Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი ხალხი ამბობს: „წადი“!


ლიბიაში დემონსტრანტები აბიჯებენ ხალიჩას მუამარ კადაფის გამოსახულებით
ლიბიაში დემონსტრანტები აბიჯებენ ხალიჩას მუამარ კადაფის გამოსახულებით
ჟენევაში რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ ლიბიის ლიდერისადმი მოწოდებით, გადადგეს და ამით თავიდან აიცილოს სისხლისღვრის გაგრძელება ქვეყანაში, რომელიც საპროტესტო გამოსვლებმა და დაპირისპირებამ მოიცვა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სწორედ ჟენევაში, პირველი იყო ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი გამომსვლელებს შორის, რომლებიც იშვიათ ერთსულოვნებას იჩენენ ლიბიაში შექმნილი ვითარების შეფასებისას.

„აი, რას ვეტყვით პოლკოვნიკ კადაფის: ლიბიელი ხალხი ამბობს „წადი“, ხალხი არაბულ სამყაროში ამბობს „წადი“, ხალხი მთელს მსოფლიოში ამბობს „წადი“ და გადადგი ნაბიჯი კაცობრიობის სასიკეთოდ: წადი ახლა!“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა კი „მიუღებელი“ უწოდა სამხედრო ძალის გამოყენებას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიბიის შესახებ გამოსვლისას ჟენევაში
„დაუშვებელია ძალის გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, როგორც ეს ლიბიაში მოხდა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. რუსეთი გმობს ასეთ ძალადობას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ჰუმანიტარული სამართლის სრულად დაცვას“, - განაცხადა ლავროვმა.

მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ჟენევაში მსჯელობდნენ ლიბიის კრიზისზე, ბრიუსელში ევროკავშირმა დაამტკიცა კადაფისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სანქციები, საბანკო ანგარიშების გაყინვის, იარაღის მიწოდების აკრძალვისა და ვიზებზე უარის ჩათვლით.

ამასობაში, ჰილარი კლინტონმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე გამოსვლისას მოითხოვა, რომ კადაფიმ და მის გარშემო მყოფმა პირებმა პასუხი აგონ ქმედებებზე, „რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. თავიანთი ქმედებით მათ დაკარგეს მართვის ლეგიტიმურობა და ლიბიელმა ხალხმა თვითონვე გარკვევით თქვა: დადგა დრო, რომ კადაფი წავიდეს - ახლა, მორიგი ძალადობის ან დაყოვნების გარეშე“.

იქვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, დააკმაყოფილოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოთხოვნა, ამ საბჭოდან ლიბიის გარიცხვის თაობაზე. ლიბიის მმართველი რეჟიმისადმი მეტად კრიტიკული იყო სხვა საგარეო საქმეთა მინისტრების, მათ შორის ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლების გამოსვლებიც.

ჟენევაში დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება მოჰყვა გაეროს უშიშროებისს საბჭოს გადაწყვეტილებას კადაფის, მისი ნათესავებისა და მისი რეჟიმის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე.

ლიბიის კრიზისზე მსჯელობენ ჰააგაშიც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ლუის მორენო-ოკამპომ გააკეთა განცხადება წინასწარი გამოძიების შესახებ, რომელიც კადაფის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით იწყება. მორენო-ოკამპომ ჰააგაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი შეისწავლის ბრალდებებს ლიბიის ლიდერის ერთგული ძალების მიერ სამოქალაქო პირების წინააღდმეგ მიმართული „მასშტაბური ან სისტემატური იერიშების“ შესახებ. ამასთან, პროკურორის განმარტებით „გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცევა ყველაზე მძიმე დანაშაულები, რომლებიც 15 თებერვლის შემდეგ იქნა ჩადენილი. ბრალდებების მიხედვით, საქმე ეხება სამხედრო თავდასხმებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“. თუ ეს მართლაც მოხდა, საქმე ეხება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განმარტებით, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს.

თვით ლიბიიდან ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე ქალაქს მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ, მაშინ როცა დედაქალაქი ტრიპოლი კვლავაც მუამარ კადაფის ხელში რჩება.
XS
SM
MD
LG