობარს - 10 წელი და 6 თვე მიუსაჯეს [უკვე 1/4-ით შემცირებული განაჩენი]. ორივე მათგანი ძალადობის ადგილზე იყო, ერთ-ერთი გიგა ავალიანის მოსწავლის შეყვარებულია.
- ორის შესახებ [ა.ნ. და დ.ჩ.] ამ სტატიაში გიყვებით.
- კიდევ ერთი არასრულწლოვანია მსჯავრდებული ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მას 4 წელი მიუსაჯეს, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მისი ჩვენება პირდაპირ გიგა ავალიანს არ უკავშირდება. თუმცა უკავშირდება დიდ დიღომში ჯგუფური ძალადობის იმ საქმეს, სადაც გიგა ავალიანზე ძალადობაცაა გაერთიანებული.
რა მოიტყუა მან? - საქმე დახურულია, დეტალები კი უცნობი, მხარეებს ხელი გაუთქმელობაზე აქვთ მოწერილი. ბრალდებულების/მსჯავრდებულების მშობლები მედიასთან აღარ ლაპარაკობენ.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები
ისევ გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის რამდენიმეეპიზოდიან საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანის ცემასა და დიდი დიღმის ჩხუბებს აერთიანებს. ამ გამოძიების ფარგლებში კიდევ ორ პირს წაუყენეს ბრალი. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ეს ადამიანები გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან კავშირში არ არიან, ისინი პასუხისგებაში არიან მიცემულები დიღმის ძალადობებში მონაწილეობის გამო“, - განმარტავს პროკურორი ქეთი სონიძე.
ასევე ნახეთ
როგორ ხდებიან ბავშვები სასტიკი დამნაშავეები საქართველოშიგამოძიების თანახმად, 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში ამ ორმა დაკავებულმა, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანებაში მსჯავრდებულებთან ერთად „მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს“.
იმავე წლის ივლისში იგივე ჯგუფი „ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდა წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღო“.
დაკავებულებს პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულები და მსჯავრდებულები არიან გიგა ავალიანზე ძალადობაში მსჯავრდებულებიც [ა.გ., დ.ჩ და გ.რ.]
მიუხედავად ხუთი მსჯავრდებულისა, ცალკე გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას ისევ აგრძელებს. ეკა კუპატაძე გიგა ავალიანის იმ მოსწავლის დაკავებასაც მოითხოვს, რომლის შეყვარებულმაც ავალიანზე ძალადობა დაგეგმა და განახორციელა კიდეც. ის დარწმუნებულია, რომ გიგა ავალიანის მოსწავლემ მომხდარის შესახებ იცოდა, უფრო მეტიც, თავად იყო დაგეგმვაში ჩართული.
„ჯერ შუა ეტაპზე ვართ, ძალიან ბევრია დასაკავებელი“, - ამბობს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
პროკურორი ქეთი სონიძე ამბობს, რომ თუ იარსებებს მტკიცებულებების ერთობლიობა, მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა წრე გაფართოვდება.