Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა ლიპარტელიანი ნორვეგიაში დაღუპულთა შორის იპოვეს


ოფიციალურად დადასტურდა ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქის, 23 წლის თამთა ლიპარტელიანის დაღუპვის ფაქტი. ნორვეგიის პოლიციამ, რომელმაც მანამდე თბილისისგან თამთა ლიპარტელიანის თითის ანაბეჭდები ითხოვა, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ ცხედარი ამოცნობილ იქნა. თამთა ლიპარტელიანი ერთ-ერთია იმ 68 ადამიანს შორის, რომლებიც გასულ კვირაში, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში მოკლა 32 წლის ანდერს ბრეივიკმა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მომხდარს "უდიდესი ტრაგედია" უწოდა და სამძიმარი გამოუცხადა თამთა ლიპარტელიანის ოჯახს. კალანდაძის თქმით, სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ნორვეგიის დახმარებით თამთა ლიპარტელიანის ცხედარს საქართველოში რაც შეიძლება მალე გადმოასვენებენ.

თამთა ლიპარტელიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გარდაცვლილის მშობლებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. "კუნძულ უტოიაზე დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, უშუალოდ შეეხო ჩვენს ქვეყანას და მძიმე აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბარბაროროსული აქტის მსვერპლი 23 წლის თამთაც აღმოჩნდა” - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ტერორიზმი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელთან საბრძოლველად მთელი მსოფლიოს ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს.
XS
SM
MD
LG