Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური რეიტინგების კვირა


ლუის ნავარო
ლუის ნავარო
გასულ კვირას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და საზოგადოებრივი განწყობის მაჩვენებელი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რაც, როგორც ყოველთვის, დებატების მიზეზი გახდა. ამავე კვირაში საქართველოს რამდენიმე მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი ეწვია.

გასულ კვირაში „თბილისის სამიტი 2014“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. 6 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გახსნა. სამიტზე სამ ქვეყანას შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებული ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს.

"თბილისის სამიტი 2014" თურქეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ვიზიტებისას დაიგეგმა და 6 მაისს თბილისში შეხვედრით და სამ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ საერთო პროექტებზე საუბრით გაგრძელდა. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები თანხმდებიან აზრზე, რომ ამ სამიტით მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სამი ქვეყნის მეგობრობას და სამომავლო გეგმები დასახეს. ეს ისტორიული თანამშრომლობა, განაცხადა 6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, გავლენას ახდენს ამ სამი ქვეყნის ეკონომიკაზე, მისი მოსახლეობის კეთილდღეობასა და რეგიონის სტაბილურობაზეც. გიორგი მარგველაშვილმა „თბილისის სამიტი 2014-ის“ შედეგები პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა:

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია და ხორციელდება და რომლებიც აერთებს კასპიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს ერთმანეთთან. ამ პროექტების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ პროექტებში რეალურად უზრუნველყოფს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“.
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი, აბდულა გიული
ილჰამ ალიევი, გიორგი მარგველაშვილი, აბდულა გიული
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის განმავლობაში მათ ისაუბრეს საერთაშორისო საკითხებზეც, უკრაინის მოვლენებზე, რადგანაც, მისი თქმით, სამივე ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აბდულა გიულის განცხადებით, სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამი ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებსაც გვაქვს საერთო ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით. განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ ეწვიონ თურქეთს. ასევე განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს აზერბაიჯანთან. ეს გეოგრაფიული კავშირები საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სამხრეთ კავკასიაში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის მიზიდულობის ცენტრს ინვესტიციებისათვის. ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, განსაკუთრებით, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი ერზრუმის გაზსადენი თუ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები. მთელი მსოფლიო აკვირდება მათ განხორციელებას. მომავალშიც ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტი 6 მაისს დაასრულა, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა კი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები 7 მაისსაც გააგრძელა.

მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტს საქართველოში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სუვერენული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიესალმება ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობა პარტნიორებს შორის - ასეთი იყო 8 მაისს, თბილისში ყოფნის დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებებში დასმული ძირითადი აქცენტები. ნატოს მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის - საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის, ვიზიტმა საქართველოში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აღაშფოთა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები.

სოხუმში ფიქრობენ, რომ დასავლეთმა სერიოზულად გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს და მის მოკავშირეებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. შიში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაშია გამოკვეთილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. სოხუმი თითქმის დარწმუნებულია, რომ უილიამ ჰეიგმა თბილისთან ნატოს სამომავლო გეგმები განიხილა და რომ ეს გეგმები ხელს აძლევთ საქართველოში ”რევანშისთვის განწყობილ ძალებს”, რომლებიც ”ვერა და ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობას” და რომლებსაც არ ტოვებთ სოხუმის დაბრუნების იმედი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„საქართველოს პერსპექტივები ნატოში უნდა განვიხილოთ ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის, სიტყვების კონტექსტში, რომ - უკრაინის მოვლენების გამო - ალიანსი განიხილავს თავისი ჯარის აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მუდმივად განთავსების საკითხს. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი ”ცხელი თავი” თბილისში მოხარული იქნება გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს ნატოს ბაზები. ეს უკიდურესად უარყოფითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე”.

უილიამ ჰეიგი, მაია ფანჯიკიძე
უილიამ ჰეიგი, მაია ფანჯიკიძე
8 მაისს თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამ მხრივ არაფერი დაუკონკრეტებია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, უილიამ ჰეიგს. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტული თავდაცვის ღონისძიებების შემუშავება თავდაცვის მინისტრების პრეროგატივაა, ხოლო ნატომ უნდა განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ნატოსა და საქართველოს შორის. ეს თანამშრომლობა ამ ეტაპზეც მეტად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ავღანეთში... და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი გზა შემდგომი თანამშრომლობისთვის იმგვარად, რომ ეს წაადგეს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე განმტკიცდეს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. უფრო მეტს ვერ გეტყვით ამის თაობაზე, მაგრამ მჯერა, რომ ნატოს სამიტი უელსში იქნება მეტად მნიშვნელოვანი წინსვლის აღიარებისთვის. გაერთიანებული სამეფო, როგორც მასპინძელი ნატოს სამიტისა, ნათელ პოზიციას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პროგრესის აღიარება და ამის საფუძველზე ურთიერთობის შემდგომი განვითარება”.


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 8 მაისს „შერატონ-მეტეხი პალასში“ 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგების პრეზენტაცია გამართა. 3 942 გამოკითხული ადამიანის პასუხებზე დაყრდნობით, NDI აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად საქართველოში „ქართული ოცნება“ რჩება, ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიად კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თვითმმართველობის არჩევნებამდე ორთვე-ნახევრით ადრე ჩატარებულმა გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ნარმანიას, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. ზოგადად, პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის კი პირველობა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ერგო.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ, 8 მაისს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 60%. კვლევაში მონაწილეთა 40% არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ლუის ნავარომ გამოკვლევის მთავარი ტენდენციები პრეზენტაციის შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასა:

„’ქართული ოცნება’ რჩება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად. მთავრობის მაღალჩინოსნებიდან ყველაზე პოპულარული ლიდერი, გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა, რომელსაც მოჰყვებიან პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად, ხოლო მისი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსად. მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე თბილისში მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ბევრმა ადამიანმა არ გამოხატა პოზიცია მის კანდიდატურაზე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ქალაქების უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეიტინგი აჭარბებს სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატების რეიტინგს. ნინო ბურჯანაძის კოალიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს თბილისის გარეთ, ლეიბორისტებს მხარს უჭერენ აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, საერთო ჯამში, „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად უსწრებს სხვებს ყველა რეგიონში“, - განაცხადა ლუის ნავარომ.

საინტერესოა, რომ ამ გამოკითხვის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებენ როგორც მმართველი ძალის, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები. მაგალითად, ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა. ამასვე აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კახალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

ამ უნდობლობის გასაფანტად პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ორ რჩევას აძლევს - ხელისუფლებამ ჩაატაროს ალტერნატიული კვლევა, NDI-მ კი შეცვალოს კომპანია, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს.

ამავე კვირაში ცნობილი გახდა NDI-ს მიერ საზოგადოებრივი განწყობის გასარკვევად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის თანახმად, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის საქართველოში მოსახლეობა უპირველესად სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს.
ბატონი ღარიბაშვილის, კალაძისა და სხვათა არაადეკვატური რეაქცია იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენს ხალხს ამ თვალსაზრისითაც დემოკრატია უნდა და ეს კამპანიაც ადასტურებს და ადეკვატურად ფასდება საზოგადოების მხრიდან და მთავრობის მხრიდან რეაქცია არის არაადეკვატური...
გიორგი გაბაშვილი

სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, მდგომარეობა არ შეცვლილა. 47% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხიც ძველებურად დარჩა, თუმცა 40%-ის აზრით, ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომია. ამასთან, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საქართველოში სამუშაო ადგილების თემას ნაკლებად განიხილავენ, 29%-ს მიაჩნია, რომ სიღარიბის თემა სათანადოდაა განხილული. გამოკიხულთა 35%-ს ეჩვენება, რომ კრიმინალის დონე საქართველოში გაიზარდა, 46%-ის ხედვით კი, იგივე დარჩა.

ყველაფრის მიუხედავად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 13% მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი შედარებით უკეთესადაა, თუმცა ეს მაჩვენებლი 2%-ით ჩამორჩება გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს. საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებაო, ამბობს 33%, 38% კი ცვლილებას ვერ ხედავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ნატოში შესვლას კი 72% ემხრობა.

გამოკვლევას გამოეხმაურა უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი, რომლის თქმით, კვლევა უჩვენებს, რომ „ხელისუფლება მთლიანადაა ამოვარდნილი იმ პრობლემების გადაწყვეტის პროცესიდან, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“:

„დაკარგული სამუშაო ადგილები, გაზრდილი კრიმინალი და [ხელისუფლება] დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით. ის, რომ ვითარება, დემოკრატიის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, ეს სლაიდიც ადასტურებს. ანუ კამპანია „ეს შენ გეხება“, ანუ ტოტალური მოსმენების წინააღმდეგ კამპანია, საჭიროდ მიაჩნია ჩვენი მოსახლეობის 62%- ს. ასე რომ, ბატონი ღარიბაშვილის, კალაძისა და სხვათა არაადეკვატური რეაქცია იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენს ხალხს ამ თვალსაზრისითაც დემოკრატია უნდა და ეს კამპანიაც ადასტურებს და ადეკვატურად ფასდება საზოგადოების მხრიდან და მთავრობის მხრიდან რეაქცია არის არაადეკვატური“.

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გარშემო კამათი გასულ კვირაშიც გრძელდებოდა. 7 მაისს „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ საჯარო გაფართოებული ყრილობა გაიმართა, რომელზეც დამსწრე სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაღაროს გარშემო შექმნილ პრობლემებსა და გამოსავალზე ისაუბრეს.

არქეოლოგმა გიორგი გოგოჭურმა აღნიშნა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ნაწილი უკვე განადგურდა:

„კულტურული ფენა, ჩვენ ასე ვეძახით, მთლიანადაა მოსპობილი, ანუ წაშლილია. შეგნებულად არის, როგორც ჩანს, „არ ემ ჯი გოლდის“ მიერ გაკეთებული“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი
, რომლითაც ოპოზიციური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. საქმე ის არის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა საარჩევნო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დარეგისტრირებულიყო მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში რიგითი ნომრით „ხუთი“, რომლითაც პარტია მონაწილეობას იღებდა 2003 წლის შემდეგ გამართულ ყველა არჩევნებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა:
დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე
„ყველას ესმის, რომ ნომრის წართმევა არის მორიგი მცდელობა ხელი შეეშალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. 12 წელი ეს ნომერი ასოცირდებოდა ჩვენს პარტიასთან, რომელსაც მოახლოებული არჩევნებისათვის უკვე გაწეული აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები, დაბეჭდილია სარეკლამო მასალა, ბილბორდები. ჩვენ მოგვიწევს ყველაფრის შეცვლა და გადახედვა, ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემის შექმნის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“.

გასულ კვირაში კვლავაც აქტუალური იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის უკანონო ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გამოაშკარავების საკითხი. მთავამა პროკურატურამ გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება. პასუხად "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.

როგორც გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას ეჭვი ჰქონდა, რომ მათთან დაკავშირებული ჩანაწერები კეთდებოდა სწორედ ტელეკომპანიის დაცვის სამსახურის ხელშეწყობით და ამიტომაც გაათავისუფლეს სამსახურიდან "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თეიმურაზ კოვზიაშვილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG