Accessibility links

logo-print

ერაყში ათასობით შიიტი მებრძოლი იკრიბება ქალაქ რამადისთან, რომელიც ორი დღის წინ დაიპყრო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ეს იყო ექსტრემისტების უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ერაყის ტერიტორიაზე შარშანდელ ზაფხულში წინსვლის შემდეგ. ახლა შიიტები კონტრშეტევისათვის ემზადებიან.

რამადის აღმოსავლეთით, შვიდიოდე კილომეტრში, დიდი რაოდენობით კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული პირები არიან თავმოყრილი და ქალაქის ასაღებად კონტრშეტევისათვის ემზადებიან. ამის შესახებ განაცხადა დასავლეთ ერაყში მდებარე ანბარის პროვინციის პოლიციის უფროსმა კადიმ ალ ფაჰდაუიმ, პროვინციის დედაქალაქ რამადის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას. მისი თქმით,ჰუსაიბა იქნება ამოსავალი წერტილი კონტრშეტევისათვის, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ოპერაციის გეგმაზე მუშაობა.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 000-მდე შეიარაღებული პირი არის თავმოყრილი და ბრძოლისთვის მომზადებული ალ-ჰაბანიას სამხედრო ბაზაზე, რამადისაგან ცოტა უფრო შორს, ვიდრე ზემოხსენებული ჰუსაიბა მდებარეობს.

ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი აქამდე თავს არიდებდა შიიტების რაზმების განთავსებას რამადიში, რომლის მოსახლეობასაც, უმეტესწილად, სუნიტები შეადგენენ. მაგრამ ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერაყის მთავრობის ჯარებმა 17 მაისს დათმეს თავიანთი პოზიციები რამადიში. ანბარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა საბაჰ კარჰუტმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შიიტი მებრძოლების ამოქმედებას სუნიტებით დასახლებულ ტერიტორიებზე. შიიტები ირანის ხელშეწყობით მოქმედებენ.

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში რამადის გადასვლის მომდევნო დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა: „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების საკომუნიკაციო საშუალებები შეიზღუდა, შეიზღუდა მათი დაფინანსება და ფინანსური მექანიზმები და, ზოგადად, მათი გადაადგილება შეიზღუდა იქ, სადაც საჰაერო პატრულები და სხვა რესურსებია, მაგრამ ყველგან ასე არ არის. ამიტომ იყო შესაძლებელი ისეთი თავდასხმა, როგორიც რამადიში ვიხილეთ. მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება შემობრუნდება“.

ამასობაში, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ, რამადის მცხოვრებთა თქმით,„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტები სახლებს ჩხრეკენ ქალაქში დარჩენილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების შესაპყრობად, მათ ხოცავენ და გვამებს მდინარეში, ევფრატში, ყრიან. რამადელებისაგან მიღებული ცნობებით, ექსტრემისტებს აქვთ მთავრობის მხარდამჭერთა სიები, ისინი ძარცვავენ და წვავენ იმ ხალხის ბინებსა და მაღაზიებს, ვინც თავიანთ მოწინააღმდეგეებად მიაჩნიათ.

15 მაისიდან მოყოლებული, ანუ რამადისათვის გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების შემდეგ, დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი და ჯარისკაცი.

ანბარის პროვინციაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, რომ მთავრობის ჯარები რამადიდან 17 მაისს გასვლის შემდეგ გადაჯგუფდნენ და 18 მაისის დილას წამოიწყეს კონტრიერიშები დასავლეთის მხრიდან. მისივე მონაცემებით, ოპერაციის მხარდასაჭერად აშშ და მისი მოკავშირეები საჰაერო დარტყმებს ააქტიურებენ, ხოლო ბაღდადის დასავლეთით მთავრობის სამხედრო ავტომანქანების ბადრაგები და დამატებითი ცოცხალი ძალა მიემართება რამადისაკენ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.

გაეროს ინფორმაციით, რომელიც 18 მაისს გავრცელდა, რამადიდან 25 ათასამდე ადამიანი გაიქცა მასზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის დაწყების შემდეგ. დევნილების უმრავლესობა ბაღდადისაკენ მიეშურება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG