Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სკოლაში არ დადიოდა, დედამ გვითხრა, კახეთშია დასასვენებლადო" - რა ვიცით 14 წლის გოგოს მკვლელობაზე


27 წლის ასიმ ასლანოვის სახლი სოფელ ლამბალოში, სადაც მან სავარაუდოდ მოკლა არასრულწლოვანი
27 წლის ასიმ ასლანოვის სახლი სოფელ ლამბალოში, სადაც მან სავარაუდოდ მოკლა არასრულწლოვანი

პოლიცია მეორე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს 27 წლის ასიმ ასლანოვს, რომელიც 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. არასრულწლოვანი, რომელიც 6 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით სავარაუდოდ ასლანოვმა მოკლა, მან ორი თვის წინ გაიტაცა.

ამჟამად მიმალვაში მყოფი ასიმ ასლანოვი არასრულწლოვანთან თითქმის ორი თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ფაქტს რადიო თავისუფლებას უდასტურებს ასლანოვის მამა, ადალათ ასლანოვი. ის და მის მეუღლეს დღეს პოლიციამ სოფელ იორმუღანლოს განყოფილებაში გამოკითხა.

„აქ ცხოვრობდნენ, გოგო დანიშნული იყო და ეს მისი მშობლების თანხმობით მოხდა. მკვლელობის დღეს რა მოხდა, ეს მეც არ ვიცი“, - ამბობს ადალათ ასლანოვი. ის ამტკიცებს, რომ მის ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი არ ინახებოდა.

„ალბათ ახალი იყიდა. დღეს ხომ იარაღი ყველგან იყიდება“, - ამბობს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა.

იორმუღანლოს პოლიციის განყოფილება, სადაც მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს
იორმუღანლოს პოლიციის განყოფილება, სადაც მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს

27 წლის ასიმ ასლანოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მშობლებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ოფიციალური სამსახური არ ჰქონდა. თვითდასაქმებული იყო, მისდევდა მეცხოველეობას და სოფლის მეურნეობას.

ლამბალოში მომხდარზე ლაპარაკი არავის სურს. ამბობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის.

14 წლის გოგო, რომელიც 6 ოქტომბერს მოკლა სავარაუდოდ მისმა გამტაცებელმა მისგან გაქცევის მორიგი მცდელობისას, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო. ის უკვე გადაასვენეს მშობლების სახლში.

რადიო თავისუფლება მოკლული გოგოს ახლობელს, ხალილ ომაროვს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, გოგო 27 წლის ასლანოვმა ორი თვის წინ მოიტაცა, თუმცა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს ამ ფაქტის შესახებ პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

„დაახლოებით ორი თვის წინ მოიტაცა და კახეთში წაიყვანა. როცა მოიტაცა, ჩვენ არ გვიჩივლია, პოლიციისთვის არ შეგვიტყობინებია, რადგან გოგომ უთხრა დედას, რომ ბიჭი უყვარდა და ვრჩებიო, არ იჩივლოთო... ჩვენც რას ვიზამდით, ამიტომ არ მივმართეთ პოლიციას. გუშინ გავიგეთ, რომ მოკლა. მოტივი არ ვიცით. მოვითხოვთ, მკვლელი უმკაცრესად დაისაჯოს“, - ამბობს ოჯახის ახლობელი ხალილ ომაროვი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა 8 კლასი დაამთავრა და მიმდინარე წელს (მე-9 კლასში) სკოლაში აღარ გამოცხადებულა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, დაგვიდასტურა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა. რესურსცენტრის უფროსი, მაია ხმალაძე გვარწმუნებს, რომ იმ სკოლის დირექტორს, სადაც მოკლული არასრულწლოვანი სწავლობდა, ჰქონდა კომუნიკაცია ბავშვის ოჯახთან და ცდილობდა იმ მიზეზების დადგენას, რის გამოც ახალ სასწავლო წელს მეცხრეკლასელი სკოლაში არ გამოცხადდა.

„სკოლა გოგოს დედას პირველად 23 სექტემბერს დაუკავშირდა. სთხოვეს სასწავლო დაწესებულებში მისულიყო. დედა სკოლაში მხოლოდ 5 ოქტომბერს მივიდა და დირექტორს უთხრა, რომ გოგო დასასვენებლად იყო გარდაბანში და სკოლაში აუცილებლად გამოცხადდებოდა. დირექტორმა უთხრა, რომ ბავშვს ბევრი გაცდენა ჰქონდა და თუ კვლავ არ გამოცხადდებოდა, მისი გარიცხვის საკითხი დადგებოდა. დედამ თქვა, არ გარიცხოთ და 2 დღეში მოვაო. თუ კვლავ არ მოვიდოდა ბავშვი, ამის შემდეგ ჩვენ პოლიციას და სოციალურ სამსახურს შევატყობინებდით... ეს რაც მოხდა, ჩვენც მედიიდან გავიგეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ხმალაძემ.

ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობის შესახებ 6 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე, არასაკმარისია. მან ფაქტს შემაძრწუნებელი და საგანგაშო უწოდა.

„ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ“, - აცხადებს ომბუდსმენი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG