Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ქართველებს გამოდევნიან?


რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსი კონსტანტინ რომოდონოვსკი
რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსი კონსტანტინ რომოდონოვსკი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში ”საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანიის” დაწყებაზე ლაპარაკობს, რამაც, როგორც ჩანს, საკმაოდ შეაშინა ადამიანების გარკვეული ნაწილი და, ცხადია, განსაკუთრებით ისინი, ვისაც რუსეთში ახლობლები ეგულება. რას ეფუძნება საგარეო უწყების განცხადება და რამდენად დიდია რუსეთში ქართველების მასობრივი დევნის საფრთხე? - ამ შეკითხვებით მსმენელებმა რადიო თავისუფლებასაც მიმართეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს.

საქართველოს საგარეო უწყების თვალთახედვით, რუსეთში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის მორიგი, სერიოზული პროცესი დაიწყო, რაც ოპოზიციონერებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ინტენსიური დევნითა და ძალადობით ხასიათდება. 13 ივნისის საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს ქართველების დევნის მოლოდინსაც უკავშირებს:
9 ათასზე მეტი ქართველი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში 90-დღიანი ყოფნის რეჟიმის დარღვევით. ჩვენ ამ ადამიანებს ვიპოვით და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ მათთან დაკავშირებით ...
კონსტანტინ რომოდანოვსკი

”ამ ტალღის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული საქართველოს მოქალაქეების დევნის მორიგი კამპანია, რის დაწყებასაც მოწმობს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კონსტანტინე რომოდანოვსკის მიერ 2012 წლის 13 ივნისს გაკეთებული განცხადებები. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე რომოდანოვსკის გამონათქვამებს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე უწოდეს ‘ქართველებზე ნადირობის გამოცხადება’."

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებასთან დაკავშირებით უფრო მეტის გარკვევა რადიო თავისუფლებამ 14 ივნისს ვერ მოახერხა. თუმცა, როგორც უკვე შევიტყვეთ, ამ განცხადებაში გარკვევით არის მითითებული, რომ ქართველების ”დევნის მორიგი კამპანიის” დაწყებაზე რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის კომენტარები მეტყველებს. მოდით, აქვე გავიხსენოთ კონსტანტინ რომოდანოვსკის კომენტარი, რომელიც რუსეთის მედიამ 13 ივნისს გაავრცელა:

”9 ათასზე მეტი ქართველი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში 90-დღიანი ყოფნის რეჟიმის დარღვევით. ჩვენ ამ ადამიანებს ვიპოვით და გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ მათთან დაკავშირებით: ან საემიგრაციო სამსახური, ან სასამართლო. ჩვენ წესრიგი უნდა დავამყაროთ.”

მართალია, დაძაბული ვითარების ფონზე ძნელი დასაზუსტებელია, თუ რა ჩანაფიქრი აქვს რუსეთის მხარეს, მაგრამ კონსტანტინ რომოდანოვსკის 13 იანვრის კომენტარში ქართველების დევნის დაწყებასთან დაკავშირებული შიშის საფუძველს ნამდვილად ვერ ხედავს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი. მისი აზრით, დაახლოებით 9 ათას ქართველთან დაკავშირებულ კომენტარში რუსეთის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანების შესაძლო დეპორტაციაზეა ლაპარაკი და მიუღებელია ამ საკითხის განზოგადება. ხუციშვილს, რომელიც ამ ყველაფერს რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს, არ უკვირს, რომ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეაშინა. მისი თქმით, დაახლოებით 6 წლის წინანდელი მასობრივი დეპორტაციის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, პანიკის თავიდან ასაშორებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი სიფრთხილე მართებს:

რუსულ მხარეს სურს დაანახვოს საკუთარი მართლზომიერება, რომ თითქოს მხოლოდ ვიზის ვადაგადაცილების გამო აპირებს დევნის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ...
სოსო ცისკარიშვილი

”თუ აქვთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ამაზე მეტყველებს, რომ შეიძლება ქართველების დევნის ახალი კამპანია დაიწყოს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხალხი გაერკვეს - იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაღაც შიშები, რაც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე. იმდენს ვიტყვით, რომ იწყებაო, მართლა დაიწყებენ რამეს... არ მგონია, რომ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ქართველების მასობრივი, ფართომასშტაბიანი დევნის დაწყება.”

რუსული და ქართული მხარეების მიერ 13 ივნისს გაკეთებულ განცხადებებს ასევე 2006-2007 წლებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილიც. მისი აზრით, ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე იმ პროცესს უკავშირდება, სადაც 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა 13 ივნისს დასრულდა და ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობს. სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ყველაფერი სწორედ სტრასბურგის სასამართლოს დასანახად კეთდება:

”რუსულ მხარეს სურს დაანახვოს საკუთარი მართლზომიერება, რომ თითქოს მხოლოდ ვიზის ვადაგადაცილების გამო აპირებს დევნის გამოცხადებას თავის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე; ხოლო ქართულ მხარეს, სწორედ უფრო იმავე სასამართლოს ყურადღების მისაპყრობად გააჩნია მოტივაცია, რომ დაფიქსირდეს რუსეთის მხრიდან იმავე ხასიათის ქმედებებისკენ მზაობა, რის გამოც საქმე განიხილება სტრასბურგის სასამართლოში.”

საქმეზე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლოა ერთი წელიწადიც დასჭირდეს. სოსო ცისკარიშვილი მოელის, რომ ქართველების დევნის მორიგ ტალღასთან დაკავშირებული თემა ამჟამინდელ სიმწვავეს თანდათან დაკარგავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG