Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუშჩენკო ტიმოშენკოს წინააღმდეგ


კიევი: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ
კიევი: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ჩვენება მისცა წარსულში თავისი უახლოესი პოლიტიკური მოკავშირის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. ტიმოშენკოს ასამართლებენ უკრაინის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ოთხშაბათს სწორედ ამ სასამართლო პროცესზე, მოწმის სტატუსით დაკითხეს ყოფილი პრეზიდენტი.

„სირცხვილი“, „მოღალატე“ - ეს შეძახილები გაისმა კიევის სასამართლოსთან, როცა შენობასთან გამოჩნდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პროცესზე ჩვენების მისაცემად. იუშჩენკოს კრიტიკის მოსმენა მოუწია ტიმოშენკოს მხარდამჭერებისაგან, რომლებიც სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილი.

50 წლის იულია ტიმოშენკოსთვის წაყენებულ ბრალდებას საფუძვლად უდევს მის მიერ 2009 წელს, პრემიერ-მინისტრის რანგში რუსეთთან ხელმოწერილი კონტრაქტი გაზით მომარაგების შესახებ. კონტრაქტმა, რომელიც ტიმოშენკომ და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გააფორმეს, მნიშვნელოვნად გაუზარდა უკრაინას გაზის საფასური.

როგორც იუშჩენკომ განაცხადა სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად აფასებდა 2009 წლის კონტრაქტის პირობებს, მას, პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ხელი შეეშალა ტიმოშენკოსთვის კონტრაქტზე ხელმოწერაში. იუშჩენკოს განცხადებით, „პუტინმა თქვა, სიტყვა-სიტყვით: მე პირადად შევთავაზე ტიმოშენკოს ფასად 250 დოლარი ათას კუბურ მეტრ გაზსა და რეექსპორტშიო“ და იქვე იუშჩენკო ბოდიშს იხდის, რადგან პუტინის სიტყვებს იმეორებს „ჯანდაბა თქვენს თავსო“. ასე უთქვამს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ ეს უკანასკნელი არ დაყაბულებულა შეთავაზებაზე, რის გამოც ჩაშლილა მოლაპარაკებები. ცნობილია, რომ მოგვიანებით ტიმოშენკო დაყაბულდა უფრო გაძვირებულ გაზზე კონტრაქტს.

სასამართლოში იუშჩენკოს ჩვენებით გრძელდება ტიმოშენკოსთან მისი ხანგრძლივი და რთული ურთიერთობის ისტორია. 2004 წელს ისინი მსოფლიომ გაიცნო, როგორც „ნარინჯისფერი რევოლუციის“ გმირები. როგორც ცნობილია, სწორედ ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო ედგნენ სათავეში საპროტესტო აქციებს, რომლებიც მოჰყვა ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას, ბევრის შეფასებით, გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამის შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გახდა. ტიმოშენკოს კი ორჯერ ერგო პრემიერ-მინისტრის პოსტი იუშჩენკოს მმართველობისას, 2005 - 2010 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა დაპირისპირება მოკავშირეებს შორის - დაპირისპირება, რომელმაც, ბევრის შეფასებით, ხელი შეუწყო ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩის ჩადგომას. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, კანდიდატებს შორის იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს ყოფნის მიუხედავად.

თუ ისევ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ის აზრთა სხვაობას იწვევს უკრაინაში. ლიუდმილამ, რომელიც ტიმოშენკოს მოწინააღმდეგეთა აქციაში მონაწილეობს (ეს აქციაც სასამართლოს შენობასთან იმართება), ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს უთხრა: იულია ტიმოშენკომ პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე და უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზეო.

ტიმოშენკოს მომხრეები კი, უწინარეს ყოვლისა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აკრიტიკებენ. ის ცნობილია მოსკოვთან ახლო ურთიერთობით და, ტიმოშენკოს მომხრეები როგორც ირწმუნებიან, სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს ტიმოშენკოს, როგორც ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკური კარიერის წინააღმდეგ. აი, რა უთხრა სვეტლანამ - ტიმოშენკოს მხარდამჭერი აქციის მონაწილემ - ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურს: „მე ყოველდღე მოვდივარ სასამართლოსთან. ჩემთვის მოვდივარ! თუ ტიმოშენკოა დაპატიმრებული, ყველა ვართ დაპატიმრებული. კარზე მომიკაკუნებენ და მეტყვიან - თქვენ ტრადიციული ტანისამოსი გაცვიათ, აბა, ციხეში წადითო! აქ მოვდივარ თავისუფლებისათვის, ჩემი საკუთარი თავისუფლებისათვის! “

ტიმოშენკოს პროცესის შესახებ განცხადებები კეთდება უცხოეთშიც. შეერთებული შტატები და ევროკავშირი გმობენ პროცესს, რომელიც, მათი შეფასებით, ტოვებს ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შთაბეჭდილებას.

იულია ტიმოშენკოს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG