შეფასებები ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 აპრილს

პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენითაც დაამტკიცა - რა შეიცვალა საბოლოოდ

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

უფლებადამცველები თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი სრულად შესაცვლელია და ამის ნაცვლად იმ მუხლების გამკაცრება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავების დროს მათ ბრალში, ხელისუფლების მხრიდან ხისტი ნაბიჯია, რაც გამოხატვის თავისუფლებასა და საპროტესტო მოძრაობებზე მსუსხავ ეფექტს იქონიებს.

კენჭისყრას გუშინ საღამოს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცვლილებების მიღება „ნაჩქარევად“ მოხდა, რის გამოც საელჩო „იმედგაცრუებულია“.

„ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. "ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა შეიცვლება აქტივისტებისთვის? რა შემთხვევებზე ვრცელდება გამკაცრებული კანონი და რატომ აკრიტიკებენ მისი მიღების გამო მმართველ პარტიას უფლებადამცველები და ქუჩის პროტესტის ორგანიზატორები? - წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

"დანაშაულის ჩადენის რისკის" გამო მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელთაც გამოძიება "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა "აი იას" შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"როცა ვაყენებთ პირად თავდებობას, მნიშვნელოვანია, პირები, რომლებიც თავდებობის პასუხისმგებლობას იღებენ, უშუალო და ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან. ვერცერთმა პირმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა, რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფას", - განაცხადა მოსამართლემ.

წაიკითხე მეტი.

ვენეციის კომისია მიესალმება სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, თუმცა 3 რეკომენდაციას ავრცელებს

ვენეციის კომისია მიესალმა საქართველოს ორგანულ კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ" შეტანილ ცვლილებებს, თუმცა გადაუდებელ დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ეს რეკომენდაციები შევიდა:

  • განიხილოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლა (სწორედ საბჭო არჩევს და ნიშნავს მოსამართლეებს);
  • შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე (კანდიდატს შეუძლია საკუთარი შედეგი გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში);
  • კანდიდატების თანაბარ პირობებში მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო გახდეს პროცედურების ახლიდან დაწყება.

წაიკითხე მეტი.

"სინოვაკის" ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში შემოვიდა

ჩინური წარმოების კიდევ ერთი ვაქცინის "სინოვაკის" 100 ათასი დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, "სინოვაკის" გამოყენებას ქვეყანა ჯერ არ დაიწყებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას დაელოდება, თუმცა, თუ გადაწყვეტილება დაგვიანდა, ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს "სინოვაკის" გამოყენებაზეც.

თამარ გაბუნიას თქმით, კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია მეორე ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ შესახებ.

27 აპრილს „სინოფარმზე“ რეგისტრაცია გაიხსნა საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, პორტალზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 15 22. მისი გამოყენება 5 მაისიდან დაიწყება.

ნამახვანჰესის პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება ჩაერთვება

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ცენტრის დირექტორს, დირკ ბუშლეს ნამახვანჰესის პროექტთან არსებულ ვითარებაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესაუბრნენ და ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, დირკ ბუშლე პირადად მიიღებს მონაწილეობას ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში:

„ეს ნიშნავს იმას, რომ მას უშუალო კომუნიკაცია ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვინც გარკვეულ კითხვებს და წუხილებს გამოთქვამენ, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესის და დაკავშირებული პროცედურების რევიზია. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რაზეც აშენდება ნდობა პროექტის ირგვლივ და ზოგადად ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

წაიკითხე მეტი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მეორე გამოძიება დაიწყო.

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სპორტსმენს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით - ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის ადვოკატის - მარიკა არევაძის განცხადებით, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა.

რადიო თავისუფლებამ სცადა ბასილაშვილის ადვოკატ ირმა ჭკადუასთან დაკავშირება, მაგრამ ჩოგბურთელის ინტერესების დამცველი კომენტარისგან თავს იკავებს. ამჯერად კომენტარს არ აკეთებენ არც სპორტსმენის ოჯახის წევრები, თუმცა ცნობილია მათი პოზიცია: ნიკოლოზ ბასილაშვილის ახლობლები ბიზნესმენ კაჭარავას გამომძალველს უწოდებენ.

„მთები ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ“ - რაჭის მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ

1991 წლის 29 აპრილს, 13:13 საათზე, საქართველო ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. ეპიცენტრი რაჭა-იმერეთში, თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით, მდებარეობდა, მაგნიტუდა - 7. შედარებისთვის, სპიტაკის მიწისძვრა, რომლის პირველივე ტალღაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6.9 მაგნიტუდის გახლდათ.

ეს იყო უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრა, უჩვეულოდ ცოტა მსხვერპლით“, - ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თუმცა ცოტა ამ შემთხვევაში მიწისძვრის მასშტაბთან შედარებით არის ნათქვამი. რეალურად, 29 აპრილის მიწისძვრისა და შემდეგ გამეორებული ბიძგების შედეგად, რომლებიც ამ მიწისძვრას ათასობით მოჰყვა, დაღუპულთა რაოდენობა 250 ადამიანამდე ავიდა.

კარგი, მზიანი ამინდი იდგა. იმ დღეს თითქოს არც არაფერი უნდა მომხდარიყო ახალ უფროსზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უცებ ძველი შენობის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

კიბეებზე ხალხი ერთმანეთს ასწრებდა. ბაღში მყავდა ბიჭი და იქითკენ გავიქეცი. მასწავლებლებს უკვე გარეთ გამოეყვანათ ბავშვები, ეზოში იდგნენ და ყველანი ერთად ბღაოდნენ. კიბეები ისე ზანზარებდა, ფეხს ვერ ვადგამდი, მართლა გეუბნებით, სახლი დაწვა და ადგა. მეზობლების სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრათ, ნაპრალები ჰქონდა ისეთი, ადამიანი შიგ ჩვეულებრივად გაივლიდა. ხალხი საშინელ პანიკაში იყო. ვინ საით გარბოდა, თვითონ არ იცოდნენ. მეც მერე ისევ სამსახურში გავიქეცი. გზაში ვიფიქრე, რაღა მინდა სამსახურში-მეთქი“.

მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე კვირა ხალხი ეზოებსა და კარვებში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნაზი ბიჭიკაშვილმა სამსახური - აღმასკომი - თავის ავტოფარეხში გახსნა, რადგან ძველი შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.