Accessibility links

logo-print

ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-მ და რუსეთის „გაზპრომმა“ 24 ივნისს გააფორმეს კონტრაქტი „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის ავსტრიული მონაკვეთის გაყვანის შესახებ. ეს მაშინ, როცა რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის სხვა წევრმა - ბულგარეთმა - შეწყვიტა „სამხრეთის ნაკადზე“ მუშაობა, პროექტის მიმართ ბრიუსელის უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ასეთ ფონზე რას ნიშნავს ავსტრიის გადაწყვეტილება, მაინც ითანამშრომლოს რუსეთთან „სამხრეთის ნაკადის“ საკითხში?

რუსეთის ტრიუმფი - ზოგი ასე წარმოსახავს „სამხრეთის ნაკადის“ შესახებ ავსტრიისა და რუსეთის ენერგოკომპანიების შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს 24 ივნისს ვენაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას. თუმცა დასავლეთში რუსეთისა და მისი ენერგოპოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნის, ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორ ედვარდ ლუკასის აზრით, რომელიც მან ჩვენს რადიოსთან საუბარში გამოთქვა, მოსკოვის გამარჯვება, შესაძლოა, მხოლოდ სიმბოლური იყოს...

„ჩემი აზრით, ბატონი პუტინისათვის ეს გამარჯვება, შესაძლოა, სიმბოლური უფრო აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური. მე კვლავაც ეჭვი მეპარება, რომ „სამხრეთის ნაკადს“ ოდესმე ააშენებენ. ის უკიდურესად ძვირია, განსაკუთრებით რუსებისთვის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბრიუსელში დაფიქრდებიან და, ცოტა არ იყოს, საგონებელში ჩავარდებიან, რადგან ეს არის მორიგი აშკარა გამოწვევა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლისათვის, იყოს წესების დამნერგავი ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში“, ამბობს ლუკასი.

წესებს რაც შეეხება, ევროკომისია ეწინააღმდეგება „სამხრეთის ნაკადის“ პროექტს მისი ამჟამინდელი ფორმით, რადგან ფიქრობს, რომ ის არღვევს ევროკავშირის ანტიმონოპოლისტურ კანონს და ეწინააღმდეგება ბლოკის პოლიტიკას, მოახდინოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ავსტრია კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ევროპა მეტისმეტად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე საიმისოდ, რომ „გაზპრომს“ ყველა ეს პრეტენზია წაუყენონ.

შეგახსენებთ, რომ გეგმით, გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“ რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერზე გავლით უნდა ჩავიდეს ბულგარეთში და ავსტრიამდე გაიაროს რამდენიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიები. ამ პროექტის მეშვეობით რუსეთი თავს არიდებს გაზის ექსპორტს უკრაინის გავლით, ანუ ტრანზიტს ქვეყანაზე, რომელიც დაძაბულობას იწვევს მოსკოვის ბრიუსელსა და ვაშინგტონთან ურთიერთობაში. მოსკოვი ევროკავშირს ადანაშაულებს „სამხრეთის ნაკადისთვის“ საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანაზე - ბულგარეთზე - ზეწოლაში, რათა ის პროექტს გამოეთიშოს, უკრაინაში რუსეთის პოლიტიკაზე საპასუხოდ.

ვენაში ვიზიტისას პუტინმა თქვა, არ უნდა მოხდეს „სამხრეთის ნაკადის“ პოლიტიზებაო. მაგრამ ეს მოწოდება ედვარდ ლუკასისთვის სრულიად არადამაჯერებლად ჟღერს: „პოლიტიკა უზარმაზარ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, სასაცილოა ყოველგვარი იდეა, რომ გაზზე მსჯელობა პოლიტიკისაგან თავისუფალ კონტექსტში არის შესაძლებელი. რუსეთი გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ. ამდენად, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი“.

ნათელია ისიც, რომ „სამხრეთის ნაკადის“ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის წევრებს. ერთი მხრივ, არიან მოსკოვის მიმართ რბილი კურსის მომხრეები, - მათ შორის ავსტრია, - მეორე მხრივ, ქვეყნები, - დავუშვათ, პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები, - რომლებიც მოსკოვის მიმართ მკაცრ ზომებსა და ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე უფრო აქტიურად ზრუნვას მოითხოვენ.

ედვარდ ლუკასის აზრით, რომელიც მან რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან, კლერ ბიგთან საუბარში გამოთქვა, ნათელია, რომ კრემლი ცდილობს ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვაობის გაღრმავებას: „მას შემდეგ, რაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, მიმდინარეობს სისტემატური მცდელობა, იმოქმედონ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით ევროპასა და ამერიკას შორის და საკუთრივ ევროპის შიგნითაც. პუტინი ცდილობს დიდი ქვეყნების დაპირისპირებას მომცროებთან, გაზზე დამოკიდებული ქვეყნების დაპირისპირებას ერთმანეთთან და ა.შ. ეს არის ევროპასთან მიმართებით რუსეთის მოქმედების დიდი ნაწილი. და ევროპა ამაზე არაერთგვაროვნად რეაგირებს“, - ამბობს ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორი ჩვენს რადიოსთან საუბარში.

შეკითხვას, ახდენს თუ არა ბრიუსელი ზეწოლას არა მარტო იმავე ბულგარეთზე, არამედ ავსტრიაზეც იმის მისაღწევად, რომ ვენამაც გაუწიოს ანგარიში ევროკავშირის პოზიციას „სამხრეთის ნაკადის“ მიმართ, ედვარდ ლუკასი ასე უპასუხებს: „ჯერჯერობით ძლიერი ზეწოლა ხორციელდება ბულგარეთზე, რადგან, რასაკვირველია, თუ ბულგარეთი არ გაიყვანს გაზსადენს, ავსტრიაში სადარდებელი არაფერი იქნება. მაგრამ უფრო იოლია ზეწოლა მოახდინო ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოზე, ვიდრე ძველ წევრ სახელმწიფოზე“.

XS
SM
MD
LG