Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთები ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ“ - რაჭის მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ


მიწისძვრის კადრები „საქართველოს რესპუბლიკაში“
მიწისძვრის კადრები „საქართველოს რესპუბლიკაში“

1991 წლის 29 აპრილს, 13:13 საათზე, საქართველო ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. ეპიცენტრი რაჭა-იმერეთში, თოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით, მდებარეობდა, მაგნიტუდა - 7. შედარებისთვის, სპიტაკის მიწისძვრა, რომლის პირველივე ტალღაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6.9 მაგნიტუდის გახლდათ.

ეს იყო უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრა, უჩვეულოდ ცოტა მსხვერპლით“, - ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თუმცა ცოტა ამ შემთხვევაში მიწისძვრის მასშტაბთან შედარებით არის ნათქვამი. რეალურად, 29 აპრილის მიწისძვრისა და შემდეგ გამეორებული ბიძგების შედეგად, რომლებიც ამ მიწისძვრას ათასობით მოჰყვა, დაღუპულთა რაოდენობა 250 ადამიანამდე ავიდა.

მიწისძვრის შედეგად დანგრეული წმინდა ნინოს ეკლესია საჩხერეში
მიწისძვრის შედეგად დანგრეული წმინდა ნინოს ეკლესია საჩხერეში

„სახლი დაწვა და ადგა

ამბროლაურის მკვიდრი ნაზი ბიჭიკაშვილი იმ დღეს სამსახურში თათბირზე იყო - საქალაქო საბჭოს აღმასკომში ახალი უფროსი დანიშნეს. იშვიათად კარგი, მზიანი ამინდი იდგა. იმ დღეს თითქოს არც არაფერი უნდა მომხდარიყო ახალ უფროსზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უცებ ძველი შენობის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

კიბეებზე ხალხი ერთმანეთს ასწრებდა. ბაღში მყავდა ბიჭი და იქითკენ გავიქეცი. მასწავლებლებს უკვე გარეთ გამოეყვანათ ბავშვები, ეზოში იდგნენ და ყველანი ერთად ბღაოდნენ. კიბეები ისე ზანზარებდა, ფეხს ვერ ვადგამდი, მართლა გეუბნებით, სახლი დაწვა და ადგა. მეზობლების სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრათ, ნაპრალები ჰქონდა ისეთი, ადამიანი შიგ ჩვეულებრივად გაივლიდა. ხალხი საშინელ პანიკაში იყო. ვინ საით გარბოდა, თვითონ არ იცოდნენ. მეც მერე ისევ სამსახურში გავიქეცი. გზაში ვიფიქრე, რაღა მინდა სამსახურში-მეთქი“.

მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე კვირა ხალხი ეზოებსა და კარვებში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნაზი ბიჭიკაშვილმა სამსახური - აღმასკომი - თავის ავტოფარეხში გახსნა, რადგან ძველი შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.

ჩემი მამამთილი არ გამოდიოდა სახლიდან, სულელები ხართო. დაწვა და დაიძინა პირველ სართულზე. ბავშვი შინ ვერ შემოვიყვანე, ეშინოდა. ჩემი მული საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ იჯდა. გზაზე მანქანები არ გაჩერებულა, ტელეფონები არ მუშაობდა და ყველა აქეთკენ წამოვიდა - ზოგი სახლის, ზოგი ახლობლების სანახავად“.

ხახიეთი - 15 წამში გამქრალი სოფელი

29 აპრილის შემდეგ აღარ არსებობს საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი, რომელიც ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა უზარმაზარმა მეწყერმა ოცკომლიანი დასახლება მთლიანად დაფარა. დაიღუპა ყველა, ვინც კი იმ დროს სახლში იყო. რამდენიმე გადარჩენილს, მათ შორის სკოლიდან მობრუნებულ ორიოდე მოსწავლეს, სოფლის ნაცვლად ადგილზე მხოლოდ მიწა და ქვა-ღორღი დახვდა.

ტბა სოფლის ადგილას
ტბა სოფლის ადგილას

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს, რომელიც ამ ტერიტორიას სწავლობდა, კვლევისას ჩაწერილი აქვს ერთ-ერთი ადგილობრივის, ხაჯუმარ გაგიევის, მონათხრობი. მიწისძვრის შედეგად თავად ხაჯუმარ გაგიევმაც მეუღლე და 18 წლის ვაჟი დაკარგა.

მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი. სოფელს რომ მივუახლოვდი, აი, იქ [მთისძირზე] რაღაც უეცარმა ტალღამ დამარტყა და უმალ გაისმა კიდეც საშინელი გუგუნი. სიზმარში მეგონა თავი; მერე დავინახე, რომ შავი მთა, რომელიც, აი, იმ ადგილას იყო [ჩრდილო-დასავლეთისკენ], ჰაერში აიჭრა. მოპირდაპირე მხრიდან [ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ] კუდევის მთა წამოიმართა, ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ისეთი ზათქით ჩაიშალნენ, რომ მიწისძვრამ მეც ჰაერში ამაგდო... ღმერთო, სიზმარი იყო ნამდვილად“.

მაშინდელმა პრესამ შემოინახა ბაგრატ ბერიძის მოგონებაც:

უეცრად საშინელი ხმა ნგრევის, აფეთქების. შევხედე მთა მთლიანად წამოვიდა. მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად. წალეკა და ჩაიხვია სოფელი. ბავშვები, ქალები, სახლები, ბაღები, შინაური ცხოველი. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ქვემოთ ჩამოწვა. ერთბაშად, ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა ოცკომლიანი სოფელი(„საქართველოს რესპუბლიკა“, მაისი, 1991წ).

სოფელი ხახიეთი მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის, ხახიეთისწყლის ხეობაში, თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც მეწყერი ჩამოწვა, მდინარის დონემ აქ 20 მეტრით მაღლა აიწია.

გიორგი დვალაშვილის თქმით, ამ ტერიტორიის ტოპონიმებიდანაც ჩანს, რომ ის შუა საუკუნეებშიც სეისმურად აქტიური ზონა იყო.

ვარაუდობენ, რომ სიტყვახახიეთიხახადან მოდის, მიწამ ხახაში ჩაიტანა ეს ადგილიო. იქ, სადაც მიწისძვრამდე მდინარე ხახიეთისწყალი მოედინებოდა, მძლავრი კლდეზვაური პროცესის შედეგად მასა იყო ჩამოსული. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი მიწისძვრის შედეგია. ბევრი მეცნიერი, მაგალითად, ივანე კახიძე აფიქსირებს, რომ ადრე, ძლიერი ტექტონიკური პროცესების შედეგად, აქ მდინარე ყვირილასაც კი დინების მიმართულება აქვს შეცვლილი“.

მკვლევარი ამბობს, რომ 1991 წლის შემდეგ ხახიეთის ადგილას ორი ტბა გაჩნდა, რომლებიც შემდეგ კლდიდან ჩამოშლილი ქვებით ამოივსო. მოგვიანებით, დაღუპული 45 ადამიანის პატივსაცემად ხახიეთიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ სინაგურში, მემორიალი დადგეს.

„ხახიეთში ბოლოს 2004 წელს ვიყავი. მას მერე იქ არავის უშვებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და მანდ ახლა, ფაქტობრივად, რუსული სამხედრო ბაზაა“, - ამბობს გიორგი დვალაშვილი.

რეპორტაჟი ჯოჯოხეთიდან

სანამ ჩემი შვილისკენ 10 ნაბიჯი გადავდგი და ხელში ავიყვანე, ჩემი სოფელი უკვე აღარ იყო - საერთოდ, აღარ იყო, მიწის ქვეშ ჩაქანდა“, - ვკითხულობთ 1991 წლის მაისის „საქართველოს რესპუბლიკაში“. მაშინ მოვლენების ეპიცენტრში გაზეთიდან რამდენიმე კორესპონდენტი გაგზავნეს. ერთი კვირის განმავლობაში მომხდარს ინტენსიურად აშუქებდნენ.

არ მეგონა, რომ ვნახავდი კაცს, მამას, ოჯახის უფროსს, რომელიც გადარეული თვალებითა და არაადამიანური ხმით დაიყვირებდა: მე ვერ ვპოულობ ჩემს ორ შვილიშვილს, მაგრამ საქონელი მომაძებნინეთ, ის ხომ მაინც ყველას სჭირდებაო“, - წერს ჟურნალისტი კახა სიხარულიძე.

ამავე სტატიაში ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ:

საოცრება იყო, - ამბობს პრეფექტი ბესიკ ქუთათელაძე, - მიწა ღმუოდა. კი არ ინძრეოდა, ხტუნავდა. ხმა იყო ისეთი, თითქოს მთელი გარემო ერთბაშად აფეთქდაო. ოცი წამი გრძელდებოდა ეს ჯოჯოხეთი. ჩვენთვის მოიცალა ბედისწერამ. მთელი საჩხერე დანგრეულია. სახლების უმრავლესობა ან მთლიანად დაინგრა, ან საცხოვრებლად არის უვარგისი... პერევის სკოლა დაინგრა, ექვსი ბავშვია დაღუპული. მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მიწისძვრის მომენტში სკოლაში დასვენება იყო. რკინიგზის სადგური დაინგრა, „მოდინახედაინგრა. სობორას ეკლესია დაინგრა, ჯრუჭის მონასტერი დაინგრა. სამოცი კაცია დაღუპული“.

გამეორდება?

ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი, რის გამოც 1991 წლის მიწისძვრას ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ ის არის, რომ ის სპიტაკივით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში არ მოხდა.

თბილისშიც კი ძალიან იგრძნობოდა. მეათე სართულზე ვიყავი და დავინახე, კედელი ჩემკენ მოდიოდა, რაჭაში და საჩხერეში ხომ საერთოდ დაინგრა ყველაფერი. მთავარი აქ ისაა, რომ ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ხდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობის ენერგია არის დაგროვილი. ამ რეგიონში 100-150 წლის მერე, შეიძლება უფრო ადრეც, ეს ენერგია ისევ დაგროვდება და მიწისძვრა შეიძლება განმეორდეს. მანამდე კი იყო რაჭაში მიწისძვრები, მაგრამ ასეთი - არა, 1991 წლის მერე კი თითქმის ყოველდღე ხდება პატარა მიწისძვრა. ამიტომაც არის ეს დიდი ჰესები საშიში. ეს არის სეისმურად აქტიური ზონა“, - ამბობს სეისმოლოგი ია შენგელია.

გიორგი დვალაშვილი კი ამ მიწისძვრის კიდევ ერთ თავისებურებას აღნიშნავს: მსხვერპლი ეპიცენტრთან ახლოს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შორსო.

მიზეზი ისაა, რომ ონში და ამბროლაურში შენობების უმეტესობა მდინარე რიონის ლამით იყო აშენებული, საჩხერეში კი კვარცის ქვიშით, რომელიც უფრო მდგრადია“.

რა ვიცით მიწისძვრაზე

„წარმოიდგინეთ თოკი, რომელსაც ორივე მხრიდან ჭიმავენ, ოდესღაც ხომ გაწყდება“, - ამბობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ნატო ჯორჯიაშვილი და შემდეგ განმარტავს, თუ რა პროცესები უძღვის წინ მიწისძვრას: არაბეთის ფილა აწვება ევრაზიის ფილას. ქანების ურთიერთმოქმედების შედეგად დედამიწის ქერქში გროვდება ენერგია და მიწისძვრა სწორედ ამ ენერგიის გამოთავისუფლების პროცესია. უკეთესია, თუ დაგროვილი ენერგია პატარ-პატარა მიწისძვრების ხარჯზე გათავისუფლდება, მაგრამ რეალურად ასე მოხდება თუ არა, ეს არავინ იცის“.

მიუხედავად უამრავი ვერსიისა და კვლევისა, მიწისძვრა მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებად მოვლენად. ამასთან, ირკვევა, რომ მასზე მხოლოდ მიწაში განვითარებული პროცესები არ მოქმედებს.

დედამიწა და ორი პლანეტა თუ ერთ სიბრტყეზე განლაგდა, - საქართველოს შემთხვევაში ეს პლანეტები არის მარსი და იუპიტერი, - და ამას დაემთხვა ისიც, რომ კონკრეტულ ადგილას უკვე არის დაგროვებული ენერგია, პლანეტების განლაგებამ შეიძლება ტრიგერის როლი შეასრულოს და მიწისძვრა გამოიწვიოს“, - ამბობს ნატო ჯორჯიაშვილი.

რაჭის მიწისძვრა საქართველოში დაფიქსირებული და გაზომილი მიწისძვრებიდან ყველაზე ძლიერად მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ თვით 1283 წლის სამცხე-ჯავახეთის მიწისძვრაც კი, რომელმაც ვარძიის 13 იარუსი ჩამოანგრია, თავისი მასშტაბით ამაზე ძლიერი არ იქნებოდა. რაჭის და სპიტაკის მიწისძვრების შემდეგ, როგორც რაჭა, ასევე ჯავახეთის ზეგანი დღემდე აქტიურ სეისმურ უბნებად რჩება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG