Accessibility links

logo-print
ბოლო კვირის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა საგადასახადო კოდექსის პროექტში აღმოჩენილი ერთი ჩანაწერი გააპროტესტა, რომელიც არასამთავრობო სექტორის საშემოსავლო გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად საგადასახადო ბაზის გაფართოებას ცდილობს და არა გადასახადების გაზრდას, თუმცა კი გადასახადების ზრდისკენ სვლა მაინც შეიმჩნევა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”ეკონომიკური თავისუფლების აქტთან”.

ჩემი, როგორც ეკონომისტის, შეხედულება, რომელიმე კონკრეტული სექტორების განთავისუფლების კუთხით, არის რადიკალურად უარყოფითი ...
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, ახალი გადასახადები ეკისრება ან გადასახადის მოცულობა ეზრდება საქმიანობის ზოგიერთ სფეროს. მაგალითად, მობილური კავშირგაბმულობა აქციზური გადასახადით დაიბეგრება, ან კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციათა გრანტით მიღებული თანხა, 12 პროცენტის ნაცვლად, 20 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდას, პოლიტიკური აქტიურობის შედეგად, თავი დააღწია განათლებისა და სამედიცინო აპარატურის ბიზნესმა, ასევე ბეჭდვითმა პრესამ და მისმა გავრცელებამ. ცნობილია ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ ითქვა უარი ბეჭდვითი პრესის დაბეგვრაზე:

”დაბეგვრაზე არც გვიფიქრია. რა უნდა დაბეგრო? პოლიტიკური ნეგატივის გარდა, მას არაფერი მოაქვს.”

ამ და სხვა მიზეზებით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ისეთი ჩანაწერები ჩაიდო, რომლებიც სხვადასხვა სფეროსთვის გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს აწესებს, თუმცა კი თავად ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს სჯერა, რომ ასეთი დიფერენციაცია კარგს არაფერს მოიტანს:

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
”მე პირადად მოგახსენებთ, ჩემი, როგორც ეკონომისტის, შეხედულება, რომელიმე კონკრეტული სექტორების განთავისუფლების კუთხით, არის რადიკალურად უარყოფითი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო პოლიტიკის ნაზავს არავისთვის სიკეთე არ მოაქვს.”

მიუხედავად ამისა, ბაინდურაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტში მაინც არის ისეთი დარგები, რომლებიც გადასახადებისგან განთავისუფლებულია. უფრო მეტიც, ცალკეულ დარგებს დაემატა მიკრობიზნესიც - 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე მეწარმე, რომელიც საერთოდ არც ერთ გადასახადს არ გადაიხდის. ეს თბილისის მერის არჩევნებისას გიგი უგულავას, ამჟამინდელი მერის, პოლიტიკური დაპირება იყო.

ამ, ერთი შეხედვით, კარგ დანაპირებში, რომელმაც ბუღალტრული პრობლემებისგან შვება უნდა მოჰგვაროს წვრილ მეწარმეებს, ეკონომისტებმა დიდი უსამართლობა აღმოაჩინეს.

მაგალითად, ინდივიდუალური მეწარმე იურისტი, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარს არ აღემატება და აქედან მისი შემოსავალი, მაგალითად, 20 ათასი ლარია, არაფერს გადაიხდის. ხოლო იურისტი, რომელიც საადვოკატო ფირმაში მუშაობს და მისი შემოსავალიც ასევე, მაგალითად, 20 ათასი ლარია, 20 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში 4 ათასი ლარის შეტანა უწევს. ასეთივე მდგომარეობაა სხვა სფეროს სპეციალისტებთან დაკავშირებითაც. ამას არალოგიკურს უწოდებს საგადასახადო სფეროს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი:

ირაკლი შავიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
”ცოტა გაუგებარია: სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, არ იხდის და დაქირავებით მუშაობს, ხელფასს იღებს და უკავდება გადასახადი. ეს შეუსაბამობაა აშკარა. ჩვენ ხელოვნურ შეღავათებს ვქმნით და გამოგვდის არასწორი, დამახინჯებული ფორმები.”

შეუსაბამობის გარდა, რომელზეც ექსპერტი ირაკლი შავიშვილი საუბრობდა, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ბევრი მუხლია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ „ეკონომიკური თავისუფლების აქტთან“. ეკონომიკის ექსპერტები, დაპირებული გადასახადების კლების ნაცვლად, საგადასახადო ბაზის ზრდასა და გადასახადების ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებენ.

ეს ტენდენცია შეამჩნია საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც საქართველოს ახლახან 75 მილიონი აშშ დოლარის მორიგი ტრანში დაუმტკიცა.

გასული კვირის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მმართველი დირექტორის მოადგილემ და მოქმედმა თავმჯდომარემ ნაოიუკი შინოჰარამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალი საშემოსავლო ზომების მიღება მისასალმებელია. ”უფრო მეტიც, გადაწყვეტილება გადაედოთ რეფერენდუმის მოთხოვნა გადასახადის გაზრდაზე, დაეხმარება პოლიტიკის აუცილებელი მოქნილობის შესაქმნელად მანამდე, სანამ ფისკალური დეფიციტი არ დაბრუნდება უფრო კეთილგონივრულ დონეებამდეო”, - აღნიშნა შინოჰარამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ასეთი განცხადების მიმართ კრიტიკით გამოვიდა ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

გია ჯანდიერი, ეკონომიკის ექსპერტი
”ძალიან არადიპლომატიური განცხადება იყო. არ ველოდი, რომ სავალუტო ფონდი ასეთ ღია განცხადებას გააკეთებდა, რომ მას არ მოსწონდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა თავისუფლების აქტის შესახებ.”

გია ჯანდიერი და ლიბერალური ეკონომიკის სხვა მიმდევრები, ხარჯებისა და გადასახადების ზრდის ნაცვლად, თავისუფლების აქტის სასწრაფოდ მიღებას მოითხოვენ, რათა არ გაიზარდოს სახელმწიფო ხარჯები, ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო ვალი და სხვა ვალდებულებები, რომლებიც მთავრობას გადასახადების ზრდისკენ უბიძგებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს, საქართველოს ეკონომიკური კურსის ცვლილების გარდა, თავად ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს და ისედაც დეფიციტურ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოსთვის კიდევ უფრო მიუწვდომელს გახდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG