Accessibility links

logo-print
გუშინ ნაციონალური მაუწყებლები და დღეს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას გავლენიანი კომპანია „გრინბერგ ქუინლან როსნერის“ ახალი კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც ქვეყანაში დღეს არსებულ საზოგადოებრივ განწყობებს მოიცავს. თავად კვლევის შინაარსზე ვრცლად ნაციონალურმა ტელეარხებმა ისაუბრეს… ჩვენ დავინტერესდით იმ ფორმით, რომლითაც აცნობენ კვლევის შედეგებს საზოგადოებას…

ტელეკომპანია ”იმედი” 26 ივნისის ხუთსაათიან გამოშვებაში ამბობს:

”…რაც ბოლო წლებში რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია…”

ერთი საათის შემდეგ კი ”რუსთავი 2” გადმოსცემს:

”…ეს არის ყველაზე მაღალი რიცხვი, რომელიც ამ კითხვაზე დაფიქსირებულა…”

ეს კომენტარები კეთდება კომპანია „გრინბერგ ქუინლან როსნერის“ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას. კითხვა ზევით დასმული კომენტარების წინ კი ასეთია:

"რუსთავი 2": „როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას?..“

თავად ციფრებსა და სტატისტიკაზე ყურადღებას არ შევაჩერებთ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ კომპანია „გრინბერგ ქუინლან როსნერს“ ეს მონაცემები საკუთარ ვებგვერდზე ჯერჯერობით არა აქვს (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გრინბერგის კლიენტთა ნუსხაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პრეზიდენტი სააკაშვილი არიან და წარსულში მსგავსი კვლევები კომპანია „გრინბერგ ქუინლან როსნერს“ ჩაუტარებია) და, მეორე, ვფიქრობ, შინაარსზე საინტერესო ის ფორმაა, რომლითაც, ნაციონალური მაუწყებლები მესიჯს ავრცელებენ.

ინფორმაცია კვლევის შესახებ მხოლოდ ტელევიზიებით ვრცელდება. არ არის მითითებული კონკრეტული წყარო ან საიდან აქვს ტელევიზიას კვლევის შედეგები, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად არის ნახსენები „გრინბერგ ქუინლან როსნერის“ კვლევა. ტელემესიჯები ტელევიზიებში იდენტურია, სიტყვების მცირე განსხვავებათა მიუხედავად:

”იმედი”: „კითხვაზე, ვინ იდგა 2011 წლის 21-25 მაისის აქციების უკან, გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ ამ აქციების უკან რუსეთი იდგა.“

”რუსთავი 2”: „კითხვაზე, თქვენი აზრით, ვინ იდგა 26 მაისის აქციების უკან, რუსეთი, - ეს პასუხი გამოკითხულთა 61%-მა გასცა.“

მესიჯის გავრცელების შემდეგ ინფორმაცია ინტერნეტში, საინფორმაციო სააგენტოებში ასევე კოპირებული სახით ხვდება. წყაროს ძიებისას მე სააგენტოებს დავუკავშირდი, სადაც განმიცხადეს, რომ ინფორმაცია ტელევიზიებიდან აიღეს, რადგან მთავარ წყაროს ვერ მიაკვლიეს. მოკლედ, საინფორმაციო სააგენტოებსაც და სხვა ინტერნეტმედიუმებს წყაროდ ტელევიზიები აქვთ მითითებული.

ცოტა მეტის გასარკვევად მე საქართველოში არსებულ კვლევით კომპანია ”ეი-სი-თის” დავუკავშირდი. ”ეს-სი-თი” წარსულში „გრინბერგ ქუინლან როსნერს“ საველე სამუშაოების ჩატარებაში ეხმარებოდა. ”ეი-სი-თიში” განაცხადეს, რომ ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გააკეთებენ, რადგან ეს მხოლოდ კომპანიის პრეროგატოვაა. მე მივწერე კომპანია „გრინბერგ ქუინლან როსნერს“ და, სავარაუდოდ, პასუხს ამ დღეებში მივიღებ. თუმცა მანამდე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ფაქტი ტელემესიჯის ფორმირებისა.

2010 წელი, „გრინბერგ ქუინლან როსნერის“ კვლევის გამოქვეყნება ტელევიზიების მიერ:

”პირველი არხი”: „საქართველოში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევა ჩატარდა…“

”რუსთავი-2”: „საქართველოში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევა ჩატარდა…“

„გრინბერგ ქუინლან როსნერს“ საკუთარ ფილოსოფიაში, საკუთარ ვებგვერდზე მითითებული აქვს, რომ კომპანიის მიზანია დაეხმაროს კლიენტს წარმატებული მესიჯის ფორმირებაში, რაც მას (კლიენტს) მისი მიზნებისა და იდეების განხორციელებაში დაეხმარება. ამ და სხვა მიზეზთა გამო ალბათ საინტერესოა თავად ”ნედლი” კვლევის შედეგების ხილვა. კითხვების ორიგინალური ფორმულირებების ხილვა…


P.S

დაბოლოს, ერთი დეტალი: 2011 წლის 26 ივნისს ზემოთ ნახსენებმა ტელეკომპანიებმა გვამცნეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას მოსახლეობის 77 % დადებითად აფასებს, რაც, ტელევიზიების თქმით, ”ყველაზე მაღალი” მაჩვენებელია ბოლო წლებში. შეფასება ”ყველაზე მაღალი” საინტერესოა, რადგან 2010 წელს ტელეკომპანია ”იმედი” გვამცნობდა:

”იმედი”: ”მეორე შეკითხვა, სააკაშვილის საქმიანობის მაჩვენებელი: გამოკითხულთა 83 პროცენტი თვლის, რომ მაჩვენებელი გაუმჯობესდა. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2004 წლის შემდეგ…”

მიუხედავად შეკითხვის ფორმულირებაში განსხვავებისა 2010 და 2011 წელს, მაინც საინტერესოა, რომელი ”ყველაზე მაღალია” რეალურად ყველაზე მაღალი… ამისთვის კი ალბათ თავად კომპანია ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ, რომელიც ჯერჯერობით კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე არა აქვს.
XS
SM
MD
LG