Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანელები ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ


დვანელები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
დვანელები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
მუდმივი შიში, სოციალური პრობლემები, დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები – ეს სოფელ დვანის პრობლემების არასრული ჩამონათვალია.

დვანი ოკუპირებულ ტერიტორიებს - ოსურ სოფლებს მუგუთსა და დიდმუხას - ესაზღვრება. დღემდე სოფელში არაერთი დამწვარი სახლი დგას. სოფლის გარშემო მთებზე ეგრეთ წოდებულ რუს მესაზღვრეებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი და დვანელები სალოცავშიც კი ვერ ახერხებენ ასვლას.

დვანის მცხოვრები ვასილ კობახიძე ერთი თვის წინ რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას დაიჭირეს და, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალში წაიყვანეს. ქართულმა მხარემ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც მიმართა, მაგრამ, პირობის მიუხედავად, კობახიძეს ჯერ არ ათავისუფლებენ. დვანელი ლუიზა მეკარიშვილი ამბობს, რომ კობახიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისი მდგომარეობის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის.

სოფელში რომ უამრავი პრობლემაა, ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც აღიარებს. ალექსანდრე ბეჟანიშვილის თქმით, ბევრ საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გადაწყვეტს, ხელისუფლება კი ახლა მხოლოდ სოფლის გასარწყავიანებაზე მუშაობს.

დვანში არასამთავრობო ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები ჩაიყვანეს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდნენ. „გოუ ჯგუფის“ სტუდია „თვითმხილველმა“ კი ადგილობრივ მცხოვრებლებს სამოქალაქო ჟურნალისტების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები უჩვენა.

სტუდია „თვითმხილველის“ მენეჯერის მათე დემეტრაშვილის აზრით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ჟურნალისტები ხშირად უნდა ჩადიოდნენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის აზრის გამოთქმის და საკუთარი პრობლემების სააშკარაოზე გატანის კარგი შესაძლებლობა იქნება.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დვანში ათამდე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი ადგილობრივი მოსახლეობის მოსასმენად ჩავიდა. დვანელებმა ჟურნალისტებს დააბარეს, რომ სოფელს ხელისუფლების ყურადღება და სოციალური დახმარება სჭირდება, თუ არადა, იქ გაჩერება შეუძლებელი იქნება.
XS
SM
MD
LG