Accessibility links

logo-print

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატები და ახალი საკრებულოს შემადგენლობა


ზუგდიდი

ზუგდიდი

თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის 15-კაციან საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ქალაქის საკრებულოში 10 დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება. აქედან ნახევარი ქალაქის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული კანდიდატია, დანარჩენები კი პროპორციული სიით გავიდნენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოში 4 დეპუტატი ეყოლება, ერთი კი „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივან ზაზა ხვიტიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 მაჟორიტარულ ოლქში 20 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა:

„შვიდი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ორი კი საინიციატივო ჯგუფიდან გავიდა. ანაკლიაში 32-ე უბანზე არჩევნების ჩაშლის გამო კენჭისყრა ხელმეორედ უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც გამოვლინდება ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15-კაციანი პროპორციული სიიდან 8 წევრი „ქართულ ოცნებას“, 7 კი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეჰყავს. სხვა პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარი კანდიდატები ვერც ერთი ვერ მოხვდა საკრებულოში“.

მაჟორიტარული და პროპორციული სიის დაჯამებით, 28 დეპუტატი ეყოლება ზუგდიდის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“, 14 დეპუტატი კი „ნაციონალურ მოძრაობას“. შედეგად, ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე მმართველი გუნდის შემდეგ ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. მან, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე კარგი შედეგი ზუგდიდში აჩვენა. მიუხედავად ამისა, შედეგით კმაყოფილი არ არის ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ლევან კონჯარია. მისი სიტყვებით, მოლოდინი იყო მეტი, თუმცა მმართველმა გუნდმა დიდი ფინანსური რესურსი გამოიყენა, რისი საშუალებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა:
თუ ნაციონალები მოვიდნენ გონს და მე თუ დავინახავ, რომ ამ დაშვებული შეცდომების ფონზე ისინი, ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დგანან უკვე დღეს, მაშინ რატომაც არა, მაგრამ იქნება ეს ასე?


„ეს ორი წელიწადი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა, ჩვენ იმდენს ვიზამთ, რომ ის 36% რომელიც არის, გავხადოთ 76%. ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში. ხედავთ, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ამომრჩეველი. ეს არ არის დამარცხება, ეს გამარჯვებაა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით გამორჩეული კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატი საკრებულოში თენგიზ ხარჩილავა არ გამორიცხავს მათთან თანამშრომლობას, ოღონდ ერთი პირობით:

„თუ ნაციონალები მოვიდნენ გონს და მე თუ დავინახავ, რომ ამ დაშვებული შეცდომების ფონზე ისინი, ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დგანან უკვე დღეს, მაშინ რატომაც არა, მაგრამ იქნება ეს ასე?“

ამასთან, თენგიზ ხარჩილავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში აღებულ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს საზოგადოებაში მათდამი არსებულ შიშს უკავშირებს.

არჩევნების შედეგებით კმაყოფილია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაცია. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სიის პირველი ნომრის მერაბ ქვარაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა. მისი თქმით, ის თანაგუნდელებთან ერთად გეგმავს პრაქტიკაში განახორციელოს წინასაარჩევნო სლოგანი „ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე“.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს ინერციული არჩევანია.
„ეს არის ერთგვარი ინერცია, წარსული პერიოდის რაღაც გამოხატულება. ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ არჩევნების შედეგებით, თუ ვის ირჩევს და ვის აბარებს მოსახლეობა სახელისუფლებო ბერკეტებს. ეს გახლავთ ‘ქართული ოცნება’“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ 57,08%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“, 34,17%-ით. 4,35% აქვს „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG