მორგოშიას თანახმადვე, ჯანგველაძეს „მისდიოდა ინფორმაცია“, რომ იმის გამო, რომ მას პოლიტიკურ ველზე გამოსვლას სთავაზობდნენ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს „შფოთვები ჰქონდა“.
- მორგოშიასთვის ფინანსური სანქციები 2024 წლის 16 სექტემბრიდან აქვს დაწესებული შეერთებულ შტატებს (თანაგუნდელ ზურაბ მახარაძესთან ერთად შეყვანილია „მაგნიტსკის სიაში“);
- ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობებს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული - აშშ-ს 2023, ხოლო ბრიტანეთს 2025 წლიდან.
რა თქვა მორგოშიამ?
„ლევანს სთავაზობდა რუსეთის ფედერაცია, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ჩართულიყო და აქტიურობა ჰქონოდა პოლიტიკურად“, - განაცხადა მორგოშიამ.
მისი თქმითვე, ჯანგველაძე ამას საწყის ეტაპზე სერიოზულად არ უყურებდა.
მორგოშიას ამ წუთებში [12:00 საათი] ჰკითხავენ სასამართლოზე. ადგილზე, წინა სხდომებისას განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
კოკა მორგოშია არის ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ის ამბობს, რომ ჯანგველაძესთან მეგობრობა აკავშირებდა.
ასევე ნახეთ 15 ადამიანი დააკავეს ძმები მიქაძეების სხდომისას სასამართლოსთან ჩხუბის გამო„ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალო“
„მე მითხრა ეს ამბავი ლევანმა. მე ვუთხარი, ჩემი აზრით, არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი“, - თქვა მორგოშიამ სასამართლოზე.
„მერე შეხვდნენ და უარი უთხრა“, - განაცხადა მორგოშიამ. მას არ დაუსახელებია, თუ კონკრეტულად ვის ან რომელი უწყების წარმომადგენლებს შეხვდა ჯანგველაძე.
„რატომ უთხარი უარი, რა უთხარი-მეთქი? მიპასუხა, პირველ ეტაპზე, შეიძლება, კარგი საქმეები დავიწყოთ, მაგრამ შუასა და ბოლოში ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, რომ ცუდი იყოს და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალო“, - ასე გაიხსენა მან ჯანგველაძის პასუხი.
ასევე ნახეთ მორგოშიას თქმით, ფარცხალაძეს „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის წილის ყიდვა სურდა„ფარცხალაძე გაიგებს-მეთქი“ - მორგოშია
მორგოშიას თქმით, მან ჯანგველაძე გააფრთხილა: „ფარცხალაძეც გაიგებს, რომ შენ ამას გთავაზობენ, არადა ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება-მეთქი“.
მორგოშიას მონათხრობიდან იკვეთება, რომ, მისი ვერსიით, ოთარ ფარცხალაძეს სურდა, ყოფილიყო მთავარი ფიგურა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და ჯანგველაძის შესაძლო ჩართულობა აშფოთებდა.
„[ჯანგველაძეს] ვუთხარი, მაშინ უნდა გაყიდო აქტივები და წახვიდე ევროპაში, შენთვის აქ ყოფნა საფრთხის შემცველი იქნება-მეთქი“, - თქვა მორგოშიამ.
მორგოშიას თქმითვე, „ვისაც რუსეთთან შეხება ჰქონია და იცის რუსეთი და იქ ქართული დიასპორის საკითხები, იცის, რომ ლევანს ყოველთვის ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა“.
„მე საფრთხეს ვხედავდი და ვაფრთხილებდი“, - გაიმეორა მორგოშიამ.
ასევე ნახეთ მიქაძეების საქმის განხილვისას სასამართლოსთან ისევ იყო დაპირისპირება - ამჯერად დაკავებებით | ჯანგველაძის საქმე„ფარცხალაძეს შფოთები აქვსო“
„ლევანი ხსნიდა, პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, მაგრამ მომდის ინფორმაცია, რომ ამას [ოთარ ფარცხალაძეს] შფოთები აქვს ჩემთან დაკავშირებითო... ამაზე ღიად საუბრობდა“, - განაცხადა მან.
„როცა თბილისის სიტუაციაზე მქონდა საუბარი, ვინც ოთარის გარემოცვა იყო, მისგან ელოდა საფრთხეს, ამიტომ აპირებდა დაცვის აყვანას“, - თქვა მორგოშიამ.
„დაპირისპირება“
კოკა მორგოშიამ თქვა, რომ მას პირადად „დაძაბული ურთიერთობა“ აქვს ოთარ ფარცხალაძესთან.
თუმცა პროკურორის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად თქვა:
„ისე დაპირისპირება, რომ ერთმანეთის სისხლი გვმართებდეს, არ ყოფილა. პოლიტიკური თემაზე იყო დაპირისპირება. არანაირი ბიზნესი მასთან მე არ მქონია, არანაირი საერთო თემა მე არ მქონია არაფერში".
ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა„მდევნიან გაყალბებული დანაშაულისთვის“ - ფარცხალაძე
აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ, - რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობასა და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ბრალდებებით ძებნა აქვს გამოცხადებული, - პირველი კომენტარი 20 თებერვალს გააკეთა.
მან თავისი ყოფილი გუნდი „დაკვეთის შესრულებაში“ დაადანაშაულა და ბრალდებები უარყო.
„მე მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, - იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. ცდილობენ, ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს“, - განაცხადა ფარცხალაძემ, რომლის სახელიც წლების განმავლობაში არაერთ გახმაურებულ ეპიზოდში ფიგურირებდა, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებით.
„საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად აჩვენებს ჩემ მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის“, - უთხრა გამოცემა MK-ს ფარცხალაძემ.
ასევე ნახეთ „საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს“ - ფარცხალაძე დუმილს არღვევს, თუმცა ბევრს არაფერს ამბობს- ამჟამად სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა გიორგი ჯოხაძისა და ძმები მიქაძეების საქმე, - ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით;
- ხოლო ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმე საწყის ეტაპზეა.
ყველას „წინასწარი პატიმრობა“ აქვს შეფარდებული, თუმცა ჯოხაძე, დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე საზღვარგარეთ არიან - მათ დაუსწრებლად აქვთ პატიმრობა შეფარდებული.
ჯანგველაძის „შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის“ ბრალდებით კი უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს, არანაირი კავშირი არ ჰქონია - ადვოკატი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე