Accessibility links

logo-print

რას შეცვლის მოლდავეთის დნესტრისპირეთის ახალი ლიდერი


არჩევნები დნესტრისპირეთში

არჩევნები დნესტრისპირეთში

მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ევგენი შევჩუკმა გაიმარჯვა. ამით დასრულდა ყოფილი პრეზიდენტის, მოსკოვის ფავორიტ იგორ სმირნოვის 20 წლიანი მმართველობა. თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად შეცვლის სეპარატისტულ ანკლავსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებულ სტატუს-კვოს დნესტრისპირეთის ახალი ლიდერის არჩევა.

ახალგაზრდა ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის არჩევამ მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის პრეზიდენტის პოსტზე ევროპის უკნასკნელ „გაყინულ კონფლიქტში“ პროგრესის მიღწევის იმედი გააჩინა. 26 დეკემბერს მოლდავეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პეტრ დენისენკომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა ევგენი შევჩუკის გამარჯვება მის მეტოქე, სეპარატისტული რეგიონის ამჟამინდელ სპიკერ ანატოლი კამინსკიზე, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს:
ჩვენი პირველი ნაბიჯები იქნება მუშაობა ჩვენს მოლდაველ და უკრაინელ კოლეგებთან ...

"მოლდავეთის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად ვაცხადებ ევგენი შევჩუკს, რომელმაც ხმის მიცემის დროს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა - 73.88 პროცენტი - მიიღო. შედარებისათვის: მოლდავეთის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის კანდიდატ ანატოლი კამინსკიმ ამომრჩეველთა ხმების 19.67 პროცენტი მიიღო.“

43 წლის ბიზნესმენისა და პოლიტიკოს ევგენი შევჩუკის წინასაარჩევნო პლატფორმა ემყარებოდა მოლდავეთსა და უკრაინასთან კავშირების განმტკიცებას, რამაც უნდა შეუმსუბუქოს საზღარზე გადაადგილება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 500 ათას მოქალაქეს.

„ჩვენი პირველი ნაბიჯები იქნება მუშაობა ჩვენს მოლდაველ და უკრაინელ კოლეგებთან, რათა ადამიანებმა და პროდუქციამ თავისუფლად შეძლონ საზღვარზე გადაადგილება“, - განაცხად შევჩუკმა.

დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ახალი ლიდერის თქმით, მისი გამარჯვება ემყარება მოსახლეობის მზარდ სურვილს, შეიცვალოს ეკონომიკური და სოციალური ვითარება ევროპის უღარიბეს რეგიონში.

„რაზე ლაპარაკობენ ასეთი ციფრები? - ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხალხი დაიღალა ამჟამინდელი ვითარებით, იმ სიძნელეებით, რაც არსებობს და ხალხი ელოდება რეალურ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაამარტივებენ არსებულ ვითარებას ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ამიტომ ხალხი ელის რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს და ასეთი ნდობის ლიმიტი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს უნდა გაკეთდეს შემჭიდროებულ ვადებში.“
მე განზრახული მაქვს, რომ ვითანამშრომლო მასთან, როგორც ვთანამშრომლობდი [ყოფილ პრეზიდენტ] იგორ ნიკოლაევიჩ სმირნოვთან...

დნესტრისპირეთმა - უკრაინის საზღვართან მდებარე მოლდავეთის რეგიონმა - დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. ამას მოჰყვა ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი რუმინულ ენაზე მოლაპარაკე მოლდავეთსა და მოსკოვზე ორიენტირებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკას შორის, რაც 1992 წელს რუსეთის არმიის ინტერვენციით დასრულდა. მას შემდეგ სეპარატისტულ რესპუბლიკას სათავეში ედგა იგორ სმირნოვი, ძლიერი ლიდერი, რომელიც მოულოდნელად დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში - მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაკარგა მოსკოვის კეთილგანწყობა. მის ნაცვლად კრემლმა უპირატესობა მიანიჭა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მოქმედ სპიკერ ანატოლი კამინსკის, რომელიც 25 დეკემბრის განმეორებით ტურში დამარცხდა მეტოქესთან, თუმცა მშვიდად აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ევგენი შევჩუკთან:

„მე განზრახული მაქვს, რომ ვითანამშრომლო მასთან, როგორც ვთანამშრომლობდი [ყოფილ პრეზიდენტ] იგორ ნიკოლაევიჩ სმირნოვთან. მე წარმოვადგენ ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესი ჩვენი დნესტრისპირელების კეთილდღეობაში მდგომარეობს. ვეცდები დავამყარო კონსტრუქციული თანამშრომლობა.“

ევგენი შევჩუკის გამარჯვებით მოლდავეთი იმედოვნებს, რომ ერთ-ერთ „გაყინულ კონფლიქტში“ სეპარატიზმის პრობლემის მოგვარება დაიწყება. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, იგი ღიაა მოლდავეთთან მოლაპარაკებებისათვის, რათა ადგილიდან დაიძრას ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესი. თუმცა შევჩუკი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს უარი თქვას დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც დნესტრისპირეთში 2006 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე მიიღეს. შევჩუკმა გამარჯვების შემდეგ ისიც განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო მოსკოვი იქნება პირველი საზღვარგარეთული დედაქალაქი, რომელსაც იგი 30 დეკემბრის - ანუ ინაუგურაციის - შემდეგ ესტუმრება. დნესტრისპირეთი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული, მოსკოვის ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას ეყრდნობა. რუსეთს დნესტრისპირეთში 1500 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
XS
SM
MD
LG