Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის და მოძალადის ახალი ცნებები კანონში


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

ადევნება და თვალთვალი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცნება შედის. 20-მდე კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და აღკვეთას. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იუსტიციის სახლში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკანონმდებლო ინიციატივას ძალზე დადებითად აფასებენ, თუმცა აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით კვლავ რჩებათ პრეტენზიები.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მთავარი აქცენტი დამნაშავის დასჯასა და მსხვერპლის სათანადო დაცვაზე კეთდებაო, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომლის თქმითაც, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება, „ადევნება“, და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ ამდევნებლად შეიძლება განხილული იყოს პარტნიორიც, ყოფილი ან მოქმედი მეუღლეც, ერთად. ჩნდება ფსიქოლოგიური ძალადობის ცნებაც და დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ძალადობა, განხორციელებული შშმ პირებისა და ბავშვების მიმართ, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება. ამასთან, თეა წულუკიანის თქმით:

„სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, იქნება ეს სკოლაში თუ სკოლის მიღმა, ჰქონდეთ ვალდებულება, რომ თუ ხედავენ, რომ ადამიანი, ვისთანაც მათ აქვთ შეხება, არის ან შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მით უმეტეს, ბავშვის შემთხვევაში, ჰქონდეთ ვალდებულება, რომ ეს შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს პოლიცია და შემაკავებელი ორდერი არ საჭიროებდეს მოსამართლის ჩარევას, ვინაიდან მოსამართლის ლოდინში გადის დრო, რაც არ უნდა პროფესიული და მოწადინებული იყოს სასამართლო, და გვინდა პოლიციას რეალური ბერკეტი შევძინოთ, იმისთვის რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ქალია თუ მამაკაცი, იყოს დაცული“.

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის, იურისტ ბაია პატარაიას თქმით, წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებში უმნიშვნელოვანესი სიახლე არის ის, რომ რეალურად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი გარდაიქმნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონად:

„ანუ ის დაიცავს ყველა ქალს და არა მარტო იმ ქალებს, რომლებიც ოჯახის შიგნით განიცდიან ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი მუხლები - ეს არის „ადევნება“, იგივე გადაკიდება. მსგავსი მუხლი საერთოდ არ არსებობდა ჩვენს კანონმდებლობაში, პრობლემა კი ძალიან სერიოზულია. ასევე შემოდის ისეთი მუხლი, როგორიც არის „იძულებით სტერილიზაცია“. ამ მუხლსაც საქართველოს კანონმდებლობა აქამდე არ ცნობდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში ჩაიწეროს „პარტნიორი“, როგორც ადამიანი, რომელსაც შეიძლება ბრალად დაედოს ოჯახში ძალადობის დანაშაული“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა აბაშიძის თქმით, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმოადგინა რეკომენდაციების სია, სხვათა შორის, იმის თაობაზეც, რომ კანონში აისახოს შშმ ქალების საჭიროებები, რაც საკანონმდებლო ინიციატივას გამორჩა. თუმცა ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ, აღსრულების მექანიზმის დაუზუსტებლად, წარმოდგენილი ძალიან კარგი ცვლილებებიც კი აზრს დაკარგავს:

„ამას თუ არ მოჰყვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, იმავე ორდერების ეფექტურობისთვის განსახორციელებელი მთელი რიგი ღონისძიებები, უბრალოდ, ეს შეხვედრა, რომელსაც ვესწრებით, აზრს იქნება მოკლებული“.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ პროგრამების სპეციალისტ თამარ საბედაშვილის თქმით, აღსრულების მექანიზმის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია პოლიციის მიერ გაცემული ორდერების მონიტორინგი:

„მსხვერპლი უნდა იყოს მუდმივ კონტაქტზე პოლიციასთან და თუ ოდნავი მცდელობა მაინც იქნება მოძალადის მხრიდან დაირღვეს შემაკავებელი თუ დამცავი ორდერი, რეაგირება უნდა მოხდეს. განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მაღალი რისკის პირობებში გამოიყენება ე.წ. ბრასლეტები, რომელიც მოძალადეს ფიზიკურად უშლის ხელს, რომ მიუახლოვდეს. ჩვენთან ეს არ არის დანერგილი და ჩვენი დიდი სურვილია, რომ დაინერგოს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს მნიშვნელოვნად ამოავსებს, ამბობს დეპუტატი თამარ კორძაია:

„ის ხარვეზები, რაც არსებობს დღეს ოჯახის წევრის ცნების განმარტებაში, რომელიც არ მოიცავდა ყოფილ პარტნიორს და აუცილებლად იგულისხმებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ეს ხარვეზები სრულად აღმოიფხვრება და კანონი სრულად დაფარავს შესაძლო მოძალადისა და მსხვერპლის როლში ვინ შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში“.

საკანონმდებლო ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სექტემბერში მიმართავს. მანამდე კი ინტენსიური შეხვედრები იგეგმება რეგიონებში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG