ცხოვრება ვირუსთან ერთად - თავისუფლების ადამიანები

2020 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოში Covid 19-ის პანდემიის გამოცხადებამ და ცხოვრების შეცვლილმა წესებმა საქართველოშიც შეცვალა ადამიანების ყოველდღიურობა, გეგმები და მომავალი. ბევრი მათგანის ცხოვრებაც დროებით „გაჩერდა“, ისევე როგორც მათი საქმე. ზოგი - დღესაც პანდემიის დასრულების მოლოდინშია, ზოგმა კი, სირთულეების მიუხედავად, დრო არ დაკარგა და ცვლილებების გზას დაადგა. ჩვენ გადავწყვიტეთ ორი გმირის ცხოვრებისთვის მიგვედევნებინა თვალი - ერთი, ნიკა ბაგალიშვილი სოფელში ცხოვრობს, მეორე, გიორგი ლომსაძის და ქრისტო რონდელის ოჯახი კი ქალაქში. ნიკას თავისი პატარა ბიომეურნეობა აქვს, იქ მოყვანილ პროდუქციას აქამდე თბილისში ყიდდა და თუ რამე ხელს არ შეუშლის, ახლაც ესა აქვს გეგმაში. გიორგის და ქრისტოს კი - პატარა რესტორანი აქვს ძველ თბილისში, რომელიც გაზაფხულზე მთელი დატვირთით უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ამ დრომდე დაკეტილია. უკვე თითქმის სამი თვეა, რაც რესტორან „ეზოს“ ჭიშკარს ბოქლომი ადევს. სკამები მაგიდებზეა შემოწყობილი და იქაურობისთვის უჩვეულო სიჩუმე დგას. „ეზოს“ მფლობელები სწორედ გაზაფხულზე ელოდნენ რესტორნის დატვირთვით ამუშავებას - ზამთარში ასეთი ადგილისთვის არ არის საუკეთესო პერიოდი, ამ დროს მხოლოდ ვალები გროვდება, რომელიც გაზაფხულზე უნდა დაიფაროს, უკეთესს სეზონზე. გაზაფხული კი ცუდად დაიწყო. „ეზოს“ პატრონები ახლა გამოსავალს ეძებენ - როგორ გახსნან „ეზოს“ ჭიშკარი, საიდან მოიძიონ თანხა, როგორ დაუბრუნდნენ ძველ რეჟიმს დიდი დანაკარგების ფონზე ისე, რომ „ეზო“ გადარჩეს. საფიქრალი ბევრია - რა შესთავაზონ სტუმრებს? მოვლენ კი ისინი „ეზოში“? ვაითუ არ გაამართლოს? გარისკვაც მოუწევთ. წნორში მცხოვრებ ნიკას, რომელსაც თავისი პატარა ბიომეურნეობა, „სამყურა“ აქვს, პანდემიამ დასაწყისში გაურთულა საქმე - შეზღუდვების გამო ჯერ პომიდვრების გადარგვა დაუგვიანდა - სოფლის მეურნეობაში კი დრო არ იცდის, ბუნებას თავისი კანონები აქვს. მიწის დასამუშავებლად დამხმარე ხალხის ნაკვეთამდე მიყვანისთვის ერთ ნაცვლად, ათ გზას აკეთებდა - ამან ხარჯიც გაზარდა და დროც მეტი დააკარგვინა, თუმცა შრომა არ შეუწყვეტია და ახლა მოსავალს ელოდება, რომ თავისი პატარა მანქანით თბილისში გასაყიდად ჩამოიტანოს. როგორ გაივლიან ჩვენი გმირები პოსტ-პანდემიურ პერიოდს, როგორ გადალახავენ სირთულეებს, რას შეცვლიან? რას დატოვებენ უცვლელად? ამ ვიდეოსერიით სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ვეცდებით და ყოველ ახალ სერიაში მოგიყვებით, როგორ მიდის წნორში ნიკას, თბილისში კი გიოს და ქრისტოს ცხოვრება პანდემიის დროს.

ნახეთ ნიკა ბაგალიშვილის ისტორია, რომელსაც მეორე წელია თავისი პატარა ბიომეურნეობა აქვს:

Your browser doesn’t support HTML5

ბოსტანი წნორში, პანდემიისას

სანამ "ეზო" დაკეტილია:

Your browser doesn’t support HTML5

სანამ „ეზო“ დაკეტილია