Accessibility links

თბილისში დაარსდა ჩერქეზთა კულტურის ცენტრი


ჩერქეზთა კულტურის ცენტრის გახსნა

ჩერქეზთა კულტურის ცენტრის გახსნა

ჩერქეზთა კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2011 წლის 12 ოქტომბრის სპეციალური ბრძანებულებით გადაწყდა. ცენტრი კულტურის სამინისტროსთან იარსებებს და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა უხელმძღვანელებს. როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 19 ოქტომბერს ცენტრის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს ადგილი ქართველებისა და სხვა კავკასიელი ერების ხელახალი დაძმობილების მთავარ ინსტრუმენტად და მათი შეხვედრის ერთგვარ შტაბბინად იქცევა.

თამარ უჯუხუ ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ჩერქეზთაგან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ის დღეს “კავკასიურ სახლში” მოღვაწეობს და ამბობს, რომ ქართველთა და ჩერქეზთა მეგობრობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და თბილისში ასეთი ჩერქეზთა კულტურული ცენტრის შექმნა გასაკვირი არ არის.
ყველა ჩერქეზისთვის, სადაც უნდა იყვნენ ისინი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, მე ასე მგონია და, ალბათ, მათაც ისეთივე განცდები ექნებათ...

”რატომ გაიხსნა ასეთი კულტურული ცენტრი მაინცდამაინც საქართველოში? ვინც არ იცის კავკასიელი ხალხების ურთიერთობის ისტორია, ის შესაძლოა, ამას ვერ მიხვდეს და სხვა აქცენტები დასვას. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს საუკეთესო წარმომადგენლები, დიდი მეცნიერები არა მხოლოდ ქართული ენის გადარჩენაზე ზრუნავდნენ, არამედ სხვა კავკასიური ენებისაზეც. ყველა ჩერქეზისთვის, სადაც უნდა იყვნენ ისინი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, მე ასე მგონია და, ალბათ, მათაც ისეთივე განცდები ექნებათ, როგორიც მე მაქვს – მე უკვე ვიცი, ჩემი კულტურული ცენტრი სად არის”.

ცენტრს ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა უხელმძღვანელებს. დასაწყისისათვის ჩერქეზული კულტურის და მისი ცნობილი წარმომადგენლების შესახებ საინფორმაციო ბაზა შეიქმნება. არის სხვა გეგმებიც:

”ამ ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება იქით, რომ წელიწადში ერთხელ მაინც თბილისში ჩერქეზული კულტურის დღეები გაიმართოს, რაც არასდროს არსად გამართულა. შევეცდებით, მსოფლიოში არსებული სხვა ჩერქეზული კულტურის ცენტრები ერთმანეთს დავაკავშიროთ ჩერქეზული ენის განვითარებისათვის და არაერთი პროექტი განხორციელდება და ვფიქრობ, რომ საქართველო დღესაც აკეთებს იმას, რასაც ასი წლის წინ აკეთებდნენ ქართველები ჩრდილოკავკასიელების კულტურის გადასარჩენად”.
ნიკოლოზ რურუა

ნიკოლოზ რურუა


როგორც პრეზენტაციაზე კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამაც აღნიშნა, ჩერქეზთა კულტურის ცენტრის დაარსება მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ 20 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი და საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთსულოვანი აღმოჩნდა. ამას, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რამდენიმე ჩერქეზული ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართვა უძღოდა.

პარლამენტის დიასპორებთან და კავკასიის ხალხთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა კი ჩერქეზებისაკენ გადადგმული ეს მეგობრული ნაბიჯი ასე განაზოგადა:

მგონია, რომ ჩერქეზების მეგობრობა ქართველებთან, პირველ რიგში, ნიშნავს მათ გაერთიანებას და, რაც მთავარია, კავკასიაში ჩვენი, როგორც სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას...
”როცა დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩერქეზების გულებისაკენ, ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს სხვა კავკასიელებისკენაც, ჩეჩნებისკენ... ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს მთლიანად კავკასიისკენ”.

ის, რომ ჩერქეზთა კულტურის ცენტრს, გარკვეული დოზით, პოლიტიკური დატვირთვაც ექნება, ამაზე საუბრობს ჩერქეზთა კონგრესის წარმომადგენელი საქართველოში, ანდრო გაბისონიაც:

”ჩერქეზები დღეს მთელ მსოფლიოში არიან გაბნეული, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში რუსეთი მათ სასიკეთოდ არაფერს აკეთებს, ამიტომ მგონია, რომ ჩერქეზების მეგობრობა ქართველებთან, პირველ რიგში, ნიშნავს მათ გაერთიანებას და, რაც მთავარია, კავკასიაში ჩვენი, როგორც სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას და რეგიონში გამაერთიანებელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG