ყინვა და რუსული რაკეტები - როგორ ცხოვრობს კიევი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში

"უდრეკობის პუნქტი“ (უკრ. Пункт незламності) - ჰუმანიტარული დახმარების კარავი, სადაც კიევის მცხოვრებლებს შეუძლიათ გათბნენ, დამუხტონ მოწყობილობები, მიიღონ ცხელი სასმელები და ფსიქოლოგიური დახმარება. კიევი. 2026 წლის 12 იანვარი.

9 იანვრის ღამეს რუსეთის მასშტაბურმა საჰაერო იერიშმა კიევი მძიმე ენერგეტიკულ კრიზისში ჩააგდო. ძლიერ ყინვებთან ერთად, დარტყმამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში ასობით ათასი ადამიანი დატოვა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე.

კიევი და კიევის ოლქი ჯერაც ვერ გამოსულად მძიმე ენერგეტიკული კრიზისიდან, რომელიც 9 იანვრის ღამეს რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად შეიქმნა. რუსეთის არმიამ იერიში მიიტანა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქისა და ოლქის მინიმუმ 500 ათას მცხოვრებელს გათბობა და ელექტროენერგია გათიშა.

აღდგენითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ვითარებას ართულებს ძლიერი ყინვა (-16, -14), გაყინული ელექტროგადამცემი ქსლები და სადენები, ხეების წაქცევის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და მოყინული გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი კიევის მარცხენა სანაპიროსა და კიევის მიმდებარე რაიონებში, სადაც 9 იანვრის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება მკაცრად შეზღუდული გრაფიკით (დღე-ღამეში მხოლოდ 4 სთ.) ხდება.

9 იანვრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 242 დრონი და 36 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ერთი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა და 13 „ისკანდერ-M“ და С-400 ტიპის ბალისტიკური რაკეტა.

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების გამო ასევე ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ხარკოვისა და დონბასის ოლქების მომხმარებლები, - ნათქვამია კომპანია ДТЭК-ს მიერ 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

კიევი ელექტროენერგიის გათიშვის დროს. 2026 წ. იანვარი

ДТЭК - ყოფილი დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია - უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში უმსხვილესი კერძო ინვესტორი. კომპანია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს როგორც ტრადიციული საწვავით, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურებით; მოიპოვებს ქვანახშირსა და ბუნებრივ აირს, ვაჭრობს ენერგეტიკული პროდუქტებით, ანაწილებს ელექტროენერგიას და მართავს გასამართი სადგურების ქსელს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს კიევში.

კომპანია აღნიშნავს, რომ საგანგებო აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ყველგან, სადაც უსაფრთხოების პირობები იძლევა ამის საშუალებას.

„წინა დაბომბვის შედეგად ელექტროქსელში შექმნილი რთული სიტუაციის გამო, კიევსა და კიევის ოლქში, ასევე ოდესის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავის რეგიონებში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ხორციელდება. რეგიონული ენერგოკომპანიების მიერ ადრე გამოქვეყნებული საათობრივი გათიშვის გრაფიკები აღარ მოქმედებს. ელექტროენერგიის საგანგებო (ავარიული) გათიშვები ელექტროქსელში სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე მოიხსნება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, 14 იანვარს დაფიქსირდა ელექტროენერგიის მოხმარების 5,4%-იანი ზრდა (წინა დღესთან შედარებით), რაც გამოწვეულია დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მომხმარებლების რაოდენობის თანდათანობით შემცირებით.

რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

„რამდენიმე კვირაა, ჩვენი სარემონტო ჯგუფები, ენერგეტიკოსთა ბრიგადები და კომუნალური სამსახურები უკრაინის ბევრ ქალაქში მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. ამინდი დამატებით გამოწვევებს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი მუშაობს პროფესიონალურად, აღადგენს მიწოდებას და ცდილობს უზრუნველყოს სიცოცხლე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 იანვარს თანამოქალაქეებისადმი მიმართვაში.

ასევე ნახეთ ზელენსკი გმობს რუსეთის "ცინიკურ ტერორს", უკრაინაში ასი ათასობით ადამიანი გათბობის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 13 იანვრის ღამესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 18 „ისკანდერ-М“ ბალისტიკური რაკეტით / С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით, რომლებიც გაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის კურსკის, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან, ასევე ანექსირებული ყირიმიდან. გარდა ამისა, რუსეთმა გამოიყენა შვიდი „ისკანდერ-К“ რაკეტა, რომლებიც გაშვებული იყო რუსეთის ფედერაციის კურსკის და ბელგოროდის ოლქებიდან, ასევე 293 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის დაახლოებით 200 ერთეული Shahed-ის დრონი, რომლებიც ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული.

13 იანვრის მდგომარეობით, ელექტროენერგია მთლიანად გათიშული იყო ირპინში, ბუჩასა და ჰოსტომელში.

როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რუსეთის ხელისუფლება რთულ კლიმატურ პირობებს - ყინვას, დიდთოვლობას - იყენებს იმისათვის, რათა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს კიევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ბოლო მასშტაბური იერიშიდან მეოთხე დღესაც კი, როცა ჰაერის ტემპერატურა -14 -12 გრადუსია, კიევის ბევრი უბანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

საჰაერი იერიშების მიუხედავად, კიევში კომუნალური სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

კიევის ქუჩებში მოწყობილია „უდრეკობის (გაუტეხლობის) პუნქტები“, სადაც კიეველები გასათბობად და ელექტრომოწყობილობების დასამუხტად მიდიან. რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" ერთობლივი პროექტის, The CurrentTimes-ის კორესპონდენტი სწორედ ასეთ პუნქტთან გამოელაპარაკა კიეველ ინას, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი სულ რაღაც სამი კვირის.

„უდრეკობის (გაუტეხლობის) პუნქტი“ (უკრაინული: „Пункт незламності“) - უკრაინული პროექტი, რომელიც 2022 წელს ომის დროს შეიქმნა, რათა, დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, მომხდარიყო ქვეყნის მცხოვრებლების უზრუნველყოფა გათბობით, წყლით, ელექტროენერგიითა და კომუნიკაციის საშუალებებით. ეს არის სათანადოდ აღჭურვილი ადგილი (ხშირად კარვები ან სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები), სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დამუხტონ ტელეფონები და მიიღონ დახმარება საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან. ამ პუნქტების პოვნა შესაძლებელია რუკაზე, რომელიც განთავსებულია პროექტის ვებსაიტზე nezlamnist.gov.ua. პუნქტის მიზანი: ელექტროენერგიის გათიშვის დროს დროებითი თავშესაფრისა და ძირითადი მომსახურების უზრუნველყოფა. მომსახურება: გათბობა, წყალი, ელექტროენერგია, მობილური კომუნიკაცია და ზოგჯერ სატელიტური ინტერნეტი. ადგილმდებარეობა: სამთავრობო შენობები, სკოლები, საბავშვო ბაღები და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისები.

ასევე ნახეთ ინტერვიუ “აზოვსტალის” დამცველთან, რომელიც ტყვედ არ ჩაბარდა და მთელი წელი ატყუებდა ФСБ-ს

„პირველი ღამე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე როგორღაც გადავიტანეთ, - ამბობს ქალი, - მეორე დღეს კი გავიყინეთ. როგორი ტემპერატურა იყო სახლში? 15 გრადუსი. ჩვენს უმცროსს, რომელიც სამი კვირისაა, ასე ჩავაცვით: ორი კომბინეზონი და თბილი სვიტერი. მეზობელმა მოგვცა შალის სქელი სვიტერი, გასული საუკუნის 40-იან წლებში რომ იცვამდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მოვათავსეთ ბეწვის „კონვერტში“, სამშობიაროდან გამოყვანისას რომ გვქონდა.“

ინას მეგობარი ოქსანა ამბობს, რომ მის სახლში გათბობა ჩაირთო, თუმცა არა ყველა ოთახში. „ოდნავ თბილი რადიატორიც კი ოპტიმიზმის წყაროა“, - ამბობს ქალი.

კიევის მცხოვრებლები ტელეფონებს ტენიან და თბებიან „უდრეკობის პუნქტში“. 2026 წლის 10 იანვარი. ფოტო: Reuters-ი

ინა და ოქსანა კიევისთვის უჩვეულო სახლში ცხოვრობენ. რამდენიმე წლის წინ ამ მაღალსართულიანი შენობების მცხოვრებლებმა უარი თქვეს ქალაქის ცენტრალურ გათბობაზე და ელექტროენერგიაზე გადავიდნენ. ამიტომ, ვიდრე კიევის მცხოვრებლების უმეტესობა სამზარეულოში გაზქურებით მაინც თბებოდა, ინას და ოქსანას ამაზეც კი არ მიუწვდებოდათ ხელი:

„დილით გავიღვიძე და სამზარეულოში 12 გრადუსი ცელსიუსი იყო, - ამბობს ინას მეზობელი ქალი, - დიდ ოთახში 14-15 გრადუსი. როგორ ვთბებოდით? სანთლებსაც კი ვეფიცხებოდით. გათბობა დაახლოებით 10 საათის შემდეგ ჩართეს, თანაც მხოლოდ ორ ოთახში. სამზარეულოში ცხელი წყალი არ არის. დენი მოგვაწოდეს გრაფიკით. ჩაის მაინც მოვამზადებთ“.

„გაზქურა რომ გვქონოდა, პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდებოდა: წყლის გაცხელებას შევძლებდით. ახლა კი ეს შეუძლებელია; ხელების დაბანაც კი არ შეგვიძლია, ყინულივით წყალია, - ამბობს კიდევ ერთი კიეველი ქალი, - გუშინ სამზარეულოში 12 გრადუსი იყო. ერთ ოთახში - 9. ფანჯრებზე, სადაც აივანი არ გვაქვს, უკვე ჭირხლი გაჩნდა.“

ცენტრალურ გათბობასთან დაკავშირებული ვითარება ნელ-ნელა გაუმჯობესდა, თუმცა კიევში ასობით სახლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებების გამო მილებში, სადაც მხოლოდ ცივი სითხე მიედინებოდა, გაიყინა წყალი, რამაც ასევე წარმოშვა ლოკალური პრობლემები.

კიეველი კაცი თბილად იცვამს დაბომბვის შედეგად გათბობისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო. 2026 წლის 10 იანვარი. ფოტო: Reuters-ი

„ჩვენი კომუნალური მომსახურების მუშაკები დღე და ღამე მუშაობენ დაზიანებების აღმოსაფხვრელად და გათბობის აღსადგენად. ეს ძალიან რთული სამუშაოა. მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო მათ ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე შესრულებული სამუშაოსთვის“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში 30 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. აქ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ამინდმა: ბევრ ადგილას ელექტროგადამცემმა ხაზებმა უბრალოდ ვერ გაუძლო თოვლსა და ყინულს. კიევის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში ხალხმა ყურადღების მისაპყრობად გზაც კი გადაკეტა.

კიევის მკვიდრი ჩაბნელებულ ქალაქში გადაადგილდება ველოსიპედით. 2026 წლის 9 იანვარი. ფოტო: AFP

12 იანვრის დილით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკაში შექმნილი ვითარების განსახილველად რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეუფერხებლად მუშაობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, უკრაინის მასშტაბით კი გახსნილია 7000-ზე მეტი „უდრეკობის (გაუტეხლობის) პუნქტი“, სადაც მოქალაქეებს გათბობა და ელექტრომოწყობილობების დამუხტვა შეუძლიათ.

ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე

მანამდე სვირიდენკომ განაცხადა, რომ კიევზე ბოლო თავდასხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და, მისი ვარაუდით, კიევში გათბობა სრულად 15 იანვრისთვის აღდგებოდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შემოწმებისა და შესწავლის შემდეგ მოხერხდა დამატებითი 1 გიგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდება. კიევში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური საცხოვრებელ კორპუსებს აერთებს მაღალი სიმძლავრის მობილურ გენერატორებს.

იულია სვირიდენკო

იულია სვირიდენკომ სურსათის მარაგი შესახებაც გააკეთა კომენტარი.

ადრე, უკრაინის ორმა უმსხვილესმა სუპერმარკეტების ქსელმა, Novus-მა და Сільпо-მ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო ზოგიერთი მაღაზიის შესაძლო დროებით დახურვის შესახებ განაცხადეს.

Novus-მა Facebook-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დენის გათიშვის გამო ყველა მაღაზიას არ შეუძლია ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. კომპანია ურჩევს მომხმარებელს, მაღაზიების მიმდინარე გრაფიკი სპეციალურ ბმულზე შეამოწმონ.

Сільпо-შიც განმარტეს, რომ დაბალი ტემპერატურისა და დენის ხშირი გათიშვის გამო, ცალკეულ სუპერმარკეტში აღჭურვილობა ფუჭდება. ასეთ შემთხვევებში, სუპერმარკეტი შეიძლება დროებით დაიხუროს. Сільпо-ც მომხმარებელს ურჩევს, მაღაზიების მუშაობის გრაფიკს "ცხელ ხაზზე" ან კომპანიის ვებსაიტზე გაეცნოს.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კი ირწმუნება, რომ ინფორმაცია მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების სავარაუდო დახურვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინის მთავრობაც აცხადებს, რომ კოორდინაციას უწევს „საცალო ქსელებთან ურთიერთობას“ და აკონტროლებს დედაქალაქის სურსათით უზრუნველყოფის პროცესს.

ასევე ნახეთ პუტინის საარჩევნო ხაფანგი: როგორ ცდილობს კრემლი უკრაინის არჩევნების ლეგიტიმაციის ჩაშლას