Accessibility links

logo-print

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის შეტანა დროებით აიკრძალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა იოლჩუ ჰანველიმ განუცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში მსხვილ და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს დარჩება ძალაში საქართველოდან აზერბაიჯანში ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, თუ დადასტურდა, რომ ეს დაავადება ნამდვილად საქართველოდანაა შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ბაზარი ქართლი პირუტყვისთვის, შესაძლოა, 12 თვის განმავლობაში დაიკეტოს. თუ არ დადასტურდა, ორივე სახელმწიფო მოილაპარაკებს, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ერთ-ერთ დაავადებაზე, სახელწოდებით ბლუტანგი, ინგლისიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. როდესაც ეს დაავადება აზერბაიჯანულმა მხარემ დააანონსა, ქართულმა მხარემ საკონტროლოდ ინგლისის ლაბორატორიაში გაგზავნა საანალიზოდ. ძირითადად აქ საუბარი ცხვარზეა და ეს ცხვარი იმდენად ქართულ ბაზარზე არ იყო რეალიზებული, რამდენადაც აზერბაიჯანულ ბაზარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, არა მხოლოდ ცხვრის, არამედ ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ექსპორტი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ შორის, მაგალითად, სახორცე საქონლის ექსპორტის მოცულობების შემცირება 2014 წელს გახდა საგრძნობი, კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს სახორცე საქონლის ექსპორტმა საქართველოდან აზერბაიჯანში 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს შესაბამისი მაჩვენებელი 47 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2012 წელს - 39 მლნ აშშ დოლარი. 2014 წლის მაჩვენებელზე ნაკლები ექსპორტი მხოლოდ 2011 წელს იყო - 18,2 მილიონი აშშ დოლარი. 2015 წლის მაჩვენებლები ექსპორტის კიდევ 30 პროცენტით შემცირებას მოწმობს.

ამის ერთ-ერთ მიზეზად საწყის ეტაპზე აზერბაიჯანისთვის ხორცის მიმწოდებლების შეცვლა სახელდებოდა. კერძოდ, გასული წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის ბაზარს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი ამარაგებდა.

რუსეთსა და უკრაინაში განვითარებულმა დევალვაციურმა პროცესებმა, ცხადია, დადებითი ასახვა პოვა საექსპორტო ხორცის ფასზე, შემცირების თვალსაზრისით. შესაბამისად, გასული წლის მხოლოდ ერთ თვეში - იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში - მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი 66 ათასი ტონიდან 792 ათას ტონამდე გაიზარდა. ერთ წელიწადში, დაახლოებით, 30 პროცენტით იყო გაზრდილი რუსეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ხორცის რაოდენობაც. ყაზახეთის მასშტაბები, ამ თვალსაზრისით, შედარებით მოკრძალებულია და, დაახლოებით, საქართველოს მოცულობისაა. ამასთან, ეს სფერო ყაზახეთში სუბსიდირებულია და აქ იაფი სესხების მექანიზმიც მუშაობს. ყაზახური ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის საექსპორტო პოტენციალი, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 40 ათასი ტონაა.

დღეს პრობლემები უკვე ცხვრის ექსპორტთან არის დაკავშირებული. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, აზერბაიჯანს ცოცხალი პირუტყვი გაჰყავდა. გამოსავალი შეიძლება იყოს რეგიონებში მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სტანდარტის სასაკლაოების შექმნა და აქედან უკვე არა პირუტყვის, არამედ პროდუქტის გაგზავნა. თუ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის გადაწყვეტილება მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის ხასიათს ატარებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG