ჩინეთი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია, ნელ-ნელა ჩნდება დაავადების „მეორე ტალღის“ შიში, რასაც ფართოდ წინასწარმეტყველებდნენ. მსგავსი შემაშფოთებელი ტენდენციები შეინიშნება აზიის სხვა ქვეყნებშიც.

ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მოდიოდა ქვეყანაში ჩასულებზე და არ შეინიშნებოდა ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება.

ხელისუფლების თანახმად, 19 მარტიდან ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი ასზე ნაკლები იყო. ამ პაციენტების უმრავლესობა უცხოეთიდან დაბრუნებულია. 19 მარტი იყო პირველი დღე, როცა, ოფიციალური ინფორმაციით, არ დაფიქსირებულა ინფექციის ადგილობრივი გადაცემა.

მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქება გასული წლის ბოლოს მოხდა ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში.

მაგრამ 26 მარტს, როცა პეკინმა საზღვრები ჩაკეტა უცხოელებისთვის, მატერიკულ ჩინეთში ინფექციის პირველი გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს შემთხვევა და რამდენიმე სხვა მინიშნება მოხდა მაშინ, როცა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს გასცდა, აშშ-სა და იტალიაში კი მათმა რაოდენობამ ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს გადააჭარბა.

ასევე ნახეთ განახლებადი რუკა: მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ინფექციური დაავადებების სხვა სპეციალისტები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ ადგილობრივი ინფექციების ახალი ჯაჭვების თაობაზე, რომლებიც შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.

არ არის ტესტი, არ არის ავადმყოფი

მსგავს შეშფოთებებს ამძიმებს ისიც, რომ პეკინის სტატისტიკის მიმართ ეჭვები გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში გაეროს ეპიდემიოლოგიურმა კომისიამ თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ „რიცხვები რეალურია“.

მიმდინარე თვეში ჩინეთიდან გაჟონილი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება იმით ხდებოდა, რომ სავარაუდო სიმპტომების გამო შეფიქრიანებულ ადამიანებს უბრალოდ უარს ეუბნებოდნენ ტესტის ჩატარებაზე.

ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი მაუწყებელი 23 მარტს იუწყებოდა უჰანში ადგილობრივი მოხალისის მონაყოლზე. ის საავადმყოფოს პერსონალს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისინი „კორონავირუსიან პაციენტებს“ უკან აბრუნებდნენ და თავს არიდებდნენ ავადმყოფი ადამიანებისთვის ტესტის ჩატარებას. რესპონდენტის თქმით, ეს იყო „პოლიტიკური მომსახურება და არა სამედიცინო მომსახურება“.

ასევე ნახეთ მართლა დაძლია თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის კრიზისი?

The South China Morning Post-ი იტყობინება ქალის შესახებ, რომელსაც ქმარი ხელში ჩააკვდა მარტის დამდეგს. ხუთი დღით ადრე კი ის „გამოჯანმრთელებულად“ გააფორმეს.

ცნობილია, რომ ჩინეთის კომუნისტური მთავრობა მკაცრად აკონტროლებს მედიას და ინტერნეტს. ციხეში სვამენ ან სხვაგვარად აჩუმებენ ხალხს, მათ შორის ექიმებს, ვინც პანდემიის შესახებ განგაშს ტეხს.

მართალია, ბოდიში მოუხადეს ექიმს, რომელიც იანვარში ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე აფრთხილებდა ხელისუფლებას და რომელიც თავად ემსხვერპლა კორონავირუსს, პეკინს ბრალი ედება კიდევ ერთი ადამიანის დევნაში კრიზისის მართვის თაობაზე გამოთქმული კრიტიკის გამო.

რადიო „თავისუფალი აზია“ 26 მარტს იტყობინებოდა, რომ გავლენიანი ჩინელი მაგნატის რენ ჩიციანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მან ღია წერილში გააკრიტიკა პრეზიდენტი სი ძინპინი და ის, თუ როგორ მოახდინა ხელისუფლებამ COVID-19-ზე რეაგირება.

საზღვრების ჩაკეტვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშკარად შეფიქრიანებულია შესაძლო მეორე ტალღის გამო. გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში მან გამოთქვა გაფრთხილება, რომ განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო COVID-19-ის ნებისმიერი ახალი შემთხვევის ან კლასტერის გამოვლენისთვის, ვინაიდან ქვეყანაში გაუქმებულია შეკავების უმნიშვნელოვანესი ელემენტები.

როგორც იტყობინებიან, ჩინეთის ხელისუფლება ზომებს იღებს შესაძლო მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მიმდინარე კვირაში ჰუბეის პროვინცია უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, უსაფრთხოების ზომები შეასუსტეს.

ასევე ნახეთ მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, უჰანი ნორმალურ რიტმს უბრუნდება

26 მარტს ჩინეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა პრაქტიკულად ყველა უცხოელს, მათ შორის, ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონეებსაც. ეს იმას მიანიშნებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ გარე სამყაროს მიიჩნევენ.

იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა თავის ჩინელ კოლგასთან - რამდენიმე საათის მერე, რაც ჩინეთს ბრალი დასდო მონაცემების გაყალბებაში.

როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, სი ძინპინმა დაარწმუნა ტრამპი, რომ ჩინეთის ხელისუფლება ტესტებს გამჭვირვალედ ატარებს.

საუბრის შემდეგ თავად ტრამპმა ტვიტერში დაწერა: „ჩინეთმა ბევრი გამოიარა და ვირუსში კარგად არის გარკვეული“. როგორც შენიშნავენ, ეს იშვითი შემთხვევაა, როცა ტრამპმა კორონავირუსზე საუბრისას არ ახსენა „ჩინური ვირუსი“ ან „ჩინეთის ვირუსი“.

ამასობაში იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი მატერიკული ჩინეთის მეზობლად, სადაც ჯერჯერობით წარმატებით იგერიებდნენ კორონავირუსს - მათ შორის ჰონგ-კონგსა და ტაივანში.

27 მარტს ჰონგ-კონგის საგანგებოდ მართულ რეგიონში დაფიქსირდა ერთი დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა, რამაც ხელისუფლება აიძულა, გაემკაცრებინა თავშეყრაზე აკრძალვა.

ხოლო სამხრეთ კორეაში, რომლის ხელისუფლებამ ქება დაიმსახურა კორონავირუსზე ფართო ფრონტით რეაგირებისა და ინფიცირებულთა რიცხვის 10 ათასზე დაბლა შენარჩუნებისთვის, 27 მარტს დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.