Accessibility links

ბინები, რომლებსაც დევნილები ელიან


დევნილთა საცხოვრებელი კვარტალი სამეგრელოში

დევნილთა საცხოვრებელი კვარტალი სამეგრელოში

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო. ბინები მათ 2016 წლის ბოლომდე უნდა გადაეცეთ. როგორ მიმდინარეობს ბინების განაწილების პროცესი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ დევნილები და რა ხარვეზებზე მიუთითებენ ისინი?

გაგრიდან დევნილ 45 წლის ლია სონგულიას რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ესაუბრა. ის ექვსი წელია გლდანში, ე. წ. კონტეინერში, ძაღლთან ერთად ცხოვრობს. თითქმის ორი წელია, დევნილთა და განსახლების სამინისტროში ბინის მიღების თხოვნით განცხადება შეავსო, მაგრამ ბინას ამ დრომდე უშედეგოდ ელის. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მისი საცხოვრებელი პირობები 8,5 ქულით შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტრო ლია სონგულიას საკითხს შეისწავლიდა და ის ბინას უახლოეს მომავალში მიიღებდა, ლია დღემდე კონტეინერში აგრძელებს ცხოვრებას:

„უკვე ვთვლი, რომ აზრი არ აქვს იქ მისვლას, იმიტომ რომ მივალ შესასვლელთან, არც „პროპუსკს“ მაძლევენ, არც არავისთან შეხვედრა არ შემიძლია და არ ვიცი, არავის იმედი არ მაქვს. სოციალურად დაუცველი ვარ.ვაგონში ვცხოვრობ რამდენი ხანია და არ ვიცი ვის მივმართო, სიმართლე არსად არ არის“.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილს რადიო თავისუფლება 10 ნოემბერსაც დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ გაგრიდან დევნილ ლია სონგულიას კომისიამ ბინის მისაღებად საჭირო 8,5 ქულა მართლაც მიანიჭა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამით არ სრულდება:

„მიდასტურებენ, რომ 8,5 ქულით ახლა ვიხილავთ ლია სონგულიას საკითხს, საჯარო რეესტრშიც არის და ახლა უნდა გავიდეს კომისიაზე და გეტყვით პასუხს. ოფიციალური პასუხი გვექნება 18 ნოემბრის შემდეგ“.

ლია სონგულიას მსგავსად, ბინის მიღების მოთხოვნით განცხადება 2016 წელს კიდევ 11 ათასამდე დევნილმა ოჯახმა შეავსო, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ მათგან ჯერჯერობით მხოლოდ ის 400 ოჯახი შეარჩია, რომლებსაც წლის ბოლომდე ბინები ე. წ. „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში გადაეცემათ. კომისიამ მუშაობა სამი დღის წინ დაიწყო და, როგორც შოთა რეხვიაშვილმა გვითხრა, მუშაობას 18 ნოემბრისთვის დაასრულებს. მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართების გადაცემის წინაპირობა დევნილი ოჯახებისათვის მინიჭებული ქულები და მათი მდგომარეობაა:

„რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მიუთითებს ოჯახის გაჭირვებაზე. კმაყოფილდება ოჯახი, რომელსაც გადაუდებლად ესაჭიროება განსახლება მისი სოციალური მდგომარეობიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან, ქვეყნის წინაშე დამსახურებიდან და ა. შ.“.

ჩამონათვალი, ანუ კრიტერიუმები, რომლებიც დევნილმა ოჯახებმა უნდა დააკმაყოფილონ ბინის მისაღებად, საკმაოდ ვრცელია და ეს კრიტერიუმები დევნილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებითაა გაწერილი: მაგალითად, თუკი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, კიბის უჯრედში, ხის ფიცრულში ან მისი საცხოვრებელი ადგილი კერძო პირს ეკუთვნის, მესაკუთრეს კი დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლება სჭირდება. გარდა ამისა, უპირატესობა ენიჭებათ ოჯახებს, სადაც არის 3 ან მეტი 18 წელზე მცირე ასაკის ოჯახის წევრი, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი ან რომლის წევრი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დევნილთათვის ქულების მინიჭებისა და ბინების გადაცემის პროცესს უკავშირდება, არის ამ პროცესში თაღლითური სქემების ამოქმედება. ამ ბრალდებით გასულ ზაფხულში სამი ადამიანი იქნა დაკავებული. 3 ნოემბერს შს სამინისტრომ ამავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში ის აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6 000 აშშ დოლარი. საქართველოს დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი ფიქრობს, რომ ამგვარი თაღლითობის მიზეზი სწორედ ქულების მინიჭების კრიტერიუმებია და ამიტომ ძირეულადაა შესაცვლელი სქემა და კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც დევნილებს ბინების მისაღებად საჭირო ქულები ენიჭებათ.

გაფართოებული კომისიის მუშაობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი, რომლის წარმომადგენელი, მერი კოჭლამაზაშვილი, ამბობს, რომ კომისიის მუშაობის პრინციპი გამჭვირვალეა და მასში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია. რაც შეეხება დევნილი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებს, მისი აზრით, ბინებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ე. წ. ნგრევად შენობებში ცხოვრობენ. ამ რეკომენდაციებს ომბუდსმენი თავის ანგარიშებშიც იძლევა. როგორც მერი კოჭლამაზაშვილი ამბობს, სახალხო დამცველისთვის არ არის უცხო დევნილთა განცხადებები, რომლებიც სწორედ კომისიის მიერ მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ:

„ყველა ასეთი ფაქტის შესწავლას ვიწყებთ - რამდენად დააკლეს ქულა, რამდენად ეკუთვნოდა და ა. შ. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც ჩვენი განცხადების ან რეკომენდაციის, ან შუამდგომლობის საფუძველზე მომხდარა ქულის გადამოწმება ან ქულის მომატება“.

მხოლოდ დედაქალაქში საცხოვრებელი ფართის მოლოდინში 30 ათასამდე დევნილი ოჯახია. მათგან 2015 წელს 561 ოჯახს გადაეცა ბინა. მიმდინარე წელს უკვე განაწილდა 100 ბინა, წლის ბოლომდე კი საცხოვრებელ ფართს კიდევ 400 ოჯახი მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG