Accessibility links

საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წელს ტერაქტების განხორციელების გამო რვა მსჯავრდებულის სააპელაციო სასამართლო პროცესი 24 აპრილისთვის გადაიდო. როგორც დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულების სასამართლო დარბაზში მიყვანა, ისევე როგორც 18 აპრილს, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მოსამართლის თქმით, ის მიზეზების დადგენას სასჯელაღსრულების სამინისტროში კვლავაც შეეცდება. მსჯავრდებულთა ადვოკატების ინფორმაციით, ორი მსჯავრდებული აღიარებითი ჩვენების შეცვლას აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ მათ პირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს. არსებობს თუ არა ნორმა, რომელიც მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომის გადადების ლიმიტს აწესებს?

საქართველოში 2010 წელს განხორციელებული ტერაქტების გამო მსჯავრდებულთა მოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებთან დაცვის მხარემ მაშინ დაიწყო, როცა სასამართლოს საათი 11-ს გადასცდა. საქალაქო სასამართლოში ტერაქტების გამო რვა მსჯავრდებულის სააპელაციო სარჩელის განხილვა 20 აპრილს, თერთმეტ საათზე, მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ორი დღით ადრე, ანუ 18 აპრილს, მსჯავრდებულები პროცესზე დაუდგენელი მიზეზის გამო არ გამოცხადნენ. ისინი სასამართლო დარბაზში არც 20 აპრილს გამოჩენილან. თორმეტის ნახევარი სრულდებოდა, როცა მანდატურებმა ადვოკატები, ბრალდების მხარე, ჟურნალისტები და სტაჟიორები საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, პირველ დარბაზში შეიყვანეს. დაცვის მხარის ოპტიმიზმს, რომ ამჯერად მაინც მოხერხდებოდა მსჯავრდებულების - მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად "კოჭოს", და გოგიტა არქანიას - სააპელაციო სარჩელების განხილვა, ის ამყარებდა, რომ წინა, სხდომისაგან განსხვავებით, სასამართლო სხდომის გადასაღებად სამი ვიდეოკამერა იყო მობილიზებული. მეტიც, დაცვის მხარემ, მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილის თანხმობით, სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერის უფლებაც მოიპოვა. რადიო თავისუფლების ჩართულმა მიკროფონმა ადვოკატებისა და მოსამართლის მოკლე დიალოგი ჩაიწერა:

ადვოკატი: თქვენ ხომ არ იცით პატიმრობის გამოუცხადებლობის მიზეზი?
მოსამართლე: ჩვენ მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 18 აპრილს, მაგრამ იქიდან ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მოგვსვლია. დღეს კვლავ მივმართავთ დეპარტამენტს და მათ პასუხს დაველოდებით.

კანონის 189-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ წარმოადგინა პატიმრები, მოსამართლეს შეუძლია გადადოს სხდომა არაუმეტეს 10 დღისა ...
ანუ, როგორც ირკვევა, მოსამართლემ ჯერ კიდევ 18 აპრილს მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს განმარტების თხოვნით, თუ რატომ ვერ მოხერხდა მსჯავრდებულების სასამართლო დარბაზში მიყვანა, მაგრამ მათ ოფიციალურ წერილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია. რა ბედი ეწევა 20 აპრილს გაგზავნილ ანალოგიურ წერილს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა. საბოლოო ანგარიშით კი, გასული წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სულ 15 ადამიანი ცნო დამნაშავედ.

უკვე მეორედ გადადებული პროცესის ფონზე, რის მიზეზიც მსჯავრდებულთა სასამართლო დარბაზში მიუყვანლობა გახდა, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, რამდენჯერ შეიძლება გადაიდოს სასამართლო სხდომა მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის გამო? როგორც გელა ნიკოლაიშვილი, ერთ-ერთი მსჯავრდებულის, დავით კეკუტიას, ადვოკატი აცხადებს, საპროცესო კოდექსში ნორმა, რომელიც მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომის გადადების ლიმიტს აწესებს, არ არსებობს:
მას წამების შედეგად, არაადამიანური მოპყრობით და მუქარით მიაცემინეს ჩვენება და, აქედან გამომდინარე, სასამართლო პროცესზე სააპელაციო წესით განხილვისას, იტყვის სიმართლეს და ...

”კანონის 189-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ წარმოადგინა პატიმრები, მოსამართლეს შეუძლია გადადოს სხდომა არაუმეტეს 10 დღისა და მოსთხოვოს დეპარტამენტს მსჯავრდებულთა წარმოდგენა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულია, რომ ეს მოთხოვნა შეასრულოს”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მსჯავრდებულებმა მერაბ ყოლბაიამ და გოგიტა არქანიამ თავდაპირველი ჩვენებები შეცვალეს და განაცხადეს, რომ მათ ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს. კერძოდ, გოგიტა არქანიამ ტერაქტის მოწყობა მხოლოდ თბილისში აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგი იყო, მერაბ ყოლბაიამ კი ტერაქტებში მონაწილეობა საერთოდ უარყო და თქვა, რომ ჩვენება წამების შედეგად მისცა. შეგახსენებთ, რომ მერაბ ყოლბაია და გოგიტა არქანია დამნაშავედ ცნეს თბილისში 4 აფეთქების მოწყობაში, მათ შორის - ლეიბორისტული პარტიის ოფისთან, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, და აშშ-ის საელჩოსთან; დამნაშავედ ცნეს ასევე სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობაში ხობის რაიონში. მათ საქალაქო სასამართლომ გასული წლის ივნისში 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

”მერაბ ყოლბაია აღნიშნავს, რომ ის არის მსხვერპლი. მას წამების შედეგად, არაადამიანური მოპყრობით და მუქარით მიაცემინეს ჩვენება და, აქედან გამომდინარე, სასამართლო პროცესზე სააპელაციო წესით განხილვისას, იტყვის სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს”, - ამბობს მერაბ ყოლბაიას ადვოკატ მათე ხარჭანიძე.

ამჯერად საქალაქო სასამართლოში სხდომა 24 აპრილს, 11 საათზე, ჩაინიშნა. მიიყვანენ თუ არა სასამართლო დარბაზში ტერაქტების განხორციელების გამო მსჯავრდებულებს, ამის პროგნოზირება დაცვის მხარეს შექმნილი სიტუაციის ფონზე უჭირს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG