Accessibility links

logo-print
საატესტატო გამოცდები ქუთაისის 42 საჯარო სკოლაში, მთელი საქართველოს მსგავსად, უკვე მეცხრე დღეა მიმდინარეობს და ხვალ მათემატიკის გამოცდით დასრულდება. ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა - ეს ის საგნებია, რომლებშიც ატესტატის მოსაპოვებლად მეთორმეტე კლასის მოსწავლეები კომპიუტერის მეშვეობით გამოცდებს აბარებენ. მიღებული ქულების რაოდენობას მოსწავლეები ადგილზე კომპიუტერის მეშვეობითვე იგებენ, თუმცა გადალახეს თუ არა ბარიერი თითოეულ საგანში, მხოლოდ გამოცდების შემდეგ გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო ბარიერის კვოტას ოფიციალურად გამოაცხადებს.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია რამდენად მომზადებულები შეხვდნენ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს, როგორ აფასებენ მათ მიმდინარეობას და მიიჩნევენ თუ არა გამოცდებს ცოდნის ამაღლების საუკეთესო საშუალებად. კითხვებზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება ქუთაისის ერთ-ერთი გარეუბნის საჯარო სკოლას ეწვია. სკოლის ადმინისტრაციის თხოვნით, მის ნომერს არ ვასახელებთ და ასევე მოსწავლეთა ვინაობასაც ინკოგნიტოდ ვტოვებთ.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მეთორმეტეკლასელებმა აღნიშნეს, გამოცდებს ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შეხვდნენ, რამაც მეტ-ნაკლებად შედეგებზეც იმოქმედა. რესპონდენტები საგამოცდო საგნებს ორ ჯგუფად ყოფენ- მარტივად და რთულად. მოსწავლეთა უმეტესობისთვის რთული ტექნიკური საგნები აღმოჩნდა.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას მოსწავლეები დადებითად ახასიათებენ რადიო თავისუფლებასთან საუბარში და დასძენენ, რომ ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახლში კომპიუტერი არა აქვს, გამოცდებამდე ჩატარებულმა პრეტესტმა შესაძლებლობა მისცა აეთვისებინა ნეტბუქის მოხმარება.

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ საატესტატო გამოცდების ჩაბარებისას მიღებული გამოცდილება მათ ეროვნული გამოცდების დროსაც გამოადგებათ და დასძენენ, რომ საატესტატო გამოცდების გარეშე მათი საერთო განათლების დონე, ახლანდელთან შედარებით, უფრო დაბალი იქნებოდა.

გამოცდების მიმდინარეობის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და საგნებში გადასალახი ბარიერის შესახებ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს გამოცდების დასრულებამდე არ აკეთებენ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მეთორმეტეკლასელთა რამდენი პროცენტი გადალახავს ბარიერს, მოიპოვებს ატესტატს და, შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლებასაც.
XS
SM
MD
LG