Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე ერგნეთის შეხვედრის ჩაშლით იმუქრება


ერგნეთი
ერგნეთი
ოსური მხარე ერგნეთის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე უარის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ერგნეთი „ნატოს ზონაა“. მას მხედველობაში აქვს ერგნეთის საჯარო სკოლაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ გახსნილი „ნატოს კუთხე“.

"ვიდრე სოფელი ერგნეთი არის ე.წ. ნატოს ზონა, ოსური დელეგაცია შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა მერაბ ჩიგოევმა ოსური საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ერგნეთში “ ნატოს კუთხის“ გახსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების ჩაშლის მცდელობაა. „ნატოს კუთხეს“ ჩიგოევი "პიონერთა ბანაკს" უწოდებს.

ერგნეთის მორიგი შეხვედრა 7 აპრილს არის დაგეგმილი. რადიო თავისუფლება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს დაუკავშირდა, რომელმაც შეხვედრის ჩაშლის მცდელობაში ქართული მხარე დაადანაშაულა. მისი თქმით, ნატოს გამოქვაბულში ოსური მხარე არ მივა, სხვა ადგილას კი თანახმაა შეხვედრა შედგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ერგნეთის სკოლაში გახსნილი „ნატოს კუთხე“ წარმოადგენს ნატოს დროშას და სპეციალურ ლიტერატურას, ოსური მხრიდან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა კი აბსურდულ მიზეზს ემყარება. ამის გამო საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე უარს ვერ იტყვის. ყველაფრის მიუხედავად, ქართული მხარე შეხვედრის სხვა მონაწილეებთან ერთად ოსურ მხარესთან დალაპარაკებას და საქმის ვითარებაში გარკვევას აპირებს.

ოსური მხარის განცხადებებზე კომენტარი ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ გოგოტიშვილმაც გააკეთა. მისი აზრით, ოსური მხარე მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობისთვის ბრიყვულ მიზეზებს ეძებს. მისი თქმით, საქართველოს ნატოსკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს და კუთხეების გახსნა სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ცნობით, კიდევ ერთი კუთხე მალე შამგონის სკოლაში გაიხსნება და ეს პროცესი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მომავალშიც გაგრძელდება. ოსური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს შეხვედრა სოფელ დვანში გაიმართოს, სადაც „ნატოს კუთხე“ ჯერ არ გახსნილა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოსური მხარე ერგნეთის შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. 2009 წლის ბოლოდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები თითქმის 10 თვის განმავლობაში ჩაშლილი იყო. ოსური მხარე მოლაპარაკების გაგრძელებას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებამდე არ აპირებდა. შეხვედრები მას შემდეგ განახლდა, რაც საქმეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვნენ და დაკარგულთა ძებნა დაიწყეს.
XS
SM
MD
LG