შარდი ხინკალში და მიტოვება ტყეში - ვინ ავრცელებს ფეიკებს რუს ტურისტებზე?

„ტროლ-ბოტების ქარხნის“ კვალი, შესაძლოა, რუსეთში მიდიოდეს

საბოტაჟის მუხლით კიდევ  ერთი საქმე აღიძრა: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „უცხო ქვეყნიდან მართულ“ და „ქვეყნის შიგნიდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიას” იძიებს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

„ტროლ-ბოტების ქარხნის“ კვალი, შესაძლოა, რუსეთში მიდიოდეს, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელს პოლიტიკური ოპონენტებისკენაც იშვერს და მათ „ადგილობრივ აგენტურას“ ეძახის.

„Леван Мерабишвили“ - რეალური ადამიანი თუ ბოტი

რეზონანსული პოსტი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) 29 ივლისს, რუსულ ენაზე გამოქვეყნდა. მომხმარებელი „Леван Мерабишвили“ წერდა, რომ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში რუსი ტურისტების შეკვეთილი ხინკლის ფარშში „ცოტა მოშარდა“. მისივე მტკიცებით, ხინკლის წვენმა „ამიაკის სუნი გადაფარა“. საბოლოოდ, მომხმარებლები კმაყოფილები დარჩნენ და ოფიციანტის მეშვეობით მას შექებაც შემოუთვალეს.

პოსტი სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის Threads-ში, განხილვის საგნად იქცა, თუმცა ბევრი ისტორიის უტყუარობაში მალევე დაეჭვდა.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ტექსტი ზედმეტად გამართული რუსულით არის დაწერილი, მეორემ დაამატა, რომ ქართველი არასდროს გამოიყენებდა სიტყვას „хинкал“.

„Леван Мерабишвили“-ს პროფილის შესწავლის შემდეგ ეჭვები გამძაფრდა.

ამ ანგარიშის რეგისტრაციის თარიღად 2011 წელია მითითებული, თუმცა პროფილზე 15 წლის მანძილზე სხვა აქტივობა არ ჩანს. იქვე მითითებულია, რომ მომხმარებელი შეერთებული შტატებიდანაა (რაც შესაძლოა, VPN-ის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული), აპლიკაცია კი რუსული App Store-იდანაა გადმოწერილი.

(Account based in the United States, Connected via Russian Federation App Store)

„Леван“-ის პოსტის კომენტარებში 2011 წელს რეგისტრირებული სხვა მომხმარებლებიც გამოჩნდნენ. „Nay Lin Oo“ ქართულად წერს (სტილი დაცულია):

  • „როცა რაჭის ხეობებში გიდად ვმუშაობდი, ჩემი შემცვლელი მიყვებოდა, რომ ერთხელ გაურკვეველი წარმომავლობის უკრაინელები თუ რუსები ადამიანები ამბროლაურში წაიყვანა. ისინი რამდენიმე წუთით გვერდით გავიდნენ თავსაბურავების საყიდლად, მან კი ისინი სადღაც ტყეში დატოვა და წავიდა“.
  • „Мзекала” ამტკიცებს, რომ ბათუმის სასტუმროს ნომერს ალაგებდა და რუს ტურისტებს წინა სტუმრების თეთრეული დაუტოვა.
  • „Давид“-მა დაწერა, რომ ბათუმში, კაფე „ბათუმის გულში“ მუშაობდა და ზოგჯერ „ხაჭაპურში აფურთხებდა“.

Threads-ში ამ კომენტარს კაფე „ბათუმის გულის“ წარმომადგენელი გამოეხმაურა და დაწერა: „12-წლიანი მუშაობის მანძილზე ოფიციანტი სახელად დავითი ჩვენ არ გვყოლია“.

თუმცა განხილვის მონაწილეების ნაწილისთვის „Леван“-ისა და სხვების პოსტები იმის საფუძველი გახდა, რომ დაეწერათ:

  • „საქართველოში მხოლოდ სახლში და მეგობრებთან შევჭამ... ფსკერი...“

ასეთ პოსტებს კი სხვა კომენტარები მოჰყვა, მაგალითად: „მაშ საერთოდ რატომ ჩადიხართ იქ?“

ფოტო არქივიდან - ტურისტი თბილისში

რუსი აქტივისტის მინი-გამოძიება

„მათთვის პროვოკაციების მოწყობა უცხო არაა“ - ლიეტუვაში მცხოვრები რუსი აქტივისტის და ბლოგერის, ინსა ლანდერის შეფასებით, „Мзекала”, „Давид“-ი და „Леван“-ი რეალური ადამიანები კი არა, რუსული პროპაგანდისტული ბოტების ქსელის ნაწილია.

მან „რადიო თავისუფლებას“ საკუთარი მინი-გამოძიების შედეგები გაუზიარა.

კოლაჟი ინსა ლანდერის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან

იმ ანგარიშებს შორის, რომლებიდანაც საქართველოზე პოსტები და კომენტარები გავრცელდა, ლანდერმა რამდენიმე მსგავსება შეამჩნია:

  • აპლიკაცია X მათ რუსული App Store-იდან გადმოწერეს.

„ეს 100%-ით ადასტურებს, რომ მათ აქტიური რუსული Apple ID აქვთ. ასეთი ანგარიშით სარგებლობისთვის საჭიროა მიბმული ჰქონდეთ რუსული საგადახდო ინსტრუმენტები ან ანგარიშები უშუალოდ რუსეთში იყოს დარეგისტრირებული. საქართველოში მცხოვრები ადამიანი უბრალოდ არ გაიხდის რუსულ App Store-ს ძირითად ანგარიშად, რადგან მას ადგილობრივი საბანკო სერვისები და აპლიკაციები სჭირდება“.

  • ყველა პროფილი ძველი და „მიტოვებულია“.

„ასეთი პროფილები მასობრივად, 1-2 დოლარად იყიდება ბირჟებზე. მათი რეგისტრაციის თარიღია 2011 წელი, თუმცა არანაირი რეალური ისტორია, აზრები ან ადამიანური აქტივობა არ აქვთ. სტატისტიკურად შეუძლებელია, ოთხი სხვადასხვა ადამიანი, რომლებსაც 15 წლის განმავლობაში თავიანთ სოციალურ ქსელებში არაფერი გამოუქვეყნებიათ, უეცრად შეხვდეს ერთმანეთს ერთი პოსტის კომენტარებში და თითქმის ერთნაირი სიუჟეტის ისტორიები გააზიაროს“, - ამბობს ინსა ლანდერი, რომელიც 2022 წელს რუსეთიდან საქართველოს გავლით გაიქცა.

ასევე ნახეთ

„არანაირი პრეტენზია საქართველოსთან არ მაქვს“ – 16 დღე საზღვარზე და თავშესაფარი ლიეტუვაში

ბლოგერი ასევე ვარაუდობს, რომ ხინკალში მოშარდვის ისტორია ჩაკ პალანიკის ბესტსელერიდან არის „ნასესხები“ - „მებრძოლთა კლუბში“ მთავარი გმირი ტაილერ დარდენი, რომლის როლსაც დევიდ ფინჩერის ფილმში ბრედ პიტი თამაშობს, მდიდარი კლიენტების კერძებს ჩუმად „საიდუმლო ინგრედიენტებს“ ამატებს.

სუსის გამოძიება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 აგვისტოს განაცხადეს, რომ „უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშები“, ფეიკებს მიზანმიმართულად ავრცელებდნენ, რათა „საქართველოს ეკონომიკური ინტერესები“ დაეზიანებინათ და შეექმნათ „ყალბი აღქმა“, თითქოს „საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი“.

სუსის ცნობით, ქვეყნის იმიჯის შემლახავი კამპანია „საქართველოდან იყო მხარდაჭერილი“, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვინ აკეთებდა ამას ან რა იგულისხმება „მხარდაჭერაში“.

ფოტო არქივიდან - ტურისტები თბილისში

„ფეიკებს“ „ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან“ ავრცელებენ და საქართველოში კამპანიას „ადგილობრივი აგენტურა ამაგრებს“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, 6 აგვისტოს ბათუმში.

მან 2 დღით ადრე გავრცელებულ წერილზეც ისაუბრა და „აგენტურის“ წევრები ჩამოთვალა. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე, აგვისტოს ომის შემდეგ, 2008-2012 წლებში, რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს „მიესალმებოდნენ“, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ეს პოლიტიკოსები „რუსოფობები“ გახდნენ.

ოპოზიციას „ჰომოფობიური (მან სავარაუდოდ რუსოფობია იგულისხმა - რ.თ.) კამპანიის რამდენიმე ტალღა ჰქონდა“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

სუსის განცხადებაში მითითებული იყო, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყო „უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა ერთ-ერთმა ონლაინ-მედიასაშუალებამ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს“.

უწყებამ რადიო თავისუფლებას მედიასაშუალება არ დაუსახელა. თუმცა, შესაძლოა, საუბარი იყოს რუსულ ტელეგრამ-არხ MASH-ზე (3 მილიონი გამომწერი), რომელმაც „Леван Мерабишвили“-ს პოსტი 1 აგვისტოს მიუძღვნა (მას 500 ათასზე მეტი ნახვა აქვს).

გამოძიება სუსში სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს“.

დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუსი გეგმავს „დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორების, მონაწილეების, დაფინანსების შესაძლო წყაროების, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებისა და მისი მიზნების“ დადგენას.

ასევე ნახეთ

რუსი ტურისტი საქართველოში: სტუმარი, მეზობელი თუ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე?

კონფლიქტი „აგარანის მამულში“

რუსი ტურისტების საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობასა და ცხოვრებაზე დისკუსია კახეთში მომხდარმა გამოიწვია.

18 ივლისს სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და რუსეთიდან ჩამოსულ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ჩანდა, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე იულია ნესტერიუკს სახეში. ატვირთულ ვიდეოს პირველივე კადრზე ახლდა წარწერა რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უცვივდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“.

ინციდენტში მონაწილე გიორგი ჭიღლაძეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, რაც სხვადასხვა სასჯელს, მათ შორის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ამ ეტაპზე 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

სოციალურ ქსელებში მომხდარს ფართო განხილვა მოჰყვა. რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოში მოგზაურობისგან თავს შეიკავებდა, რადგან მათი უსაფრთხოება იქ დაცული არ იქნებოდა.

ბოლო პერიოდში რუსეთიდან ჯავშნები არ შემცირებულა - პირიქით, გვეუბნება სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი:

„რუსეთიდან მოიმატა ჯავშნებმა, არაფერს უმოქმედია“.

ასევე ნახეთ

„არ ვფიქრობ, რომ რაიმენაირად პროვოცირება მოვახდინეთ“ - ქალი, რომელსაც კახეთში სახეში მუშტი დაარტყეს

ვიზიტორთა სტატისტიკა

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ, მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს:

  • 2022 წელი - 1 087 257
  • 2023 წელი - 1 418 464
  • 2024 წელი - 1 421 923
  • 2025 წელი - 1 579 764

სტატისტიკაზე ხშირად მიუთითებს ოფიციალური მოსკოვიც.

2026 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა კვლავ, დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე საერთაშორისო ვიზიტების 5%-იანი კლება დაფიქსირდა. ეს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში ომს და ამ რეგიონის ქვეყნებიდან ავიარეისების გაუქმებას უკავშირდებოდა.