Accessibility links

logo-print
თბილისში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, გადადგეს დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე. პროტესტის 29-ე დღეს აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მერიის ხელმძღვანელობა მფარველობს თემურ გიორგაძეს, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილენი პროტექციონიზმსა და თანამშრომელთა პრემიების მითვისებაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქციაში მონაწილე მეხანძრე-მაშველების ნაწილი კვლავ რჩება საბურთალოს ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის წინ, ნაწილმა კი მერიასთან გადაინაცვლა.

„ყველას გასაგონად გეუბნებით და შეიბერტყეთ ყურები: მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მეხანძრე-მაშველი, ვინც თემურ გიორგაძის სახლსა და აგარაკებზე გამოძახებით მისულა და უმუშავია“. - აქციის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, თემურ გიორგაძე თანამშრომლებს აიძულებდა მისი პირადი საქმეები ეკეთებინათ, მაგალითად, იყენებდა მათ აგარაკისა და თემქაზე მდებარე სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის. გარდა ამისა, სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი მეხანძრე-მაშველის, გიორგი გიორგაძის თქმით, სწორედ თემურ გიორგაძე ამზადებდა ეგრეთ წოდებულ „ზონდერებს“ და პოლიტიკური ნიშნით დევნიდა თანამშრომლებს:

„განსხვავებული აზრის, მათ შორის, პოლიტიკური აზრის გამო ათავისუფლებდა ხალხს. მათ შორის ვარ მე. ასევე ზონდერ-ბრიგადებს ამზადებდა ამ სამსახურში. 26 მაისს, 7 ნოემბერს რატომ იყვნენ სახანძრო მანქანები მისულები?! რომელ კანონში წერია, რომ სახანძრო მანქანა არბევდეს ხალხს? პირიქით, ხალხის გადარჩენასა და დახმარებას უნდა ემსახურებოდეს სახანძრო სამსახური“.

გადავდივართ პროტესტის სხვა ფორმაზე. ერთი კარავი დარჩება საგანგებო სიტუაციების სააგენტოსთან, რათა ახსოვდეს თემურ გიორგაძეს, რომ იქიდან ჩვენ არ წავალთ. ერთი კარავი კი გაიშლება მერიასთან, რადგანაც მერია ხელს აფარებს თემურ გიორგაძეს...
დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე დღე შიმშილობდა კიდეც, თუმცა, როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი დიასამიძემ, განაცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროტესტის ამ ფორმაზე უარი ითქვა:

„გადავდივართ პროტესტის სხვა ფორმაზე. ერთი კარავი დარჩება საგანგებო სიტუაციების სააგენტოსთან, რათა ახსოვდეს თემურ გიორგაძეს, რომ იქიდან ჩვენ არ წავალთ. ერთი კარავი კი გაიშლება მერიასთან, რადგანაც მერია ხელს აფარებს თემურ გიორგაძეს, რომლის დანაშაულის შესახებ კარგად იციან მერიაში. ხელს აფარებს იმის გამო, რომ, ალბათ, შეთანხმებულად მოქმედებდნენ“.

მეხანძრეთა საპროტესტო აქცია

მეხანძრეთა საპროტესტო აქცია

ამ განცხადებასა და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა გამოჩენას გამოეხმაურა კობა ბრეგვაძე - თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, რომლის თქმითაც, კარგი იქნება, თუკი აქციის მონაწილეთა ბრალდებების შესასწავლად შეიქმნება მერიის, პროფკავშირებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებისგან შემდგარი მუშა ჯგუფი:

„აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა გვქონდა და ველოდებოდით მორიგ შეხვედრას, თუმცა ამის ნაცვლად, როგორც ხედავთ, მოვიდნენ მერიასთან და აქციას მართავენ. მზად ვართ სამსახურში აღვადგინოთ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლდნენ სამსახურებრივი გადაცდომის გამო, თუ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“.

მაგათი გულისთვის გიორგაძე არსად არ წავა! გიოგაძემ 15 წელი სამსახურში გაათენა და სახლში არა სძინებია. ეგენი რომ შორტებით დარბოდნენ ეზოებში, ჩვენ ბოტასებით გავრბოდით ხანძრების ჩასაქრობად. მთელ კოლექტივს აყენებენ შეურაცხყოფას, გაგიჟებულია მთელი 1200 კაცი...
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას, გადადგეს თემურ გიორგაძე, კობა ბრეგვაძის თქმით, ამას ითხოვს ოცამდე ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, მაშინ როცა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში 1200-მდე ადამიანი მსახურობს. ბრალდებებს უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს თავად თემურ გიორგაძეც:

„მაგათი გულისთვის გიორგაძე არსად არ წავა! გიოგაძემ 15 წელი სამსახურში გაათენა და სახლში არა სძინებია. ეგენი რომ შორტებით დარბოდნენ ეზოებში, ჩვენ ბოტასებით გავრბოდით ხანძრების ჩასაქრობად. მთელ კოლექტივს აყენებენ შეურაცხყოფას, გაგიჟებულია მთელი 1200 კაცი. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ცივილიზებულად. შიმშილობაზე თუ მიდგა საქმე, რამდენიმე ასეულმა კაცმა რომ დაიწყოს შიმშილობა, რომ ეგენი არ იყვნენ სამსახურში, სად მიდიან მერე? დავუპირისპიროთ შიმშილობას შიმშილობა?“

თემურ გიორგაძე აქციის მონაწილეებს ურჩევს, სასამართლოს მიმართონ და იქ დაამტკიცონ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
XS
SM
MD
LG