Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ქართული და ინგლისური ვერსიები ერთმანეთს არ ემთხვევა


საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის საბაზისო პროექტის გარშემო კონსულტაციებში ჩართვისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს. მათ რიცხვში, პროფესიონალი კონსტიტუციონალისტების გარდა, არიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. თუმცა საზოგადოების ამ ნაწილის რიგებში დღეს განსჯის საგანია არა უშუალოდ საკონსტიტუციო რეფორმა, არამედ ის ფაქტობრივი განსხვავება, რომელიც კონსტიტუციის საბაზისო პროექტის ქართულ და ინგლისურად ნათარგმნ ვერსიებს შორის არსებობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ქართულ და ვენეციის კომისიისათვის გაგზავნილ ინგლისურ ვერსიებს შორის ძირითადი განსხვავება, რომელიც ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” წევრმა თეა წულუკიანმა შენიშნა, კონსტიტუციის ძალაში შესვლის საკითხს შეეხება:

”განსხვავება სხვადასხვანაირია. ზოგიერთი, უბრალოდ, უზუსტო თარგმანია. მაგრამ უმნიშვნელოვანესი განსხვავება ის არის, რომ ქართულ ვარიანტში ერთი მუხლია კანონპროექტში, ინგლისურ ვარიანტში კი, რომელიც ვენეციის კომისიას წარედგინა, ორი მუხლია. მეორე მუხლი არის უმნიშვნელოვანესი დებულება, გამომდინარე იქიდან, რომ ის ადგენს, თუ როდის უნდა შევიდეს პირველ მუხლში მოხსენიებული საკონსტიტუციო რეფორმა ძალაში და ეს თარიღი გახლავთ 2013 წელი, ის დღე, როდესაც გამოცხადდება საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.”

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს. წერილის ასლი გადაეგზავნა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს ჯანი ბუკიკიოსაც. როგორც ავთანდილ დემეტრაშვილმა განგვიმარტა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების თაობაზე მსჯელობა კომისიის ბოლო პლენარულ სხდომაზე გაიმართა. კონსტიტუციის ძალაში შესვლის საკითხი დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დასვა, თუმცა კომისიამ, თავის მხრივ, გადაწყვიტა, რომ აღნიშნულზე მოგვიანებით შეჯერებულიყო. შესაბამისად, კონსტიტუციის საბაზისო პროექტში ქვეყნის ძირითადი კანონის ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. გარემოებას კი, რომელმაც ამ პროექტის ინგლისურ ვერსიაში კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩაწერა განაპირობა, ავთანდილ დემეტრაშვილი შემდეგნაირად ხსნის:
”კონსტიტუციური კანონპროექტის ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტი არის მისი ამოქმედების თარიღი. როდესაც აგზავნი კონსტიტუციურ კანონპროექტს, იქ რაღაც თარიღი უნდა ჩაწერო. ჩვენ ჩავწერეთ ის, რასაც დღეს ითვალისწინებს კონსტიტუცია. ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება 2013 წელს, პარლამენტის - 2012-ში. ჩავწერეთ ის, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ეს არის და ეს. მე არ ვიცი, რა პრობლემა გაჩნდა აქ.”

პრობლემა, რომელიც გაუგებარია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისათვის, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ვარაუდით, პირდაპირაა დაკავშირებული ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საკადრო გადაადგილებებთან. კერძოდ კი, იმასთან, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პორტფელს მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. ფართო საზოგადოებაში ბოლო ხანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციის საბაზისო პროექტად შერჩეული პროექტის მისამართით კრიტიკა, ძირითადად, სწორედ ამ შესაძლო გადაადგილების ხელშეწყობის საბაბით ისმის. ამ შესაძლებლობის კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებას არ ეთანხმება საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე. იგი აღნიშნავს, რომ ერთადერთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, საპრეზიდენტო რესპუბლიკის ამერიკული მოდელია.

”ნებისმიერ სხვა მოდელში როგორც სააკაშვილი, ისევე ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი. ასე რომ, თქმა იმისა, რომ ეს ცვლილება იმიტომ კეთდება, რომ სააკაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი, მე ამას ვერ გავიზიარებ”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე და აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის ორიგინალურ და ვენეციის კომისიაში წარდგენილ პროექტებს შორის განსხვავება მხოლოდ კონსტიტუციის ძალაში შესვლის საკითხს არ ეხება. ანუ ერთმანეთს არ ემთხვევა პროექტის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების ქართული და ინგლისური ვერსიები. ვახტანგ ხმალაძე შენიშნავს, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მუხლები, რომლებიც მთავრობის ფორმირებას, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასა და მთავრობისათვის ნდობის გამოუცხადებლობას შეეხება.

”ერთია თურმე, რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, მეორეა ის, რას სთავაზობენ საზოგადოებას უკვე დაწერილი ვარიანტით, მესამეა თარგმანი, რომელიც არ ემთხვევა და სრულიად სხვანაირია, რაც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. და კიდევ რჩება ერთი მთავარი პრობლემა - არის შესაძლებლობა და რისკი, რომ საზოგადოებამ სრულიად სხვა, მეოთხე ვარიანტი, მიიღოს. ”

საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომიის წევრის ნინო ციხისთავის ეს ეჭვი მეოთხე ვარიანტთან დაკავშირებით არაპირდაპირ დაადასტურა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომელმაც მოუწოდა პოლიტიკურ სპექტრს, გაიმართოს დაუყოვნებელი კონსულტაციები, რათა კომისიის ფარგლებში მიღებულმა შეთანხმებებმა საპარლამენტო განხილვისას სხვა სახე არ მიიღოს.
XS
SM
MD
LG