Accessibility links

logo-print

ოპოზიციის მხარდამჭერებმა მცირე ხნით გადაკეტეს რკინიგზა


ოპოზიციის მომხრეები თბილისი–ბათუმის მატარებლის ლოკომოტივზე

ოპოზიციის მომხრეები თბილისი–ბათუმის მატარებლის ლოკომოტივზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გვიან საღამოს, ოპოზიციამ, რომელიც უკვე თვე-ნახევარია, ქუჩის საპროტესტო აქციებისა და გზების პიკეტირების ფონზე, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვს, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს რკინიგზისა და საგზაო მაგისტრალების გადაკეტვისაკენ მოუწოდა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა სამების ტაძარში, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიიღეს. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქალებს რუსთაველზე დარჩენა მოსთხოვა, კაცებს კი გაყოლა:

"რუსთაველიდან დავიძვრებით, გავივლით რესპუბლიკის მოედანს, ვარაზისხევს, გმირთა მოედანს, მივალთ ბორჯომის ვაგზალზე და დავიკავებთ მთელ ლიანდაგს. რუსთაველი სულ არ უნდა დაიცალოს, ქალები აქ დარჩნენ და კაცები წამოვიდნენ. შესაძლოა, ამ ღამით გადაწყვიტონ საკნების აღება და აქაურობის გაწმენდა."

26 მაისის ხალხმრავალი აქციის შემდეგ დემონსტრანტებმა ოპოზიციისაგან გადამწყვეტი ზომების მიღება მოითხოვეს. მეორე გადაწყვეტილება მათ კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა გააცნო და თქვა, რომ აეროპორტის საგზაო მაგისტრალს გადაკეტავენ.

ოპოზიციის მომხრეებმა რკინიგზის ბლოკირება მოახდინეს
გვიან საღამოს ოპოზიციის აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურისკენ წავიდნენ, დაიწყეს რკინიგზის პიკეტრიება და ლიანდაგები დაიკავეს. პიკეტის მონაწილეებმა ბათუმში მიმავალ მატარებელს საშუალება არ მისცეს, სადგური დაეტოვებინა. სამართალდამცველებს პიკეტისთვის ხელი არ შეუშიათ.

როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უთხრა, თუ რკინიგზის პიკეტირების აქციამ შედეგი არ გამოიღო, “დამატებით აქცია იქნება აეროპორტის მიმართულებით”. ბესელიამ თქვა, რომ თუ ხელისუფლებას არც ამ ნაბიჯებზე ექნება ადეკვატური რეაქცია, ვითარება უკონტროლო გახდება და ამისთვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იკისროს.

ნაშუაღამევს ოპოზიციონერთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ რკინიგზის სადგურის ბლოკირება, რის შესახებაც აქციის მონაწილეებს დავით გამყრელიძემ აცნობა. მისი განცხადებით, მისია შესრულებულია, ვინაიდან შეფერხდა სატვირთო გადაზიდვები. გამყრელიძის თქმით, საპროტესტო აქციების მთავარი ეპიცენტრი არის პარლამენტთან და გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ შეტევა განახორციელოს იქ მყოფ აქციის მონაწილეებზე. მან მოპიკეტეებს სთხოვა, გაეთავისუფლებინათ რკინიგზის ლიანდაგები და მოეწყოთ მსვლელობა პარლამენტისკენ, რათა გვერდში ამოსდგომოდნენ იქ მყოფ მომიტინგეებს. განახლდება თუ არა რკინიგზის ბლოკირება, ხვალ გახდება ცნობილი.

რკინიგზისა და საგზაო მაგისტრალების გადაკეტვის გადაწყვეტილებამდე ოპოზიცია სამების ტაძარში ეწვია კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ტაძრის ხალხით გადაჭედილ ეზოში მოულოდნელად გამოჩნდნენ ქალაქის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილიც. პატრიარქთან მათი შეხვედრა ოპოზიციამ "ცენზურად" შეაფასა, თავად პატრიარქმა კი გამოსვლისას მხარეებს ერთმანეთის მოსმენისაკენ მოუწოდა:

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანი ძმები ვართ, ერთსულოვნება უნდა სუფევდეს. განსხვავებულმა აზრმა უნდა იარსებოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა განხორციელდეს. დღეს ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა თხოულობს პრეზიდენტის გადადგომას. ეს იმდენად რთული საკითხია.. თითქოს წესად იქცა ჩვენში. ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, რომ ჩვენ მოვუსმინოთ ერთმანეთს."

ნატო მეტონიძე საქართველოს ჰიმნს ასრულებს
მანამდე კი ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, რომლის 60 ათასკაციანი ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. სამსაათიანი აქციის დასაწყისში
საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა. მომღერალ ნატო გელაშვილთან ერთად მღეროდა სტადიონზე შეკრებილი - ძირითადად, თეთრებში გამოწყობილი - ხალხიც. აქციას ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე უძღვებოდა.
მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა სტადიონზე შეკრება დღის თორმეტი საათიდან დაიწყეს. ყველა ლიდერის გამოჩენას ხალხი ტაშითა და შეძახილებით ხვდებოდა.

სავსე სტადიონის შემყურე პოლიტიკოსები 26 მაისს საკუთარი ძალების მობილიზების დღედ აფასებდნენ და ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, თუ რა ძალაა ეს ძალა:

"ეს ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი დღეა, დღეს არის ძალების დათვალიერების დღე", - გვითხრა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანების - "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი ეს დღე გარდამტეხ დღედ შეაფასა. მან თქვა, რომ 26 მაისის შემდეგ ოპოზიციის ყველა ქმედება გაცილებით მწვავე იქნება, რადგან, მისი სიტყვებით, ასეთია ხალხის ნება: ”ჩვენი ბრძოლა დღეის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება, მეთოდები იქნება კვლავ მშვიდობიანი, მხოლოდ კონსტიტუციური, მაგრამ იქნება ძალიან ეფექტური."

პოლიტიკური ბრძოლა მშვიდობიანი ფორმითა და სამი ძირითადი მიმართულებით გრძელდება გაერთიანების - "ალიანსი საქართველოსთვის" - ლიდერის ირაკლი ალასანიასთვისაც: მისი თქმით, ეს მიმართულებებია შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციების წარმართვა, სერიოზული მოლაპარაკების ხელშეწყობა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა როგორც მოლაპარაკების პროცესში, ისე შესაძლო მიღწეული შეთანხმებების გარანტორებად.

ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე
ახალი, რაც 26 მაისს შეკრებილმა ხალხმა ოპოზიციისგან მოისმინა, ორი რამ იყო. პირველი, რაც შეკრებილებს "ახლების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ აცნობა, ის არის, რომ ხელისუფლების წასვლის შემდეგ უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა, რომელიც დანიშნავს არჩევნებს, მაგრამ თავად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო მეორე სიახლე ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას მიერ წაკითხული ვალდებულების ქარტია იყო: ამ ქარტიით ვიღებთ ვალდებულებას, რომ უზრუნველვყოფთ დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას, პოლიციის საზოგადოებრივ კონტროლს, საკუთრების უფლებას, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსის დაცვას, გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მივიყვანთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე."

პოლიტიკური გამოსვლების დროს ოპოზიციის ლიდერები დროდადრო ხალხს იმის შესახებაც უსვამდნენ კითხვას, რასაც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 9 აპრილიდან მოყოლებული აპროტესტებენ. ეს კითხვა - სურთ თუ არა მათ სააკაშვილი პრეზიდენტად - კიდევ ერთხელ დასვა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. დამსწრეთა პასუხი კვლავ "არა" იყო.

სტადიონზე შეკრებილ ხალხს მიმართა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა გუბაზ სანიკიძემაც, რომლის ტაქტიკაც ხვალიდან რეგიონების მოსახლეობის მობილიზება და მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვა იქნება. ის აფხაზებსა და ოსებს მიესალმა. 60 ათასი ადამიანი ერთად სკანდირებდა: "გაუმარჯოს აფხაზებს! გაუმარჯოს ოსებს!"

დაკარგული ტერიტორიები თავის გამოსვლაში ახსენა ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც თქვა, რომ ნამდვილ დამოუკიდებლობას საქართველო სწორედ იმ ხალხის, იმ მიწის დაბრუნების შემდეგ იზეიმებს. ხოლო "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს თქვა, რომ ეს 40-დღიანი რთული გზა უნდა დასრულდეს.

ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 26 მაისს ხალხს უთხრა, რომ მისი ბრძოლის გზა არ არის სისხლიანი და ძალადობრივი, არ გადის შენობებში შევარდნასა და მათ დარბევაზე და რომ ის რუსთაველზე მანამ იდგება, ვიდრე აქციაზე ერთი ადამიანი მაინც მივა.
XS
SM
MD
LG